ცალკე აღნიშვნის ღირსია ამირან დოლიძის ფილმი „ცხოველი“, რომელიც ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა. ფილმი მოგვითხრობს ძმების ცხოვრებას, რომლებიც მამასთან ცხოვრობენ. უმუშევრობა, ქუჩაში დგომა, ნარკომანია, ცოლშვილიანი ძმის მატერიალური სიდუხჭირე და საზღვარგარეთ წასვლის ზედაპირული სურვილი. ყველაფერი ეს ერთმანეთზე ზემოქმედებს და ერთმანეთში გადადის. მთავარი გმირი არც ქუჩის ბიჭების მენტალიტეტს იზიარებს, მაგრამ არც მათთან დაპირისპირებული პერსონაჟია. ყოფითი პრობლემები კიდევ უფრო ამწვავებს დაუნდობელ ტოტალურ გარემოს.

ფილმში დროდადრო ახლო ხედით ჩანს ჭიანჭველები, ხოჭო რომელიც კაფკას პერსონაჟივით ზურგზე წევს და გადმობრუნებას ცდილობს. ჭიები, რომელსაც ბავშვი დაბადებს. არც ერთი ეს კადრი არ ჰგავს მეორეს, ყველა მათგანს თავისი ორიგინალურობის ხიბლი აქვს. მეორეს მხრივ, თითქოსდა ისინი ტყუპისცალებივით ჰგვანან ერთიმეორეს. მძიმე სივრცით დატვირთული კადრების მიღმა, ყოველთვის ერთიდაიგივე ტანჯვა-წამების, მარტოობის, ჯვარცმისა და ამაღლების ალეგორიას ამოიკითხავ. ეს კადრები, რომლებიც ფილმის საინტერესო დეტალად შეგვიძლია მივიჩნიოთ, თითქოს ცდილობენ კაცობრიობის მარადიული გაყოფისა და გამთლიანების მეტაფორა გამოხატონ.

„თუ ადამიანი თავის თავს გარედან შეხედავს, მაშინ ის ტრანსცენდირებს თავის არსებას იმ ვითარებასთან მიმართებაში, რომელშიც ის იმყოფება, ის ტრანსცენდირებს ვითარებას. ამის ბიძგის მიმცემია მისი მეორე დაბადება უცნობ ფარულ სამშობლოში, რომელიც არსად არსებობს, ეს არის მეტაფიზიკური სამშობლო… ამგვარად, ტრანსცენდირების აქტი არის ადამიანის ევოლუციის, ადამიანური არსების განმსაზღვრელი“. (მ. მამარდაშვილი – „ჩახშული ფიქრი“, თბ. 1992 წ.). სიცოცხლე თავისთავად არც სიკეთეა და არც ბოროტება; იგი სიკეთისა და ბოროტების შესაყარია, მთავარია, ადამიანი რად აქცევს მას. „ცხოველი“ იწყება იმ ეპიზოდით როდესაც სალოსს მიჰყავს მგელი, ცხოველი რომელიც ცოდვილს ეძებს და ჭამს. ფილმი მაშინ უახლოვდება შინაგანი გადაწყვეტილების წერტილს, როდესაც გმირის ხედვაში უფასურდება ის, რაც მანამდე ღირებული იყო.

კინოსურათში მთავარი გმირი თავისი თავის მაძიებელი არსებაა, რომელმაც თავისი არსებობის ყოველ მომენტში უნდა დაადგინოს და კრიტიკულად განსაჯოს ამ არსებობის პირობები. ფილმის ფინალში საფლავის გაძარცვის შემდეგ სწორედ ეს პირობები ირღვევა. რა მომენტშიც ირღვევა პიროვნული პრინციპები, ჩნდება ცხოველი. ყოველდღიური ყოფაცხოვრებისთვის აუცილებელი ფულისთვის ჩადენილი მკვდრის ძარცვა, მისი შინაგანი ფორმის დარღვევას იწვევს. გზა რომლითაც ნაქურდალით უკან ბრუნდება ჰენდრიქსი (მთავარი გმირი) ერთგვარად უცნობი ბილიკია, გზა რომელიც მარტომ უნდა გაიაროს.

Millimeter Films-ში გაკეთებული ამ ფილმის გარდა, ამირან დოლიძეს გადაღებული აქვს რამდენიმე საინტერესო დოკუმენტური პროექტი, მათ შორის „განძი“, „მე, სამფეხა და ზურაბ რთველიაშვილი“, „რეპეტიცია“, „მერე იტყვიან: ხომ გეუბნებოდით გიჟიაო“.

გიორგი გერსამიას „პურის სუნი“ ჯალათის ისტორიაა, რომელსაც სისხლიანი ლუკმა მიაქვს თავის პატარა შვილებთან. შემზარავია ოჯახურ მყუდროებასა და სითბოს უკან სისხლის ფასად მოპოვებული ლუკმა. ფილმი გამოირჩევა სამსახიობო შესრულებით, ზუსტად შერჩეული ტიპაჟი და ფილმის ფერის დრამატურგიული დატვირთვა კარგად გადმოსცემს საბჭოთა წითელი რეჟიმის არსს. ეპიზოდების გადაადგილებით შეიძლებოდა დრამატურგიულად უფრო საინტერესოდ განვითარებულიყო სიუჟეტური ხაზი და ბანალურად არ მისულიყო მორალურ ფინალამდე.  ფინალური კადრი ჯალათი მამა, რომელმაც იცის რის ფასად არის მოპოვებული შავი პური, მიდის სახლში სადაც შვილები ეხუტებიან.

ადამიანის ცხოვრებაში არის ასეთი მომენტი, როცა მას გარე სამყაროს მზერა მოსწყინდება და მხოლოდ საკუთარი სულის დაკვირვება და მარტოობა მოენატრება. „ბამბის ნაყინი“ (რეჟ. ვაჟიკო ჩაჩხიანი)  ბებიისა და შვილისშვილის საცირკო სანახაობის ეპიზოდით იწყება. გარეული ცხოველები პუბლიკის წინ ასრულებენ  ნომრებს, რაზეც ბავშვები გულიანად იცინიან. ცხოვრება ცირკია, ადამიანის ცხოვრება სასაცილოა შორიდან და ტრაგედიაა ახლო ხედიდან. მთავარ გმირს არასდროს უსაუბრია საკუთარ თავთან და სწორედ ცირკში, მხეცების და კლოუნების გარემოცვაში საკუთარ თავთან უშუალო მიმართების განცდა ეუფლება. რა მომენტშიც დაიწყებს საუბარს საკუთარ თავთან იწყება კონფლიქტი, რადგან განდობა საკუთარ თავთან ცვლის მის ფისქოემოციურ ველს.

სიმბოლურია, რომ საკუთარი სისუსტეების აღმოჩენა ცირკში ხდება. ბავშვისთვის ნაყიდი ბამბის ნაყინის ფერი, ბებიის ქურთუკის ფერია. ფილმში დრო და დრო ჩნდება კადრი: სახლი კუნძულზე, ეს ბურუსიანი კადრი, – შეცნობის წერტილივით არის შეუცნობლობის ოკეანეში. ფილმის მოულოდნელი ტრაგიკული ფინალი არ უტოვებს მაყურებელს ამოსუნთქვის საშუალებას. ცხოვრების ერთი შინაგანი მდგომარეობიდან სხვა მდგომარეობაში გადასვლა არ რჩება შინაგან აქტად, არამედ სუბლიმაციას განიცდის გარე გამოვლინებაში, რაც მოულოდნელი ტრაგიკული ფინალით მთავრდება. მესიჯი წარსულიდან ცვლის მომავალს და იღუპება ბავშვი.

 

1 2 3