„ხელოვნების პროცესი სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება

საკუთარ თავში ჩაღრმავების ფსიქოდრამას“

ბორის გროისი

 

მოკლემეტრაჟიანი ფილმის შექმნა არ არის იოლი საქმე. არანაკლებ დიდ ოსტატობას და პროფესიონალიზმს მოითხოვს, ვიდრე სრულმეტრაჟიანი. სირთულე იმაშიც მდგომარეობს, რომ ფილმში ყველა რგოლი: რეჟისურა, დრამატურგია, მსახიობების თამაში… არ გუობს მცირეოდენ შეცდომასაც კი, რასაც, ვთქვათ, სრულმეტრაჟიანი ფილმი აიტანდა. დიდ ფილმში კონკრეტული სუსტი სცენა მთლიანად ფილმში ჩაიკარგებოდა. შორთფილმში კი, მცირე ქრონომეტრაჟი მაყურებელის მიერ ფილმის აღქმის მთლიანობაზე გადამწყვეტად მოქმედებს. აქ მცირედი უზუსტობა და ჩავარდნილი ეპიზოდი მაყურებელს თიშავს მთლიანი ფილმის აღქმისგან. მოკლემეტრაჟიანი ფილმები უკიდურესად დახვეწილ სცენარს და დაწურულ დრამატურგიას მოითხოვს.

2018-2019 წლის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმებიდან რამდენიმე მათგანს გამოვყოფთ.

„ზამთარი, რომელიც არ ყოფილა“ (რეჟისორი: ვაჟიკო ჩაჩხიანი, სცენარი: ვაჟიკო ჩაჩხიანი, ნუცა წიქარიძე) ალეგორიული და ერთგვარად რებუსი ფილმია. მთავარი გმირი ზღვიდან კლასიკური გმირის მსგავს, ბეტონის მონუმენტური ქანდაკების ამოტანას უყურებს.  ამ ძეგლის იერსახე საოცარი სიზუსტით ჰგავს პროტაგონისტს. ჯიმშერ ბერძენიშვილის გმირი თოკით გამობმულ ძეგლს ავტომაგისტრალზე მიახოხიალებს, სანამ ქალაქში ჩავა მხოლოდ თოკი დარჩება. ფილმიც სრულიად ლოგიკურად, თუ მოულოდნელად, აქ მთავრდება. მეტაფორულად ფილმი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ხშირად ადამიანისთვის აღმოჩენაა მთავარი და არა მისი რეპრეზენტაცია. იდეას სჭირდება წარდგენა და შესაბამისი ფორმის მორგება. ამ კაცისთვის კი ისე გამოდის, რომ მხოლოდ ძეგლის წყლიდან ამოღება იყო მნიშვნელოვანი. რადგან ძეგლი პროტაგონისტს ჰგავს, შეიძლება ეს მისი წარსულია – ის სახესიმბოლო, რომელიც გაილია  წლების სვლასთან ერთად, ისე როგორც ეს ძეგლი დაილია გზაზე ხოხიალის დროს. წლები გადის და ადამიანისგან არაფერი რჩება. ეს უბრალოდ წარსულისგან გათავისუფლების ისტორიაა. ფილმის ბოლოს, ავტობუსში მჯდარი წვერულვაშიანი ბიჭი ფრიად ჰგავს ამ უფროსი თაობის კაცს, რომლის მანქანას მხოლოდ თოკიღა შერჩა. ცხადია ესეც შეგვიძლია ერთგვარ ალეგორიად აღვიქვათ.

გიგა ხაინდრავას ფილმი „დაცვის პოლიციელი“, პოლიციელებზე მოგვითხრობს. არაეფექტურ სისტემაზე, ადამიანის პატიოსნებაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოზე და უპასუხიმგებლობაზე. მოსაწყენი, უინტერესო სამსახური თანამშრომლებს უბიძგებს ერთის მხრივ უგულოდ მოეკიდონ თავის მოვალეობას, მეორეს მხრივ სამსახურეობრივი წესის დარღვევის ხარჯზე, დახმარების ხელი გაუწოდონ ქარხანაში მომუშავე ხელოსნებს, რომლებსაც აღებული შეკვეთის დასრულება უნდათ. ცხადია ეს ყოველივე არ დარჩება დაუსჯელი.

შელოცვების თემას ეძღვნება ანა კვიჭიძის „დელგმა“, ფილმი მოგვითხრობს რეგიონში ხალხური თქმულებების და ცრურწმენების შესახებ, რომელიც ძველი დროიდან შემორჩენია დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას. დიდი წვიმების დროს, ფოლკლორული გადმოცემის გაცოცხლება – რიტუალის მეშვეობით ბუნებრივ მოვლენებზე გავლენის მოხდენის მიზნით, დღესდღეობით ნამდვილად აღარ არის არსებითი. თუმცა, ფილმში ახალგაზრდები სწორედ ამას აკეთებენ. კინოსურათში არაბუნებრივი თეატრალური დიალოგები, არადამაჯერებელს ხდის ფილმში განვითარებულ მოვლენებს და მაყურებელს ფილმის აღქმიდან თიშავს. ახალგაზრდა ავტორის ეს სადიპლომო ნამუშევარია. რეჟისორს მომავალში წარმატებას ვუსურვებთ.

უაღრესად საინტერესო ფილმია „ცუდი ხალხი“ ( რეჟ. გიორგი თავართქილაძე), რომელიც 90-იანი წლების მოვლენებს ეხება. უმაღლესი დონის სამსახიობო ოსტატობა,  დამაჯერებელი ფონი და რეჟისორის შეკრული, დახვეწილი დრამატურგია ერთ მხატვრულ მოდელშია გაერთიანებული. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ფილმში რეჟისორი არ გამოხატავს არცერთი დაპირისპირებული მხარის პოზიციას. რეჟისორის მიზანი სწორედ ის არის, რომ დისტანცირება მოახდინოს ყოველგვარ ძალასთან. ავტორი გარეშე თვალით ობიექტურად და მაქსიმალურად რეალისტურად უყურებს მოვლენებს. თბილისის ომის ეპიზოდები და ცოცხალი ურთიერთობები, რასაც მაყურებელი ეკრანზე ხედავს ერთმნიშვნელოვნად გაახსენებს წარსულს ან მკაფიო წარმოდგენას შეუქმნის თბილისის სამოქალაქო ომზე. ფილმი სრულდება მერაბ კოსტავას სიტყვებით, რაც ერთგვარად რეზიუმეს უკეთებს ფილმს.

 

1 2 3