რეჟისორების მაღალმხატვრული ხედვა და საინტერესო ჩანაფიქრის ორიგინალურად წარმოსახვის უნარი იკვეთება ფილმში „ღამის მორიგე“. ეს ღია ფინალის ფილმია, სადაც დამნაშავის ძიებას ცოლ-ქმარი რეჟისორები ჯანაშია-გაბუნია მაყურებელს მიანდობენ. კარგად აწყობილი დიალოგები და ოპერატორის მაღალპროფესიული ნამუშევარი ფილმს ნატურალურ გარემოს უქმნის. რაც ფილმში ხდება ნამდვილია. ეს სრულიად დასაფასებელია, რადგან ქართული კინო რიგ შემთხვევაში სიყალბით გაჯერებულ თეატრალიზებულ ფილმებს ნამდვილად არ მოისაკლისებს.

 

„დიალექტი“ (რეჟ. დავით გურგულია) ერთგვარად ენიგმა ფილმია. ხმის ინჟინერი მითრა ცდილობს ტექნიკური აღჭურვილობით ღმერთის ენის ჩაწერა-შესწავლას. ადგილი, სადაც მითრა მიდის მისტიკურია, საკრალურობა ნაკრძალის ყველა რიტუალში ვლინდება. ღმერთის ენის ჩაწერა და გამრავლება შეუძლებელია, ღმერთის ენაზე მოსაუბრეები იცვლებიან მას შემდეგ რაც მათთან მითრა იწყებს ცხოვრებას.

გიორგი გეთიაშვილის „ნოემბერი“ მომავალი ფილმის ესკიზებად შეიძლება მივიჩნიოთ, სადაც სხეულის ენისადმი რეჟისორის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩანს. ავტორი თუ ამ ხაზს გააგრძელებს ქართულ კინოში უაღერსად საინტერესო ფილმებს უნდა ველოდოთ.

კინოს ფსიქოტრონული ზემოქმედების უნარი გააჩნია. მთელი მისი სიდიადე და საიდუმლო ის არის, რომ გვაქცევს მაყურებლად ანუ გვათავისუფლებს მეტაფიზიკური მიზეზთა ჯაჭვისგან. ჩვენ ამ ჯაჭვის რგოლი აღარ ვართ, ამიტომ ფილმში საგან-მოვლენები გადაიშლებიან მთელი სისრულით. „ადამიანის არსებობის საიდუმლო მხოლოდ იმაში კი არ მდგომარეობს, რომ იცოცხლოს, არამედ იმაში, რომ იპოვოს ისეთი რაღაც, რისთვისაც სიცოცხლე ღირს“ (დოსტოევსკი). შეიძლება ითქვას, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთ-ერთი საიდუმლოც ეს არის, რომ ფილმმა შეგვაგრძნებინოს ცხოვრების ის უცნობი კანონი, სამყაროს აღქმის ის მისტიკური პრიზმა, რაზეც მაყურებელს აქამდე არ უფიქრია.  ისმის კითხვა: ახერხებს კი ქართული კინო ამას? განსაკუთრებით მწვავედ ეს კითხვა  მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიმართ აღიქმება, რომელთა ავტორებისათვის ხშირად შორთფილმი მათი სადებიუტო ნამუშევარია.

                                                                                         

 

                                                                                                                      

1 2 3