ფილმის ავტორები მეორე ინტერნაციონალის ლიდერებსაც დასცინოდნენ, რომელნიც ჩამოსულნი იყვნენ საქართველოში და სიხარულს გამოთქვამდნენ ახალი რესპუბლიკის შექმნის გამო. საქმე აქაც ტენდენციურ მონტაჟთან გვაქვს – ქრონიკაში ჩასმულია დემონსტრაციების დარბევა და საზღვაო ბრძოლები. ამ კოლაჟში გამოყენებულია დაკარგულად მიჩნეული, 1920 წლის გორის მიწისძვრის სამი პლანი (ხედი), როგორც ჩანს ქრონიკებიდან პოზიტივების ამოჭრა მტკიცედ დამკვიდრებული პრაქტიკა (ე.წ. რეპრესირება) იყო. 1937 წელს რეპრესიების დროს კიდევ ერთხელ „გაიწმინდა“ არსებული კინოფირები. მასალები მოსკოვში გაიგზავნა მოგვიანებით ზოგი დააბრუნეს, მაგრამ რა დარჩა იქ და რა დააბრუნეს არავინ იცის, რადგან ჩვენშიც – კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ – არსებობდა „სპეცგანყოფილება“, სადაც ყველა „საეჭვო“ მასალა ინახებოდა. 1959 წელს შეიქმნა საქართველოს კინოარქივი, რომელმაც დაიწყო სტუდიებში დაცული ფირების თავმოყრა. რა თქმა უნდა, კნოარქივის თანამშრომლებს „საიდუმლო ფონდთან“ არავინ მიუშვებდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრების ამსახველი ის ფირები რისი მოძიებაც მოხერხდა, დღეს კინოარქივშია დაცული. დოკუმენტური ფილმების სტუდიის „საიდუმლო ფონდი“. მისი სულისჩამდგმელის პანკოვის გარდაცვალების შემდეგ სტუდიის საწყობში გადაიტანეს, რა თქმა უნდა მისი ხელის ხლება არავის შეეძლო. 1981 წლიდან ნინო ნატროშვილმა, რეჟ. ანდრო ჭიაურელმა, ოპერატორმა ლერი მიხანაშვილმა და ალეკო ყველაშვილმა, ხმის ოპერატორმა მადონა თევზაძემ, კომპოზიტორმა თეიმურაზ ბაკურაძემ გადაწყვიტეს აღედგინათ დაზიანებული ფირები და მთელი არსებული მასალა სიუჯეტურად დაეწყოთ, მისთვის ისეთი სახე მიეცათ, როგორიც თავის დროზე უნდა ჰქონოდათ ე.ი. კი არ უნდა მომხდარიყო, ამა თუ იმ მოვლენის შეფასება (როგორც ეს მიხ. კალატოზიშვილმა გააკეთა), არამედ მხოლოდ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, ამიტომ ძირითადი საინფორმაციო ფუნქცია ტიტრებს დაეკისრა, სადაც ტიტრებში შემორჩენილი იყო პირდაპირ გადმოიტანეს, ზოგან კი იმდროინდელ გაზეთებს დაესესხნენ, ან თავად შეადგინეს სტილთან მისადაგებით, მაგრამ თანამედროვე მაყურებლისათვის ბევრი რამ გაუგებარი რჩებოდა, ამიტომ ამა თუ იმ მოვლენის ასახსნელად, მასალას დირექტორის კომენტარი დაურთეს. საბოლოოდ გამოვიდა ორი დოკუმენტური ფილმი: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რამდენიმე დღის ქრონიკა“ და „საქართველოს უკანასკნელი ომი“. აღსანიშნავია, რომ „მათი სამეფოს“ ავტორის – მიხეილ კალატოზიშვილის შემდგომი ფილმი „უსინათლო“, რომელიც რეჟისორმა 1929 წელს სვანეთში გადაიღო. საზოგადოებრივი განხილვის შემდეგ დაიწუნეს, ეკრანებზე არ გაუშვეს და თაროზე შემოდეს. სურათი მკაცრად გააკრიტიკეს, როგორც ფორმალისტური ნაწარმოები. შემდეგ „უსინათლო“ სადღაც დაიკარგა, დღეს მის შესახებ მსჯელობა, მხოლოდ მოგონებების და ფოტოების მიხედვით შეგვიძლია. მაგრამ ქართული კინოს ისტორიაში მოხდა პარადოქსული რამ „უსინათლოს“ ნარჩენებისაგან და სვანეთში გადაღებული ხედვითი მასალისაგან მიხეილ კალატოზიშვილმა შექმნა ფილმი „ჯიმ შვანთე“, რომელიც ნამდვილი კინოკლასიკადაა აღიარებული. თამამად შეიძლება ითქვას: „უსინათლო“, რომ არ აეკრძალათ, „ჯიმ შვანთე“ არ გვექნებოდა. შესაძლოა, „უსინათლოს“ სახით ქართულმა კინომ შედევრი დაკარგა, მაგრამ უკვალოდ არ დაუკარგავს, ის თავისებური სახით „ჯიმ შვანთეში“ შემორჩა.

(მომზადებულია ქართულ პრესაში მოძიებული მასალების მიხედვით)

 

 

1 2 3