საქართველოში 17 ქართული ფილმის შუალედური პოზიტივი რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ კვირას დაბრუნდება. ფილმები, რომლებსაც საქართველოში ჩამოიტანენ, ძირითადად ოციან წლებს განეკუთვნება, თუმცა მათ შორის არის „მონანიებაც“ (1986 წ.), რომლის ჩვენებას 2 წელია ითხოვს კანის კინოფესტივალი სექციაში – Cannes Classics, თუმცა საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო ტექნიკურად შეუძლებელი იყო ფილმის კანის ფესტივალის სექციაში ჩართვა.

 

1. „მათი სამეფო“ (1928) – რეჟისორები მ. კალატოზიშვილი, ნ. ღოღობერიძე;

2. „ხანუმა“ (1926);

3. „ორი მონადირე“ (1927);

4. „ჯანყი გურიაში“ (1928) – რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა;

5. „გოგი რატიანი“ (1927);

6. „კრაზანა“ (1928);

7. „კომუნარის ჩიბუხი“ – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;

8. „ბელა“ (1927) – რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი;

9. „გიული“ (1927) – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია;

10. „იბრაჰიმი და გოდერძი“ („პირველი და უკანასკნელი“ – 1927);

11. „ღრუბელთა თავშესაფარი“ („ცხოვრებასთან შეხვედრა“ – 1928) – რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი;

12. „ნორჩი მფრინავი“ (1928) – რეჟისორი ნიკოლოზ კახიძე;

13. „ქალი ბაზრობიდან“ (1928) – რეჟისორი გიორგი მაკაროვი;

14. „ახალგაზრდობა იმარჯვებს“ (1928) – რეჟისორი მიხეილ გელოვანი;

15. „ჩემი ბებია“ (1928 -ძველი ვერსია) – რეჟისორი კოტე მიქაბერიძე;

16. „საბა“ (1929) – რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი;

17. „მონანიება“ (1986) – რეჟისორი თენგიზ აბულაძე;

 

ეს იმ ფილმების სიაა, რომლებიც საქართველოში ბრუნდება. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსს – ნანა დოლიძეს გავესაუბრეთ.

უპირველეს ყოვლისა, მადლობა უნდა გადაგიხადოთ ამ დიდი საქმის ორგანიზებისათვის. ვინ არის ქართული მხრიდან ჩართული მოლაპარაკებებში და რა სირთულეს შეხვდით? თუ არის აბსოლუტური მზაობა რუსული მხრიდან?

– პრაქტიკულად მოლაპარაკებების ეტაპი გადალახულია, ის 2014 წლიდან 2016 წლამდე მიმდინარეობდა და რამოდენიმე მხარე იყო ჩართული. ეხლა მხოლოდ შეთანხმებული პირობების შესაბამისად სამუშაო რეჟიმზე ვართ გადასული. როგორც სამინისტრო, ასევე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

რა პროცედურებს მოიცავს ფილმების დაბრუნება საქართველოში, უკვე რამდენი ფილმი დაბრუნდა და ამ ეტაპზე რა მდგომარეობაა?

– პროცედურა მოიცავს კინომცოდნეების კომისიის მიერ შერჩეული ფილმების სიის დამუშავებას და ამ სიის მიხედვით უკვე საწყისი მასალების და ე.წ. სამუშაო პოზიტივის დამზადებას, რომლის დასრულების შემდეგ ადგილზე ხდება ხარისხის გაკონტროლება, საფილმო მასალების ნახვა და თუ ყველაფერი კარგად არის, ფილმები საქართველოში ჩამოგვაქვს. დღეისთვის 51 მხატვრული ფილმია ჩამოტანილი, მართალია ეს ციფრი ძალიან მცირეა იმასთან შედარებით თუ რა რაოდენობაც იქ ინახება, თუმცა ჩვენ მზად ვიყავით ეს რაოდენობა გაგვესამმაგებინა 2019 წელს, მაგრამ ობიექტურად შექმნილმა გარემოებებმა ხელი შეგვიშალა. გოსფილმოფონდს ფირთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა და ვერ მოხერხდა ერთჯერადად 17 ფილმზე მეტი ჩამოგვეტანა.

როგორ პირობებში ინახება რუსეთში არსებული შუალედური პოზიტივები და სად ჩამოგვაქვს, საქართველოში არსებული საცავი თუ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს?

– რა თქმა უნდა, იქ დაცვის და შენახვის პირობები სრულად არის დაცული, წინააღმდეგ შემთხვევაში დღევანდლამდე ვერც მოაღწევდა. თუმცა, მოგეხსენებათ საცავში სადაც მილიონობით საფილმო მასალაა, რთულია თუნდაც გეგმიური რესტავრაცია სრულყოფილად უზრუნველყო. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ თავად ფირები საკმაოდ ხანდაზმულია და ამასთან ექსპლუატირებულიც. ამიტომაც, გადაწყვეტილება იქნა მიღებული თავდაპირველად სწორედ 20-ანი წლების ფილმები ჩამოგვეტანა. გარდა იმისა, რომ საწყისი მასალები დღეისათვის არსებულ ყველაზე ხარისხიან მატარებელზე გადადის, თავად ორიგინალების აღდგენა/რესტავრაცია, წმენდაც მიმდინარეობს. გამოდის რომ ამ პროექტის ფარგლებში როგორც აქ, ასევე იქაც ორიგინალებს სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ. საქართველოში ეს ფილმები ეროვნულ არქივში ინახება, ვინაიდან მხოლოდ მათ გააჩნიათ მემკვიდრეობის შენახვისა და დაცვისთვის შესაბამისი პირობები. თუმცა, ეს რესურსიც შეზღუდულია და ფიზიკურად შეუძლებელი იქნება სრულად მთელი კინომემკვიდრეობის ეროვნულ არქივში შენახვა. სწორედ ამიტომ დიდი და საპასუხისმგებლო მუშაობაა ჩასატარებელი, რომ საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების კინოარქივი აშენდეს, რომელსაც შენახვის გარდა „სინემატეკის“ ფუნქცია ექნება.

თუ გაგრძელდება მომავალში დაბრუნების პროცესი და კონკრეტულად რომელი ფილმები დაბრუნდება?

– გაგრძელდება კიდეც და უფრო გააქტიურდება და ეს შეეხება ყველა ფილმს რომელიც გოსფილმოფონდშია დაცული. უფრო მეტიც, მემკვიდრეობა მხოლოდ დასაცავად არ უნდა არსებობდეს, მან სიცოცხლე უნდა გააგრძელოს და ამისთვის შესაბამისი ფორმების ძიებაც მიმდინარეობს. ამასთან მნიშვნელოვანია კვლევითი და სამეცნიერო საქმის გააქტიურება, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ კინოს ისტორია, არამედ ქვეყნის და ეპოქის ისტორიაა. და უმთავრესი, ის არის რომ ეს ისტორია მაყურებლამდე მივიდეს. სწორედ ამ მიზნით ჩვენ ვთანამშრომლობთ კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ სადაც სტუდია „მემატიანეში“ შექმნილი ფილმების (დაახლოებით 25 000-მდე კინორგოლი) არქივიზაცია და ნაწილობრივი აციფვრის პროცესი უკვე 3 წელია მიმდინარეობს. ძალიან აქტიურად ვთანამშრობლობთ საქართველოს ეროვნულ არქივთან, სადაც „გოსფილმოფონდიდან“ ჩამოტანილი ფილმების დიგიტალიზაციის პროცესი 2019 წლიდან დავიწყეთ და წელს 8 ფილმის აღდგენა და აციფვრა განხორციელდება. ერთ-ერთი უკვე კანის ფესტივალზეც იქნა წადგენილი „კლასიკის“ სექციაში, ელ. შენგელაიას და თ.მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი“. ეს პროცესი რა თქმა უნდა კიდევ უფრო გასააქტიურებელია, თუნდაც იმიტომ რომ როდესაც მ.კალატოზიშვილის და ნ.ღოღობერიძის დაკარგულ ფილმს „მათი სამეფო“ მივაგენით, მისი ნახვის სურვილი ექნება ყველას და რაც უფრო სწრაფად ვიმოქმედებთ და მის ციფრულ რესტავრაციას მოვახდენთ, მით უფრო სწრაფად მივა მაყურებლამდე. ვფიქრობ რომ საუკუნე ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ იცოდე რომ „არსებობს“, მაგრამ შესაძლებლობა არ გქონდეს „საკუთარი თვალით ნახო“.

 

1 2 3