იტალიური ქალაქები

 

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, დიდი იტალიური ქალაქების ცხოვრების სტილი ქაოტური ხდება. ურბანული იტალია უამრავი სოციალური პროცესის აღრევის ეპიცენტრად იქცა. ამ პერიოდში სწრაფი ტემპით იწყება ახალი ინდუსტრიული პროექტები, რომლებმაც ერთის მხრივ უნდა აღმოფხვრას ომის მიერ გამოწვეული ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური კოლაფსი, მეორეს მხრივ კი, გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს იტალიის სამომავლო ეკონომიკური სტაბილურობის საკითხში. ინდუსტრიულ ბუმს მუშახელი სჭირდებოდა, რასაც უკიდურესად გაჭირვებული და კრიმინალური სამხრეთ იტალიიდან ჩრდილოეთსა და ცენტრალურ იტალიაში უამრავი ადამიანის გადაბარგება მოჰყვა. მიუხედავად ქვეყნის აქტიური მოძრაობისა, ქალაქების ღრმა პერიფერიებში პროცესი მაინც ჩიხში შედის. გლობალური ინდუსტრიული პროცესები ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომ ადამიანებს განსაკუთრებულ შვებას ვერ ჰგვრიდა, რადგან ქალაქებში სამუშაო ადგილზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა, ხოლო დასაქმებულთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე მათი გასამრჯელოც მიზერული იყო.  იტალიის დიდი ქალაქები ჰგავდა გზააბნეულთა გიგანტურ რეზერვაციებს. განსაკუთრებით თვალშისაცემი გახლდათ გარეუბნები. გეტოები, რომლებშიც ერთმანეთში აიზილნენ ნახევრად მშიერი მიგრანტები და ადგილობრივი მარგინალები, რომლებიც დიდად არც იკლავდნენ თავს, რომ სამსახური ეპოვათ და თავს წვრილმანი კრიმინალური ქმედებებით ირჩენდნენ.  გეტოების მკვიდრი რეციდივისტების შეხედულებები გაუცნობიერებლად ანარქიზმისკენ იყო მიდრეკილი. ისინი სახელმწიფოს მტრად, პოლიციას სახელმწიფოს ხელქვეითად, ხოლო ოფიციალურ სამსახურს მონურ მორჩილებად აღიქვამდნენ. მათი ძირითადი საქმიანობა ჯიბის ქურდობა და პროსტიტუცია იყო.

 

აქ არაფერია კარგად

 

1955 წელს პიერ პაოლო პაზოლინის რომანი – „Ragazzi di vita” გამოვიდა. ამ რომანში არიან რომაელი ბიჭები, რომლებიც მთელს დღეს ქუჩაში ატარებენ, ამცირებენ და ძარცვავენ ადამიანებს, დასცინიან მეძავებს… მათი ფანტაზია უსაზღვროა და ზოგჯერ სისასტიკის გაუგონარ მაშტაბებსაც აღწევს. მაგალითად, ამ რომანში არის ეპიზოდი, როცა ბიჭები ყრუ-მუნჯი თანატოლის ცოცხლად დაწვას ცდილობენ იმიტომ, რომ სხვა გასართობი არ აქვთ.

„Ragazzi di vita”-ში იკვეთება პაზოლინის განსაკუთრებული დამოკიდებულება რომაული ჯურღმულების მიმართ. მან ზედმიწევნით იცის ქალაქის ყველაზე ცუდი ადგილების ანატომია და მენტალიტეტი. პაზოლინი მშვენივრად ფლობდა რომაულ სლენგსაც. სლენგის ცოდნა კი დიდი პლუსია, როცა ტექსტებსა თუ ფილმებში კონკრეტულ კულტურასთან ასოცირებული ბანდიტების ალაპარაკებას ცდილობ. სწორედ ეს რომანი იყო ერთგვრი მოთელვა პაზოლინის, როგორც რეჟისორის დაბადებამდე. პაზოლინის პირველი ფილმები სწორედ რომაელ ცუდ ბიჭებზე და გოგოებზეა. ვიტორიო კატალდიც, რომელსაც ძმაკაცები „აკატონეს“ ეძახიან, „Ragazzi di vita”-ს საშინელი პერსონაჟების ერთგვარი ნაკრებია.

სხვა იტალიელი რეჟისორების ქალაქური ფილმებისგან განსხვავებით, პაზოლინის პირველი ფილმები ყოველგვარი იმედისგან და სენტიმენტებისგანაა დაცლილი. 1961  წელს გამოსულ „აკატონეს“ და ერთ წლის შემდეგ გამოსულ, რიგით მეორე „რომაულ“ ფილმ  „მამა რომას“, თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ „ურბანული ნაგავი“, საშინელი სარკე, რომელშიც არაფერია ლამაზი ანა მანიანის გარდა  და სადაც არაფერი იქნება კარგად.

შედარებისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ვიტორიო დე სიკას ფილმი „ველოსიპედის ქურდები“.

ეს ფილმი ერთი-ერთში იმეორებს იმ პათოსს, რომირგვლივ უკიდურესი გაჭირვება და განუკითხაობაა. სიტუაცია იმდენად აუტანელია, რომ დამნაშავეების მიერ დაზარალებული პატიოსანი ადამიანი თავად ხდება დამცირების და გაკიცხვის მსხვერპლი იმის გამო, რომ თითქოს უდანაშაულო ადამიანის დაჩაგვრას ცდილობს. თუმცა, ასეთი მძიმე სიუჟეტის მიუხედავად, დე სიკას ფილმში დადებითი პერსონაჟებიც არიან. არის მშრომელი მამა და მისი საყვარელი შვილი. მათ  ერთმანეთი უყვართ. ერთმანეთს ცხოვრების გაგრძელების მოტივაციას აძლევენ.  ეს გარემოება მაყურებელში იმედის განცდას აჩენს და რჩება ისეთი შეგრძნება, რომ რაღაცის გამოსწორება შეიძლება. პაზოლინისთან მსგავსს ვერაფერს ნახავთ.

„აკატონეში“ საერთოდ არ არიან პროტაგონისტები. პაზოლინი არ ცდილობს, რომ ხელოვნურად შეგვიქმნას კეთილი და ბოროტი მხარეები, რომელშიც კეთილს გამარჯვების საშუალებას დაუტოვებს. მან სხვებზე უკეთ იცის, რომ იქ, სადაც მისი პერსონაჟები ცხოვრობენ,  არ არსებობს იდეალები. „აკატონეში“ ყველა პერსონაჟი ერთ სასიცოცხლო ჯაჭვშია ჩაბმული და ერთმანეთით საზრდოობს. პერსონაჟთა ჯაჭვი პარაზიტების გაერთიანებას ჰგავს, რომელშიც ყველა ერთმანეთის საჭმელს ჭამს.  ერთის მხრივ, არის ვიტორიო, რომელიც მადალენას მეძავობას აიძულებს. მეორეს მხრივ კი, არის მადალენა, რომელსაც ვიტორიო სჭირდება იმისათვის, რომ სახლი ჰქონდეს და ქუჩის ბიჭებისგან იყოს დაცული. სინამდვილეში მათაც სძულთ ერთმანეთი. კიდევ არიან ვიტორიოს უსაქმური მეგობრები, რომლებიც ასევე ამორალურები არიან, მაგრამ ვერც რაიმე განსაკუთრებულის დაშავებას ახერხებენ, რადგან გამბედაობა არ ჰყოფნით. მათი მთავარი საზრუნავი საკვებია. ამ საკვების გამოც ერთმანეთს ატყუებენ. ფილმში არის ეპიზოდი, როდესაც ვიტორიო ნეაპოლიტანელ ბანდიტებთან ერთად სვამს და გვერდით მჯდომ ძმაკაცებს ტირილით მიმართავს, რომ თავად ვიტორიო და ისინიც, მისი მეგობრები, მოთავებული ხალხია და იმის უნარიც არ აქვთ,ნამდვილი კაცების ცხოვრებით იცხოვრონ, ანუ ქურდობა დაიწყონ. გამოდის, რომ ომის შემდგომ აღმოცენებული სახასიათო იტალიელი მარგინალი, მარგინალთა შორისაც ყველაზე დაბალ იერარქიულ პოზიციას იკავებს. მისი კარიერული ნატვრაც მხოლოდ იქამდე მიდის, რომ ოდნავ უფრო დაფასებულიდამნაშავე გახდეს. ფილმის ბოლოს ვიტორიო ოცნების ახდენას ახერხებს და ქურდი ხდება. მანამდე, ამ საკითხისადმი მისი დამოკიდებულება ორმხრივი იყო.  ის ოცნებობდა ამაზე, თუმცა  ძალიანაც ეშინოდა. ეს შიში ერთგვარი წინათგრძნობაა, რადგან „აკატონე“ სწორედ ქურდობის შემდგომ, გაქცევისას კვდება. მისი სიკვდილიც საინტერესოა. როდესაც ის კვდება ამბობს, რომ ახლა კარგადაა. გამოდის, რომ ერთადერთი რამ, რასაც მისი შველა შეეძლო, სამყაროდან გაქრობა იყო. ეს კიდევ ერთი გარემოებაა იმის საილუსტრაციოდ, რომ „პაზოლინის ბიჭები“ სრულიად გამოუვალ მდგომარეობაში არიან. მათთვის არსებობა განაჩენია.

 

ზემოთ ვსაუბრობდი სამხრეთ იტალიელ მიგრანტებზე. ისინი „აკატონეშიც“ ჩნდებიან. ვიტორიოსთან სახლში მიდიან ნეაპოლიტანელი ბანდიტები. ისინი თავს ჩიჩოს ძმაკაცებს უწოდებენ. ჩიჩო მადალენას ყოფილი სუტენიორია, რომელიც ციხეში ზის სწორედ იმიტომ, რომ მადალენამ დაასმინა. მიუხედავად ნეაპოლიტანელთა ეპიზოდური გამოჩენისა,  კარგად იკვეთება რომალეთა დამოკიდებულება სამხრეთელებისადმი, რომელიც ამ ფილმში არა დაცინვით, არამედ შიშით არის გამოხატული. თავიდან ნეაპოლიტანელები არაფერს აშავებენ, მაგრამ მათი მაინც ყველას ეშინია. ცენტრალურ და ჩრდილოეთ იტალიაში სწორედ ამ პერიოდში ჩნდება დამამცირებელი ტერმინი – „Terrone”, რომელსაც სამხრეთელების მისამართით იყენებდნენ. “Terra” იტალიურად მიწას ნიშნავს, “Terrone” კი, ის ადამიანია ვინც მიწაზე მუშაობს. ამ შემთხვევაში მიწის მუშა აღმიქმებოდა როგორც უწიგნური, ველური ადამიანი.

ნეაპოლიტანელთა შემდეგი გამოჩენა გაცილებით საინტერესოა. მადალენაზე შურისძიების მიზნით, ისინი მას მანქანაში ისვამენ, როგორც კლიენტები. სცემენ და უკაცრიელ ადგილზე ტოვებენ. ეს პაზოლინის ხელწერაა. არაადეკვატური ძალადობით, ბოროტების დემონსტრირებით ნაჩვენები ადამიანური სისუსტეები. ადამიანი, ანუ პოტენციური სადისტი. მეორეს მხრივ, ეს ეპიზოდი ლოკალური განუკითხაობის ილუსტრაციაცაა. ადამიანი, თუნდაც ოსტიელი მეძავი, რომელიც სრულიად დაუცველია ველურ გარემოში. „აკატონეს“ პერსონაჟები ნივთები არიან, რომლებსაც როგორც გინდა ისე მოექცევი და როგორც უნდათ, ისე მოგექცევიან.

პაზოლინის ასეთი რადიკალური და შეულამაზებელი დამოკიდებულება მხოლოდ ქუჩის ცოდნით და მასთან სიახლოვით არ იყო გამოწვეული.  ადამიანთა სოციალურ კოლაფსზე, საჭმლისთვის ყოველდღიურ სასიკვდილო ბრძოლაზე, გაუნათებლობაზე და სისასტიკეზე აპელირება მისი, როგორც მემარცხენე არტისტის  პოლიტიკური პოზიციაცაა. „აკატონე“ პაზოლინის პირველი კინემატოგრაფიული ტრიბუნა იყო, ირიბი პოლიტიკური განცხადებებისთვის.

 

 

 

1 2