ბახი და კადრები

 

„აკატონეში“ სპეციფიკურ და სახასიათო ტექნიკურ მახასიათებლებს ვაწყდებით. ფილმის დასაწყისშივე, ტიტრების დროს გვხვდება ფრაგმენტი სახარებიდან, რაც თავიდანვე ცხადჰყოფს, რომ ფილმის სიუჟეტში არის დაფარული თეოლოგიური ხაზი და რომ რეჟისორს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს საკითხების ქრისტიანული სიმბოლიზაციისადმი. შემდგომში, ეს ისედაც ნათელი გახდა, როდესაც პაზოლინიმ პირდაპირ ბიბლიური სიუჟეტების მიხედვით დაიწყო ფილმების გადაღება.

ამ ფილმში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხმასაც. შეიძლება ითქვას, რომ რომის გარეუბნების ხმები ცალკე აღებული პერსონაჟიც კია. ემოციური იტალიური გადაძახილები და ადგილობრივი სლენგი კადრის რეალურობის შეგრძნებას ამძაფრებს. ეს პაზოლინისთვის დიდი უპირატესობაა, რადგან ამ პერიოდში ჯერ კიდევ ტრენდული იყო პათეტიკური დიალოგები და ფილმებში რეალობის  თეატრალურ რელსებზე გადაწყობა.

რომის ლინგვისტურ ქაოსს, ბახის მუსიკა ახშობს. პაზოლინის არ სჭირდებოდა კარლო რუსტიჩელი. ის ბახით იწყებს და მთელი კარიერის განმავლობაში მისი ერთგული რჩება. ბახის მუსიკა დეპრესიული და ტრაგიკულია. ის თან დაჰყვება უაზროდ მოხეტიალე ვიტორიოს და მთელი ფილმის განმავლობაში თითქოს წინასწარ გვამზადებს მისი პანაშვიდისთვის. ბახის მუსიკა ისმის მაშინაც, როდესაც „აკატონე“ კვდება. კადრი რელიგიურ რიტუალს ემსგავსება, როცა მუსიკის ფონზე მისი ბორკილდადებული ქურდი მეგობარი პირჯვარს იწერს და ასე ცდილობს მეგობარს წესი აუგოს. ეს ეპიზოდი კიდევ ერთი ხაზგასმაა რელიგიურ სიმბოლიზმზე. სრულიად გარიყულ ადამიანებს ფასადურად მაინც სწამთ ღმერთის, მაგრამ როცა ისინი და მათი მეგობრები კვდებიან, მათთან მღვდლები არ მიდიან. პაზოლინის პერსონაჟები ღმერთმაც მიატოვა.

ვიტორიოს ცხოვრება გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა, ბახი საუკეთესო ვარიანტია მაშინ, როცა სიკვდილი გარდაუვალია.

პაზოლინი „აკატონეშიც“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ პერსონაჟებს ხშირად ვუყუროთ სახეში.  ეს არ ვრცელდება მხოლოდ მთავარ პერსონაჟებზე. ფილმის განმავლობაში ათობით ადამიანის გამომეტყველებას ვაწყდებით ახლო ხედით. ერთ ეპიზოდში  თითქმის უფუნქციო ქერა ბავშვის გამომეტყველებასაც კი, რომელიც გზაზე რაღაც სისულელეს ხატავს და აკატონეს მეგობრები ურჩევენ, რომ ისწავლოს, რადგან სხვა შემთხევაში დებილი გაიზრდება და შიმშილით მოკვდება.  „აკატონეში“ ახლო ხედის დანიშნულება არა იმდენად ესთეტიკურია, რამდენადაც სიმბოლური. ბავშვის ეპიზოდი სიმბოლურია, რადგან მისი ქმედების უაზრობაზე მიგვანიშნებს. ის მომავალი უსაქმურია „აკატონეს“ ბირჟიდან.  ახლო ხედი ასევე არავერბალური კომუნიკაციის საშუალებაცაა. მაგალითისთვის, როდესაც ვიტორიოს ვუყურებთ ახლო ხედით, ის უამრავჯერ იცვლის სახის გამომეტყველებას და ამოძრავებს ხელებს. ეს ის ქმედებებია, რომლითაც ადამიანი რაღაცის თქმას ცდილობს, ანდაც ხასიათს გამოხატავს. ამიტომ „აკატონეში“ კომუნიკაცია მხოლოდ ვერბალურ დიალოგებში არ არის ჩაკეტილი.

„აკატონე“ შავ-თეთრი ფილმია, თუმცა შეიძლება ითქვას უფრო შავ-თეთრიც კი, ვიდრე სხვა შავ-თეთრი ფილმები. გამოსახულება ძალიან მკვეთრი და მუქია, რაც ფილმს კიდევ უფრო დეპრესიულად და შემზარავად აქცევს.

 

 

 

1 2