სხვა სიკვდილი

 

ყველა, ვინც მიყვარდა – მოკვდა, ალბათ ამიტომ ვარ ცოცხალი.

რამდენიმე კვირის წინ კამიუს “უცხოს” პირველი აბზაცი წავიკითხე, გუშინწინ კი დედაჩემი მოკვდა. ორი თვე არ მყავდა ნანახი, მარტო ცხოვრობდა, სკლეროზი სჭირდა და მეზობელი უვლიდა ხოლმე, მაგრამ ძირითადად მთელი დღე მარტო იყო სახლში. საჭმელს აღარ ჭამდა, ადრე მსუქანი იყო, მაგრამ ორი თვის წინ რომ ვნახე, ძალიან გამხდარი მომეჩვენა. კუბოში უფრო გამხდარი იწვა, სახე დამჭკნარი და გაყვითლებული ჰქონდა. გასვენებაში ცოტა ხალხი იყო, ყველაფერმა ჩუმად ჩაიარა, სახლში რომ დავბრუნდი, გათბობის მილს მივეყუდე და ტირილი დავიწყე. დავიწყე რა, დამეწყო. ცოტა ხანში თავი ამტკივდა, წამალი არ მქონდა, გარეთ ციოდა და საშინლად მეზარებოდა ჩასვლა, თუმცა ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ მშიოდა და მაცივარში გამხმარი ყველის და დაკონსერვებული ბარდის გარდა არაფერი იდო და საბოლოოდ მაინც ჩავედი მაღაზიაში. აფთიაქი შორს იყო, ქარი კი ჩემს ქურთუკში შემოდიოდა და საშინლად მიყინავდა სხეულს, ამიტომ გადანათებულ მაღაზიაში შევედი, თვალები საშინლად ამეწვა. ხურდები მქონდა და ამიტომ ის მაკარონი ვიყიდე, უმად რომ ვჭამ ხოლმე და სანამ სახლში ავიდოდი, მანამდე შევჭამე. სახლში ასულს ისევ ტირილი ამიტყდა.

რომ მთხოვა, რიჟა კატა მაჩუქეო, უნდა მეჩუქებინა. იქნებ არ მომკვდარიყო.

ანაბელი თეთრ ოთახში მოკვდა. ექიმმა მითხრა, თუ რამის თქმა გინდა, ახლავე უთხარი, რადგან მალე მოკვდებაო. ჩემი ხაკისფერი ქურთუკი ოთახს არ უხდებოდა, ამიტომ მის პალატაში შესვლისას ყოველთვის ვიხდიდი ხოლმე. ექიმმა ეს რომ მითხრა, ოთახიდან გავიდა და მარტო დაგვტოვა. მე ანაბელს ხელი მოვკიდე და მის გაღვიძებას დაველოდე. რომ გაიღვიძა, ხელის მოჭერა სცადა, მაგრამ იმდენად იყო დასუსტებული, ვერაფერი გამოუვიდა და თვალებში ჩამხედა. მე ნაზად გავუღიმე.

– ჩვენი ისტორია აქ არ მთავრდება, – ვუთხარი და გვერდზე მივუწექი.

არაფერი უპასუხია. მეორე დღეს მოკვდა კიდეც.

მისი ოთახი ნარინჯისფრად უნდა შემეღება. იქნებ არ მომკვდარიყო.

მამაჩემი რომ მოკვდა ცხრა წლის ვიყავი, მანქანამ დაარტყა. მახსოვს, ირგვლივ ყველგან სისხლი იყო, ხელში რძე ეჭირა, თუმცა ბოთლი გატყდა და სისხლი და რძე ერთმანეთს შეერია. ლამაზი იყო. მკვდარი მამა რომ დავინახე, ტირილი დავიწყე. მაშინ პირველად ვნახე მკვდარი ადამიანი. იმ ღამით ვერ დავიძინე. ახლა მკვდარი ხალხის ნახვა და უძილობა ჩვევად მექცა.

რომ მთხოვა, დედა არ გააბრაზოო, არ უნდა გამებრაზებინა. იქნებ არ მომკვდარიყო.

მახსოვს, პატარაობისას როგორ მიყვარდა ბიძაჩემი და ნელ-ნელა როგორ მძულდებოდა მისი ქცევების გამო. ნარკომანი და ლოთი არასდროს არავინ მყვარებია, ალბათ ბიძაჩემიც ამიტომ შემძულდა. მახსოვს, ბოლოს რომ ვნახე, დაგვემშვიდობა, თითქოსდა ძალიან ვუყვარდით და მის ძაღლთან ერთად ნათესავთან წავიდა, რომელიღაც სოფელში, ვითომ სმას და ნარკოტიკებს თავს დაანებებდა, მაგრამ იქაც არანაკლებს აკეთებდა. თხუთმეტი წლის ვიყავი, დილით ორისთვის გამეღვიძა. დეკემბრის ბოლო იყო, გაღვიძებულს დედაჩემმა მაშინვე მითხრა, ბიძაშენმა თავი ჩამოიხრჩოო. მიზეზმა არ დამაინტერესა თუმცა მივხვდი, რომ უბრალოდ სპექტაკლის დადგმას აპირებდა, მაგრამ შეეწირა. არ მიტირია.

რომ მთხოვა, ძაღლი გაასეირნეო, უნდა გამესეირნებინა, იქნებ არ მომკვდარიყო.

ჩემი ძმა რომ დაიბადა, შვიდი წლის ვიყავი. მახსოვს, მკითხეს, რა დავარქვათო. ფლი-თქო, ვუთხარი. მეგონა არ დაარქმევდნე,ნ მაგრამ დაარქვეს. მე არ მგავდა, ლამაზი იყო, ქერა, ბრწყინავი კულულები ჰქონდა, პატარა ცხვირი და მუქი, ჭაობისფერი თვალები. ოჯახში ყველაზე ლამაზი იყო. მშობლები მარტოს არ გვტოვებდნენ ხოლმე, მაგრამ მე ჩემი ჭკუით

 

მაინც ვუვლიდი, საფენის გამოცვლაც კი ვისწავლე, მაგრამ დედა მხოლოდ მათი გადაყრის უფლებას მაძლევდა. მახსოვს, შუაღამისას როგორ გაიღვიძებდა ხოლმე ტირილით, მე კი იმის შიშით, რომ მშობლებს არ გაღვიძებოდათ, მაშინვე მასთან მივრბოდი და დაწყნარებას ვცდილობდი. მახსოვს, მხოლოდ ერთხელ დავაძინე შუაღამისას გაღვიძებული და ისე მესიამოვნა, იმ ღამით გვიანობამდე ვერ დავიძინე. ფლიც თეთრ ოთახში მოკვდა, ოღონდ იმას პალატა არ ერქვა, რეანიმაცია ერქვა და იქ არავის გვიშვებდნენ. მისი ტირილის ხმა კარის გარეთ ისმოდა, მე კი ვყვიროდი, მე ერთხელ დავაძინე ატირებული და ახლაც დავაძინებ- თქო. რომ მითხრეს, მოკვდაო, ბევრი ვიტირე, მაგრამ მაინც მეგონა, რომ ოდესმე დაბრუნდებოდა და ისევ დავაძინებდი.

დედამ რომ მთხოვა, ლამაზი სახელი აარჩიეო, უფრო ლამაზი უნდა ამერჩია. იქნებ არ მომკვდარიყო.

 

 

 

 

 

1 2 3