ოდნავ მომწარო სუნი

მიყვარს საავადმყოფოები. არ ვიცნობ ადამიანს, ვისაც საავადმყოფოები უყვარს. ისინი ვერ იტანენ თეთრ კედლებს, წამლების მძაფრ სუნსა და ავადმყოფებს, მე კი ისე მომწონს ეს ყველაფერი… თითქოს იდეალური ადგილია დასამშვიდებლად და ალბათ ამიტომაც აშინებთ აქაურობა. ხალხს ხმაური და ქაოსი უყვარს. საავადმყოფო კი ისეთი სრულყოფილად მშვიდია… მივდივარ, მისაღებში ვჯდები, თითქოს ვიღაცას ველოდები და ვზივარ ასე. მნახველები მიდიან და მოდიან, ექთნები დაკაკუნობენ და ბევრს საუბრობენ, ექიმები აქეთ- იქით დარბიან, მე კი გაუნძრევლად ვზივარ და ყველაფერს ვაკვირდები. ხანდახან უცხო მომაკვდავი ადამიანების პალატებშიც ვიპარები ხოლმე, ვზივარ ჩაძინებული ადამიანების საწოლების წინ და ვაკვირდები მათ მილებს, ნემსებს, წვეთოვანებს და უამრავ რამეს, რაც პალატებშია. ვაკვირდები მძინარე ადამიანებს, ვუსმენ მათ მძიმე სუნთქვას და როგორც კი ამოძრავდებიან, მაშინვე გავდივარ. ერთხელ უცხო მომაკვდავი მოხუცის პალატაში შევიპარე, ექიმი შემოვიდა და ვუთხარი, ახლობელი ვარ-მეთქი. თხუთმეტი წუთი იმ მოხუც კაცზე მელაპარაკებოდა და რომ მითხრა, რამდენიმე კვირაში მოკვდებაო, ტირილი დავიწყე. იმიტომ არა, რომ ჩემი როლი უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, ისე, ჩემდაუნებურად… იმ დღის შემდეგ ორი კვირა საავადმყოფოს აღარ გავკარებივარ, მერე ისევ ორ-სამ დღეში ერთხელ დავიწყე სიარული. მე თვითონ პაციენტი მხოლოდ ერთხელ ვიყავი, რომ დავიბადე მაშინ, თუმცა, ეს ალბათ არც ითვლება. მინდა საავადმყოფოში დავწვე და პაციენტი ვიყო, მინდა უამრავი ნემსი გამიკეთონ და აპარატში ვიყო შეერთებული, მინდა რომ ექთნები მსინჯავდნენ და ექიმები ოპერაციებს მიკეთებდნენ, მაგრამ არ მინდა მნახველები მიმოდიოდნენ, არ მინდა ჩემ გამოც ისე იტირონ, როგორც მე ვიტირე იმ მოხუცის გამო. ალბათ ამიტომაცაა, რომ აქამდე არასდროს ვყოფილვარ პაციენტი.

 

*

ერთ-ერთ საავადმყოფოში მოსაწევი ოთახი აღმოვაჩინე. უცნაურია, რომ საავადმყოფოში მოსაწევი ოთახია. კარი რომ შევხსენი, ორი ექიმი ერთმანეთს ელაპარაკებოდა. ორივემ შემომხედა, შემდეგ ისევ განაგრძეს საუბარი. მე სულ ბოლოში, იატაკზე ფეხმორთხმით დავჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. რამდენიმე წამში ერთ-ერთი ექიმი პეიჯერით გამოიძახეს. უნდა წავიდე, უთხრა მეორე ექიმს, სიგარეტი იქვე მდგარ ურნაში ჩაწვა და ოთახიდან გავიდა. მეორე ექიმი ახალგაზრდა იყო, ჩემზე რამდენიმე წლით დიდი იქნებოდა. თეთრი ხალათის შიგნით ისეთი ფერადი და ლამაზორნამენტებიანი ჯემპრი ეცვა და თმაც ისე

საყვარლად ჰქონდა აბურძგნული, მომეჩვენა, რომ კეხიანი ცხვირიც კი უხდებოდა. შემომხედა და გამიღიმა.

– გამარჯობა – ჩემსკენ წამოვიდა.

– გამარჯობა – გავუღიმე.

– მნახველი ხარ? – გვერდით მომიჯდა.

– არა.

– აბა აქ რას აკეთებ? ექიმი ნამდვილად არ ხარ, მგონი არც ექთანი უნდა იყო.

– თუ არ გამაგდებ, გეტყვი.

– თუ საავადმყოფოს აფეთქება გინდა და აქ ბომბი უნდა დამალო, მაშინ, სამწუხაროდ, შენი გაგდება მომიწევს. – გაიცინა და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა.

– ძალიან მიხვედრილი ხარ, – გავუღიმე და სიგარეტი გვერდზე მდგარ ურნაში გადავაგდე, – სწორედ ამას ვაპირებდი, შენ კი ხელი შემიშალე.

– ოჰ, ბოდიში, მაშინ გავალ, შენ კი ააფეთქე საავადმყოფო! – მითხრა არტისტულად და წამოდგა.

– კარგი, გეტყვი, ბომბის დამალვის გარდა რას ვაკეთებ აქ. ისევ დაჯდა და შემომხედა.

– აბა, გისმენ.

 

 

1 2 3