– საავადმყოფოები მიყვარს, ორ-სამ დღეში ერთხელ რომელიმე საავადმყოფოში მივდივარ და ყველაფერს ვაკვირდები. ძირითადად მისაღებში ვზივარ ხოლმე, თუმცა, ხანდახან პალატებშიც ვიპარები და პაციენტებს ვუყურებ.

– საინტერესოა, პირველად ვხედავ ადამიანს, რომელიც ექიმი არაა და საავადმყოფო უყვარს. – მე კი პირველად ვხედავ საავადმყოფოს, რომელსაც მოსაწევი ოთახი აქვს.

– და მაინც, რატომ გიყვარს საავადმყოფოები? ეს ხომ ასეთი ცივი და გულისშემაწუხებელია. – შენ რატომ ხარ ექიმი?

– ბანალურად გიპასუხო და გითხრა ხალხის გადარჩენა მინდა-მეთქი თუ სიმართლე გითხრა?

– სიმართლე მითხარი.

– ჰო, მაგრამ შენ არ გითქვამს, საავადმყოფოები რატომ გიყვარს. – არ ვიცი, რატომღაც სრულყოფილად მიმაჩნია აქაურობა.

– სრულყოფილად?

– ჰო, რატომღაც ამ თეთრ კედლებში და მძაფრ სუნში სრულყოფილებას ვხედავ.

– უცნაურია, აქამდე ვისთანაც საავადმყოფოზე მილაპარაკია, ყველას სძულს ან ეშინია ამ ადგილის, შენ კი აქაურობას სრულყოფილებას ამსგავსებ.

– ჰო, ასე მგონია, თუმცა, ალბათ იმიტომ, რომ შეჩვეული ვარ საავადმყოფოებს. მამაჩემი იწვა დიდი ხანი. ბოლოს წამლების და საავადმყოფოს სპეციფიური სუნით იმდენად გაიჟღინთა, ჩემთვის ეს მამაჩემის სუნად იქცა.

– კარგი, მაგრამ თუ საავადმყოფოები გიყვარს, რაღატომ აფეთქებ აქაურობას?

– ერთმა ტიპმა მითხრა, თუ ამ საავადმყოფოს ააფეთქებ, ჩუპა-ჩუპსს გიყიდიო, მე კი ძალიან მიყვარს ჩუპა-ჩუპსები, – ბიჭს გაეცინა, მარჯვენა ჯიბიდან საწუწნი კანფეტი ამოიღო და გამომიწოდა, – მართალია ჩუპ-ჩუპსი არაა, მაგრამ როცა პედიატრიის განყოფილებაში შემოვლა გაქვს, ჯიბეები კანფეტებით გევსება…

მადლობა გადავუხადე და სანამ კანფეტს გავხსნიდი, მისი პეიჯერი ახმაურდა, ბიჭი წამოდგა და სიგარეტი ჯიბეში ჩაიდო.

უნდა წავიდე, გამიხარდება ისევ თუ გნახავ. დროებითო მითხრა და გავიდა ოთახიდან.

 

*

მეორე დღეს სამ საათზე გამეღვიძა. რამდენიმე საათში ჩემი და მოვიდა თავის მეგობრებთან ერთად. არ მიყვარს მისი მეგობრები, ამიტომ მივესალმე და სამზარეულოში გავედი. ერთი ღერი მოვწიე და რატომღაც ძალიან მომინდა ბალი. მისაღებში გავედი და ჩემს დასთან მივედი…

– ფული გაქვს? ხვალ მირიცხავს დედა და დღეს მჭირდება.

– კი, მოიცადე, – ჩანთა აიღო და საფულის ძებნა დაიწყო, – რამდენი გინდა?

– ორმოცდაათი, ხვალ დაგიბრუნებ.

– კარგი, – ფული გამომიწოდა და ჩანთა დივანის გვერდით, იატაკზე გადადო.

ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში ერთი მუჭა ბალი ვიყიდე, ერთი ცალი შევჭამე და მეტროში ჩავედი. ესკალატორზე რომ დავდექი, წიგნი ამოვიღე, თუმცა იმდენად ჩუმი და ყრუ ხმაური იყო, ვაგონში შესულმა უკან ჩავაბრუნე. ჩემ გვერდით მჯდარი მოხუცი ქალი მთელი გზა აკვირდებოდა მეორე ვაგონში მყოფ მისივე ასაკის კაცს. ორ გაჩერებაში მეორე ხაზზე გადავჯექი და მესამე გაჩერებაზე ამოვედი. ათი-თხუთმეტი წუთი ვიარე და ვარდისფერ სახლთან გავჩერდი. ალბათ ხუთი წუთი ვაკაკუნებდი ფანჯარზე, შემდეგ მოხუცი კაცი მოვიდა ფანჯარასთან.

– გამარჯობა, გისმენთ აბა, – კომბინიზონი ეცვა, თითზე იოდი ჰქონდა წასმული და ხელში ფუნთუშა ეჭირა. ბავშვს ჰგავდა.

 

– გამარჯობა, ფირიან აპარატებს თქვენ ყიდით?

– კი, მოიცა, კარებთან მოდი და გაგიღებ, – ეს მითხრა, ფანჯარა დახურა და გაუჩინარდა. რამდენიმე წამში კარები გააღო, – შემოდი შვილო – წინ წავიდა და გამომხედა, ალბათ დარწმუნდა, მივყვებოდი თუ არა, – აი, აქ დაჯექი. ახლავე მოვალ, სათვალეს მოვიტან. ოთახში საშინელი ნესტის სუნი იდგა, ბნელოდა და პიანინოზე მდგარი პატარი სანათი იქაურობას ძლივს ანათებდა. ყველგან წიგნები და ყუთები ეყარა, პატარა მაგიდაზე მეხსიერების წამლის კოლოფი, მაკრატელი, რვეული და თითქმის ცარიელი ჩაის ჭიქა იდო. მოხუცი რამდენიმე წუთში დაბრუნდა.

– Zenit-E მინდა.

– ოცდაათად მოგცემ, ფირიც ხომ არ გინდა? – შავ-თეთრი გაქვთ?

– კი, ოცდათხუთმეტში მოგცემ ორივეს, მოიცადე, მოვიტან ახლავე, – ადგა და ისევ იმ ოთახში გავიდა, მე იქვე, დივანზე ჩამოვჯექი. ხელში ბალი მეჭირა და მაგიდაზე დავდე. იქვე, პიანინოს თავზე, ძველი, მტვრიანი ფოტოალბომი იდო. ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და მისი ფოტოების თვალიერება დავიწყე. ალბომს სიძველის, სინესტის ოდნავ მომწარო სუნი ჰქონდა. საიდანღაც მეცნო და უცებ გამახსენდა წამლებგაჟღენთილი მამაჩემის სუნი, რომელიც ძალიან ოდნავ, მაგრამ მაინც ძალიან მკაფიოდ ასდიოდა მუდამ. რამდენიმე წამში ფირით და აპარატით ხელში დაბრუნდა – აგერ, შავ-თეთრია.

– ფირის ჩადებასაც ხომ ვერ მასწავლით?

– აბა, ისე როგორ?! – ზენიტი გახსნა, მაჩვენა ფირს როგორ დებდა, – ხმარება იცი ხომ?

– კი, – ჩანთიდან ფული ამოვიღე და მივეცი, – დიდი მადლობა.

– არაფერს, თუ რამეში დაგჭირდი, მოდი, არ მოგერიდოს, – ადგა და კარისკენ წავიდა.

– აუცილებლად! – გავუღიმე და წამოვედი.

 

*

ვარდისფერ სახლს რამდენიმე ნაბიჯით რომ გავცდი, გამახსენდა, რომ მოხუცთან ბალი დამრჩა. შემოვბრუნდი, მისვლა და აღება მინდოდა, მაგრამ შემრცხვა. მის ფანჯარასთან გავჩერდი, ორ ფარდას შორის შევიჭყიტე და ახალი ფირით ფოტო გადავიღე: მოხუცი ბავშვივით მიმჯდარიყო მაგიდასთან და ჩემს ერთ მუჭა ბალს ყუნწებს აცლიდა.

 

 

1 2 3