ნოფათის ხმა:

– დედაშენს რა ჰქვია?

პასუხობს, მაგრამ მეძავისკენ არ იცქირება.

– მამაშენს?

იმგვარადვე პასუხობს, არ იცქირება მეძავისკენ.

– ცეფერის ძმა ხარ? – ეკითხება მეძავი.

გახედა. ნოფათი უღიმოდა. „ცეფერს ამასთან უმრუშია“, – ფიქრობს, – „ალბათ მამაჩემსაც უმრუშია,“ – ფიქრობს; ამ ფიქრმა გული დაუმძიმა, სავარაუდო მარცხმა შეაშინა, მზად არ იყო, – იცოდა.

„ჩემს ძმას შემადარებს, მე კი შევრცხვები“, – ფიქრობს, – „დამცინებს“, – ფიქრობს.

– დედაშენთან მიჭორავია, – გაიცინა ნოფათმა, – როგორ არის?

– კარგად, – უპასუხა კუშტად, მოჭრილად და გაყუჩდა, ფრინველებს მიაცქერდა,  „ასე ვიქნები, ამის დედაც!“ – ფიქრობს, – „ამის დედაც!“ – ფიქრობს.

ნოფათის ხმა ჩაესმა:

– უფლება მომეცი, სამოსი გაგხადო.

მიდიოდა, ახსენდებოდა:

სარეცელზე შიშველი წევს. „ამ ქალივით დიდი სარეცელია“, – ფიქრობს; „სამეძაო სარეცელზე შიშველი ვწევარ და ნესტიდან მცივა“, – ფიქრობს; ხედავს – ნოფათმა კაბა წამოიხადა და შიშველი ნოფათის სითეთრემ საცხოვრისის ჩამოსაღამოვებაში ბევრი ხორცით გამოანათა. „ახლა როგორ მოვიქცე?“ – ფიქრობს; ფეხებზე სცივა, ნოფათის ჩამოდღლაზული სხეული აკრთობს, ფართო სარეცელზე გაწოლილი თავისი სიშიშვლე ეხამუშება, საცხოვრისში ჩაბუდებული სუნი ფიქრს ულენჩებს, ეშინია, რომ დასაცინი გახდება; – ეს ყველაზე მეტად აშინებს და შიშიდან ფეხები მეტად ეყინება, ხელისგულები უოფლიანდება, ნოფათი გვერდით ჩამოუჯდა, დააცქერდა, თბილად გაუღიმა და მიკარგული, შეციებული ასო თბილი ხელით შეუზილა, მაგრამ მას სცივა, შიგნიდან სცივა, ნოფათი კი უღიმის და ასოს უთბობს და ეუბნება:

– ჯერ ვისაუბროთ, არსად გვეჩქარება.

მიხვდა, მეძავმა მის გასამხნევებლად რომ შესთავაზა საუბარი, ამან შეურაცხყო, მაგრამ ასე ერჩივნა, – „თავისი საქმე თვითონ იცის“, – ფიქრობს, – „სამეძაო საფასური აიღო, ახლა თვითონ იცის“, – ფიქრობს, მორჩილად იტრუნება, მერე ახსენდება, რომ სასთუმალთან ბროწეულია, – „ლაჰიმა, ლაჰიმა, ლაჰიმას ქვედა ბაგესთან მუწუკი,“ – ფიქრობს, – „ბროწეულის კვირტივით, ბროწეულის კვირტივით,“ – ფიქრობს; ბროწეულს მისწვდა, კანიანად ჩაკბიჩა, პირი შემპალი ბროწეულის წვენით აევსო; მეძავის ხელი ასოს უზელს; – თბილად, თბილად, სასიამოვნოდ, მაგრამ ფეხებზე ჯერ კიდევ სცივა, შეოფლილ ხელისგულებზეც სცივა, სცივა შიგნიდან, სასა შემპალი სიტკბოს გემოს გრძნობს; წვენი ყელში გადაიცდინა, ნოფათის თბილი ხელიდან ასო შეუცხელდა, თუმცა შიგნიდან ისევ სცივა, სულმა კი იქით გაუწია, სადაც მეტი სიცხე იგულა და ჟრჟოლვიანი წამოკვნესით მეძავის ხელში ჩაათავა; მერე შერცხვა.

– არაფერია, – უთხრა ნოფათმა, – ამ სახლიდან მამაკაცი გახვალ, დამიჯერე! წამოდი, დაგბან, – უთხრა ნოფათმა.

მიდიოდა, ახსენდებოდა:

პირველი მარცხის მიუხედავად, მეძავთან უფრო მოშინაურდა, ნოფათს მიენდო, მიენდო მეძავის გაწაფულ ხელებს, ასე გულმოდგინედ რომ ჩამობანეს თავისი შერცხვენის უტყუარი დასტური – ნაჩქარევად, ფუჭად გამოტყორცნილი თესლი და მერე ისევ სარეცელზე, ისევ შიშველი და ეჩვენება, რომ ამ სახლის კედლებს, საცხოვრისის ნესტიან წარსულს ისიც შერჩა, შეენივთა ერთ მოგონებად, და წევს და უსმენს სარეცელზე ჩამომჯდარ ნოფათს, ნოფათი კი ლაპარაკობს, – გარდაცვლილ ძმას ახსენებს, ლაპარაკობს და ლაპარაკობს – ვიღაც ბებია ნიხონიას ახსენებს, ფარდაგს უცქერს და ლაპარაკობს ქმარზე, შეშლილ დედინაცვალზე, ბეჩავ მამაზე, ვიღაც ზოაბს ახსენებს, ვინც, თურმე, ნოფათს უსინდისოდ ექცეოდა, სამეძაო საფასურიდან მცირედს აძლევდა, მეტს კი თავისთვის იტოვებდა და ნოფათთან საფასურის გარეშე წვებოდა  და მერე, თურმე, ის ვიღაც ზოაბი ღვინოს მიეძალა, ილეშებოდა და ნოფათს სცემდა, ამცირებდა და სცემდა და მერე, თურმე, ის ვიღაც ზოაბი ხევში გადაჩეხილა და მომკვდარა, – ალბათ მთვრალი იყოო, – ასკვნის ნოფათი, – ფარდაგს უცქერს და ლაპარაკობს მიყრუებულ ალაგას დამკვიდრებულ თავის სიმარტოვესა და თეთრ ლოდზე, რასაც, თურმე, ნოფათი ესაუბრება ხოლმე, ნოფათი ლაპარაკობს და ლაპარაკობს, ის კი ფარდაგსმიცქერილ ნოფათს უსმენს და ფიქრობს: „სიმარტოვით შეშლილი ქალი“, – ფიქრობს, – „მე და ეს ქალი სიმარტოვით ვგავართ ერთმანეთს“, – ფიქრობს და უეცრად ნოფათი დადუმდა, კედელს მიაცქერდა და უცხო ხმით მიმართა კედელს:

– ჩემი ხათრით მაკოცნინე, ჩემი ხათრით!

გზადმიმავალი წითური ონანი იხსენებდა ნოფათის მთრთოლვარე, სველი ბაგეების შეხებას ასოზე, იხსენებდა როგორ მოჟინიანდა, ძალა იგრძნო და იგრძნო სურვილი ამ ქალს ზემოდან მოქცეოდა, მასში შეეღწია და იქ გაიგო ნოფათის ხმა:

– ოღონდ გულზე არ დამაწვე, კარგი?!

იხსენებდა, როგორ აღმოჩნდა ნოფათის უშველებელ ბარძაყებსშუა; ახსენდებოდა რა მოულოდნელი სიმკვირცხლით და მოქნილობით ირჯებოდა ნოფათი და სიცხე, სიცხე, ნოფათის სიცხე და ფიქრი, ფიქრი ცხელ წადილში გამკრთალი ფიქრი: „აი, თუ ვერ მოგერევი! აი, აი, აი, აიიი!“ – და მერე ჩაიწრიტა, ჩაინთქა, ჩამთავრდა ნოფათის მსუყე საშიშვლეში და ნოფათის მსუყე სიშიშვლიდან ნოფათის სუნით გაილუმპა.

– ყოჩაღი ბიჭი! ახლა უკვე მამაკაცი ხარ!

ქვემოდან შეჰღიმა ნოფათმა.

მიდიოდა, მუხლისთავებში ჩამდგარი ნიავი მთელ სხეულში ბანგად ეფინებოდა და მოეჩვენა, რომ თავისი სისუსტიდან სიზმრის ორეულიც აჰყვა; მიდიოდა, – მიდიოდნენ, აღმართს აუყვა, შეცხადებაში დედამისის ხმა იცნო, მერე ლაჰიმას ხმაც იცნო  და გაიქცა, – გაიქცნენ, – „რა მოხდა?! რა მოხდა?!“ – ფიქრობს და მირბის, – მირბიან; ცეფერის სახლი, ქალების მოთქმა, ცხედარზე გადამხობილი დედამისი და ლაჰიმა ცეფერს დასტირიან, ხელებში თავჩარგული მამა სკამზე, ოთახის კუთხეში ტყლიპიანი ელიშგუდი, მეზობლის კაცები, მეზობლის ქალები, მოთქმა, ვიშვიში:

– რა მოხდა?! რა მოხდა?!

– ბოსლის სახურავს ამაგრებდა, ჩამოვარდა, საფეთქელი ქვაზე დაუკრავს.

„ცეფერი მოკვდა, ცეფერი მოკვდა!“, – ფიქრობს, ცხედარს დასცქერის, „რაღაც უნდა გავაკეთო, რა გავაკეთო?!“ – ფიქრობს, ვერ ხვდება, – რა გააკეთოს, ეზოში გამოდის, – გამოდიან, – „რჯულის წესით ძმას თესლი უნდა აღუდგინო,“ – ეუბნება ორეული; – „რა დროს ეგაა, ცეფერი მოკვდა!“ – პასუხობს ორეულს; ეზოში დგას, – უსამძიმრებენ, მისკენ მომავალ ელიშგუდს ხედავს, „ელიშგული რჯულის კაცია, რჯულის წესის აღსრულებას მოითხოვს“, – ფიქრობს, – „ცეფერს თესლი უნდა აღვუდგინო“, ფიქრობს, – „ცეფერი და ლაჰიმა, მაგრამ ცეფერი მოკვდა,“ – ფიქრობს, – „ლაჰიმა და მე“, – ფიქრობს, – „მე და ლაჰიმა“, – ფიქრობს, – „მე და …“

 

 

 

 

 

1 2