/გაგრძელება/                       

                                                    

ო ნ ა ნ ი 

 

ონანმა ხეზე მიბმულ თიკანს გახედა, ზურგი აქცია, საღამოს მწუხრში დაბისაკენ გააბიჯა.

მუხლისთავებიდან მთელ სხეულში სისუსტის დამარეტიანებელი ნიავი დაუქროდა, მსუბუქ გულისრევას მიიყოლებდა; ცდილობდა, მეძავის კარის ზღურბლიდანვე მოხელთებული უცნაური სუნისთვის სახელი მოეძებნა, თავგადახდენილს იხსენებდა და ჯერ კიდევ არ ეჯერა, რომ ახლა უკვე მამაკაცია.

მეძავის საცხოვრისში მართლაც თავისებური სუნი ჩაბუდებულიყო, ერთ სახელს ვერ დაარქმევდი – გაჭრილი კომშის მომჟავო არომატი ფრინველის სკორეს სიმყრალეს შერეოდა, იგრძნობოდა ჩაქონებული სხეულიდან ვარდის წყლით ჩამოწმენდილი ოფლისა და იოლად ხელმისაწვდომი ქალის სუნი და მაინც – რაღაც კიდევ იყო, ნესტგამჯდარი კედლებიდან რომ მოაცოცებდა ობისა და სიგრილედქცეული წარსულის უჩვეულო, სახიფათო სიახლოვეს, – სუნს, შეგრძნებას, რამაც ონანს ნესტოები შეუკრთო, თავბრუსხვევა მოჰგვარა.

ერთ მოწნულ გალიაში მტრედი, მეორეში – გვრიტი, წითელ-ყვითელი ფარდაგი, ფართო სარეცელი, სასთუმალთან კომში და ბროწეული, მეძავის მსუყე სიშიშვლეში ჩაკარგვა წითური ონანის მეხსიერების ნაწილად ქცეულიყვნენ, გზადაგზა თავს ახსენებდნენ, მაგრამ ყველაზე მძაფრი მოგონება სუნს უკავშირდებოდა. საცხოვრისის კედლებიდან ნესტთან ერთად სიძველე ქოთდა, რატომღაც გახსენებდა მომწვანო თუ ლილისფერ ობს, რასაც ვერ ხედავდი, მაგრამ გრძნობდი; რატომღაც გახსენებდა ლანდებს, რასაც ასევე ვერ ხედავდი, თუმცა მათ სიახლოვეს ასევე გრძნობდი, – და შინისაკენ მიმავალ ონანს მოეჩვენა, რომ მეძავის სახლის კედლებიდან გრილ, აქოთებულ წარსულში შეყუჟული აჩრდილების სუნი შეიცნო. ამ აზრმა ნაბიჯი შეანელებინა, გულისრევა გაუმძაფრა. შეყოვნდა. შემპალი ბროწეულის გემო ყელში მოაწვა, გული აერია, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ისევ შეყოვნდა, ერთხელაც წამოაზიდა, შვება იგრძნო, ცივი ოფლით დაცვარული შუბლი და მოცრემლილი თვალები მაჯით შეიშრო, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, სული ჩაიდგა.

დაბიდან შეცხადების ხმამ მოატანა. „ვიღაც მომკვდარა“, – გულსგარეთ იფიქრა ონანმა. ქალის ხაფ ხავილში ვერავისი ხმა ამოიცნო, თავის ფიქრს მიჰყვა – „ახლა უკვე მამაკაცი ვარ“, – ფიქრობს ონანი, – „მამაკაცი ვარ? სულ ეს იყო?“ – ეჭვობს ონანი, – „ყოჩაღი ბიჭი! ახლა უკვე მამაკაცი ხარ!“ – ნოფათის სიტყვებს იხსენებს ონანი და თავს ირწმუნებს – „კი, კი, მამაკაცი ვარ; ნოფათიდან ლაჰიმაც შევიცანი და დიდი არაფერი, დიდი არაფერი, ყველა ქალი ალბათ ერთია,“ – ფიქრობს ონანი, – „ყველა ქალი ერთია?“ – ეჭვობს ონანი, – „ალბათ ერთია,“ – თავს ირწმუნებს ონანი და თიკანი ახსენდება; – „მამაჩემს ვეტყვი, თიკანი ნადირმა მომტაცა  – მეთქი, იბუზღუნებს და იბუზღუნოს, ერთი მაგისიც!“ – ფიქრობს ონანი, – „თიკანი ჩემი იყო, ჩემმა თიკანმა სიგიჟიდან გამომისყიდა,“ – ფიქრობს ონანი და მერე ნოფათზე ფიქრობს.

მიდიოდა, ახსენდებოდა:

სახლთან მდგარ ნოფათს ხედავს. გული შეუქანდა. ნოფათმა მისკენ გამოიხედა. გული გამალებით უძგერს. „დამინახა, დამინახა“, – ფიქრობს. ნოფათი გატრიალდა, შინ შეაბიჯა, „რატომ? რატომ? რატომ?!“ – ფიქრობს; შეურაცხყოფილია, სხვაგვარად წარმოედგინა, ამ ნაბიჯის გადასადგმელად იმდენი ძალისხმევა დასჭირდა, ეგონა, საკმარისია გამოვჩნდე და მეძავი ხელგაშლილი დამიხვდება, ჩემს ნებისმიერ სურვილს ფეხქვეშ გაეგებაო, – ნოფათმა კი ზურგი აჩვენა, შინ შეაბიჯა, „რატომ? რატომ? რატომ?!“ ფიქრობს, – „ბინძურმა მეძავმა უარმყო“, – ფიქრობს, – „ამის დედაც!“ – ფიქრობს, – „სულაც გავბრუნდები, აქედან შორს!“ – ფიქრობს, მაგრამ მეძავის სახლისკენ მაინც მიიწევს, – „თიკანს ხეზე მივაბამ, შენია – მეთქი – ვეტყვი, შენია-მეთქი, – ვეტყვი,“ – ფიქრობს, – „ვნახოთ, რას მიპასუხებს,“ – ფიქრობს, გული გამალებით უცემს, ნოფათის სახლისკენ მიემართება, მაგრამ ქალის წადილი კი არა, აბზინდას ბუჩქთან მიღებული გადაწყვეტილება მიათრევს და ამდენი ფიქრით, ამდენი განცდით გადაღლილს ძალიან უნდა, მეძავთან გასაკეთებელი საქმე უკვე მოთავებული ჰქონდეს; მიდის, მიდის, მიჩირთიფირთობს, ხესთან ჩერდება, როგორც ჩაიფიქრა – თიკანს ხეზე აბამს, მომზადებულ სიტყვებს იმეორებს, „თიკანი ხეზე მივაბი, შენია“, – რომ არ დაავიწყდეს, იმეორებს, „თიკანი ხეზე მივაბი, შენია,“ იმეორებს და იმეორებს, – „თიკანი ხეზე მივაბი, შენია“, ფარდაგადახსნილ კარს უცქერს, – „ვნახოთ, რას მეტყვის“, – ფიქრობს და კარის ზღურბლზე შემდგარი სარეცელზე დაზვინულ ნოფათს ხედავს.

მიდიოდა, ახსენდებოდა:

მეძავის კარის ზღურბლიდანვე შემოფეთებული სუნი, რამაც დააბნია, ნესტოები შეუკრთო; შეეშინდა, რომ წინასწარ მომზადებული სიტყვებს დაკარგავდა და სასწრაფოდ თქვა:

-თიკანი ხეზე მივაბი, შენია!

– გმადლობ, – გაუღიმა ნოფათმა.

„აჰა, ესე იგი, მიიღო სამეძაო საფასური, მიიღო, მიიღო,“ – ფიქრობს; ამან გაამხნევა, საცხოვრისში შეაბიჯებინა და ისე გაეხვა უცხო სუნში, როგორც ბუზი იბლანდება ობობას ქსელში, – „რისი სუნია? რისი სუნია?“ – ფიქრობს, ხედავს – ნოფათი წამოდგა, ღია კარს წითელ-ყვითელი ფარდაგი ჩამოაფარა. მოეჩვენა, რომ ფარდაგჩამოფარებულ სახლში ნესტიანი სიძველის ქოთმა მეტი სიმძაფრით შეიკრა პირი; თავბრუ დაესხა, ახლა ყველაზე მარტო იყო, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ახლა ყველაზე მეტად გრძნობდა თავის სიპატარავეს, ვიდრე ოდესმე უგრძვნია; ვერ ხვდებოდა, რატომ და როგორ აღმოჩნდა აქ, ამ ქალთან, რომელიც თავისი სიბეჩავის უსუსურობიდან უშველებელი და მთადაზვინული ეჩვენებოდა; მერე მთამ ენა ამოიდგა, ღიმილით მიმართა:

– მე რით გადაგიხადო მადლობა?

„ რა ვუპასუხო? რა ვუპასუხო?“ – ფიქრობს:

– ეგ შენ იცი, – პასუხობს და ახარებს სწორად მოძებნილი სიტყვები; ეჩვენება, თავისი გასაკეთებელი საქმე მეძავს გადააბარა, – „ახლა თვითონ იცის,“ – ფიქრობს, – „სამეძაო საფასური ხომ მიიღო; ჰოდა, თვითონ იცის,“ – ფიქრობს.

– როგორ მოგმართო, რა გქვია? – ეკითხება მეძავი და ისევ უღიმის.

– ონანი, – პსუხობს ქალის წადილისგან დაცლილი, გაუგებრობით მოხვედრილი ნოფათთან, ვინც ხელის გაწვდენაზეა და იცის, ტვინით ხვდება, შეუძლია შეეხოს, მოითხოვოს, დაეუფლოს, შეუძლია კი არა, ახლა ვალდებულიცაა, ასე მოიქცეს, რადგან სხვა შემთხვევაში ბითურია, არარაობაა, დასაცინია, მაგრამ ამას მხოლოდ ტვინი კარნახობს, სურვილი – არა და ფიქრობს: „რამხელა ქალია, ამას მე ვერ მოვერევი“, – ფიქრობს; – „ამას მე ვერ მოვერევი,“ – ფიქრობს, კედლებიდან კი სუნი მოჟონავს – ნესტის, წარსულის, ლანდების, აქ რომ ვნებებს იოკებდნენ, აქ რომ ხვნეშოდნენ, შემდეგ მიდიოდნენ, მაგრამ თავისი ცხოვრების რიგით ამოგმინვას კედლებზე და ამ ქალის სხეულზე მაინც ტოვებდნენ ხურუშის ხმებად, ტოვებდნენ ოფლისა და თესლის სიმლაშედ, რასაც მეძავი ვარდის წყალში ჩამბალი ჩვრით იწმენდდა ალბათ, ჰო, ალბათ, ალბათ, რადგან ნოფათისგან ვარდის წყლის გატკბილებული სუნიც მოჟონავს და ჰარიფობის მიუხედავად, მაინც ხვდება, გუმანი კარნახობს, რომ ეს იოლად ხელმისაწვდომი ქალის სუნია და რეტი ესხმის, – „ახლა წავიქცევი, ახლა წავიქცევი“, – ფიქრობს, ფართო სარეცელზე ჯდება; სკამზე შემოდებულ კომშსა და ბროწეულს აცქერდება, მტრედის ღუღუნი ესმის. კარის ერთ მხარეს მტრედი, მეორე მხარეს  – გვრიტი, – „სამეძაო მსხვერპლშესაწირი“, – ფიქრობს, -„სამეძაო მსხვერპლშესაწირი,“ – ფიქრობს; ახსენდება აქ რისთვისაც შემოეხეტა, თავზე წამომდგარ მეძავს ქვემოდან უცქერს, – „რამხელაა“, – ფიქრობს: გრძნობს, მზად არაა, რაღაც უნდა თქვას, დასამშვიდებლად დრო მოიგოს, ეკითხება:

– რაღაცის სუნია, რისი?

– ჩემი სუნია, – ღიმილით მიუგო ნოფათმა, გვერდით მოუჯდა; – არ მოგწონს? – ჰკითხა.

„რა ვუპასუხო? რა ვუპასუხო?“ – ფიქრობს; არაფერს პასუხობს, ყუჩდება, მეძავისკენ არ იცქირება, უცნაურად ეჩვენება, რომ ის და მეძავი სარეცელზე გვერდიგვერდ სხედან, ქალის თეძოს თეძოთი გრძნობს, ქალის მკლავს-მკლავით, ის კი არაფერს აკეთებს, მაგრამ ჯერ მზად არაა-იცის, ეს იცის, მაგრამ არ იცის, როგორ მოიქცეს.

 

 

1 2