პირველ ქართულ ფანტასტიკად, ალბათ 1887 წელს გაზეთ ივერიაში (12 დეკემბერი) გამოქვეყნებული იაკობ მანსვეტაშვილის (დონ იაგო) ფანტასტიკური ჟანრის პამფლეტი „უცხოთა შორის“ უნდა ვიგულისხმოთ, რომელშიც ამერიკელების ინიციატივით მთვარეზე მოგზაურობაა აღწერილი.

ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის პირველი ნიმუშები, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდა: ალექსანდრე აბაშელის „ქალი სარკეში“ და დიმიტრი ყიფიანის „ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ“. ეს ნაწარმოებები მკაფიოდ გამოხატული ხისტი სამეცნიერო ფანტასტიკის ნიმუშებია. აბაშელის რომანში ფანტასტიკა გარკვეულწილად საბჭოთა ნარატივის იდეოლოგიას ემსახურება. რომანის „ქალი სარკეში“ პირველი ნაწილი 1930 წელს ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნდა. რომანის მეორე ნაწილის გამოსვლამდე, მკითხველები წერილს წერილზე აგზავნიდნენ აბაშელთან და სთხოვდნენ ავტორს რომანის გაგრძელებას. ამ ნაწარმოების დასრულებამდე, 1936 წელს ცალკე წიგნად გამოიცა ი. ყიფიანის ფანტასტიკური რომანი „ამონი“.

90-იან წლებამდე საბჭოთა ფანტასტიკა ცხადია გარკვეულწილად იდეოლოგიზირებული სახით არსებობდა.

ნატო დავითაშვილი, რომელიც ჯორჯი ვაშატელის ფსევდონიმით გაეცნო მკითხველს, („ამბავი ლილე იროელისა“ – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2007 წ.) კარგად იცნობს მისი ფენტეზის ჟანრის არაერთ რომანს, რომელიც ერთი დიდი საგის სხვადასხვა ნაწილია. ფენტეზის ჟანრში ათი წიგნის გამოცემის შემდეგ, 2018 წელს მწერალმა მის ერთგულ მკითხველს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაწერილი კრებული წარუდგინა. „დაბრუნება ადამიანები და სხვები“ ოთხ მოთხრობას შეიცავს: „პეპლის მტვერი“, „დაშლილების მეფე“, „გინდათ მოგიყვეთ ზღაპარი?“ და „ავეჯის გადაზიდვის სერვისი“.

თავად მწერალი თავის ახალ წიგნზე აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მხოლოდ ფენტეზის ჟანრში ვწერდი, სამეცნიერო ფანტასტიკას არანაკლებ ვაფასებ და შესაბამისად ვკითხულობ კიდეც, თუმცა შევამჩნიე, რომ ამ წიგნებში აღწერილ მომავლის სამყაროებს ჩემი დღევანდელი ცხოვრების გაგრძელებად უმეტეს შემთხვევაში ვერ აღვიქვამ და ძირითადად გაუცხოებას ვგრძნობ. იქნებ ამიტომაც გადავწყვიტე, დამეწერა სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელშიც აღწერილ სამყაროსაც ჩემს პირად მომავლად წარმოვიდგენდი. ეს არის წიგნი ჩვენს სამყაროზე, რომელიც შესაძლებელია, ასეთიც იყოს – ადამიანებითა და სხვებით დასახლებული“.

კრებულში შესული მოთხრობები ერთი სამყაროს მოზაიკურ პორტრეტს ქმნის. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ერთი სამყაროს სხვადასხვა რეგიონალური სამყაროების ამბებია მოთხრობილი.

რეალობის სულიერ ეკვივალენტად ნებისმიერი რამ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რაც გონებაში წარმოსახვითი ფორმებით არსებობს. თვალების უბრალო დახუჭვის დროსაც, უჩვეულო სივრცეში ჩაძირული ფიგურების ტრანსფორმაციას ვხედავთ. ფანტაზია მხატვრულ ლიტერატურაში არის გამოგონილ, ემოციურ გარემოში, საკუთარი ნამდვილი სახის დანახვა. მწერალი თავის ნაწარმოებში ხშირად ისეთ ამბავს გვიყვება, რომელიც არ მომხდარა, მაგრამ შეიძლებოდა მომხდარიყო როგორც წარმოსახვით სამყაროში, ასევე რეალობაში. ნატო დავითაშვილის მოთხრობების მთავარი პარადგიმა სწორედ ეს არის. ეს არის წიგნი, უფრო ადამიანებსა და ურთიერთობებზე, ვიდრე სამეცნიერო ფანტასტიკისათვის დამახასიათებელ ინოვაციურ ტექნოლოგიურ ამბიციებზე. მწერალს უყვარს ადამიანი თავისი სისუსტეებით და მიზანსწრაფულობით, ნაკლოვანებებით და ღირსებებით. სამეცნიერო ფანტასტიკისათვის დამახასიათებელი მომავლის შესაძლო ალტერნატიულ სამყაროთა რაციონალურობის აღწერა მოთხრობებში ძირითადი ფონია. მოთხრობები ძალიან ჰგავს ფენტეზის ჟანრს, მაგრამ გამოირჩევა იმით, რომ თხრობის ელემენტები ეფუძნება მეცნიერული საფუძვლის მქონე ფაქტებს ან ბუნების კანონების მეცნიერულ პოსტულატებს. ალბათ ამ შემთხვევაში, აჯობებდა გვეხმარა სამეცნიერო ფენტეზი და ან ჰუმანიტარული სამეცნიერო ფანტასტიკა.

წიგნი სავსეა ადამიანური ურთიერთობებით, რომელიც მთავარი მამოძრავებელი ღერძია. მოთხრობიდან მოთხრობაში გზაჯვარედინის კვანძებს ქმნის ცალკეული არტეფაქტები თუ მოვლენები, რომლებიც მოულოდნელად შემოიჭრებიან ხოლმე და თავიანთი გზით მიიმალებიან მოვლენათა ჰორიზონტზე. შემდეგ სხვა მოთხრობაში კვლავ გამოჩნდებიან და ასეთი გადაკვეთები ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმ სამყაროზე რომლის შიგნითაც ვითარდება მოქმედებები. მაგალითად პლანეტა იზი და იზიელები ორ სხვადასხვა მოთხრობაში მეორდება. რეალურად ერთ სამყაროს სხვადასხვა ორბიტიდან ვხედავთ და ადამიანური ურთიერთობების მეშვეობით ახლოს ვეცნობით მათ.

„პეპლის მტვერი“ უაღესად საინტერესო მოთხრობაა, სადაც აფრიელების ცხოვრების შესახებ არის მოთხრობილი. ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ, თუ პეპლის ცხოვრების უმთავრს ეტაპებს გაივლიან. პირველი – როცა ორი შეყვარებული ჭუპრიდან ერთი პეპელა წარმოიქმნება; მეორე – როცა ერთი პეპელა ორად იყოფა და მესამე – ხელახალი შეერთება. აფრიელი ჭუპრები ვალდებულები არიან შეყვარების შემდეგ დაბადონ პეპელა და შექმნან ალმასი, ხოლო პეპელა მოვალეა, ორად გაიყოს და შექმნას პეპლის მტვერი.

ჰერმენევტიკაში ცნობილია, რომ ტექსტი არ იქმნება ცარიელ ადგილას, ის თავიდანვე იბადება კონკრეტული ისტორიული ეპოქისთვის დამახასიათებელი სააზროვნო სისტემების ჭრილში. წერის პროცესში ავტორის ქვეცნობიერში დალექილია რეალობის აღქმის, მისი სოციალური წყობისათვის დამახასიათებელი ონტოლოგია. ავტორი არის ჰერმანევტი, რომელიც გადაამუშავებს არსებულ სინამდვილეს და ქმნის ახალ სინამდვილეს. სინამდვილეს, რომელიც გულისხმობს საგან-მოვლენების საინტერესო თანწყობას. რა არის საგანთა სისტემების აღნიშვნები? რა ნაგულისხმევი ინფორმაციები ჩნდება ტექსტში? რასაც საგნები და ადამიანები გადასცემენ?

აფრია დახურული პლანეტაა და იქ დედამიწიდან აგენტებად შეაგზავნიან ორ ადამიანს, – ხელოვნურად ჩატვირთულ უცხო სხეულში ჰუგოს და ელის, რომლებიც მათი წესის მიხედვით უნდა გაიყვნენ და გაიარონ აფრიული ყოფის ეტაპები. მათ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მოიპოვონ ალმასის, პეპლის მტვრის და ტექნოლგიების შესახებ. აფრიელების ცხოვრება გარკვეულწილად იძულებითი ბედნიერების ლიბერარული ტოტალიტარიზმია. ის მცირე ნაწილი, ვინც არ არის ბედნიერი ტანჯვაში ხდება სული. მას შემდეგ რაც ელი და ჰუგო აფრიელების ცხოვრებას გაეცნობიან, პეპლებად ქცეულ ადამიანებს აღარ სურთ დედამიწაზე დაბრუნება და ცნობიერებაში ჩადებულ თვითგანადგურების კოდის (კოდი გააქტიურდება თუ მისიის შესრულება ეჭვქვეშ დადგება) გაუქმებას ცდილობენ, რასაც წარმატებით შეძლებენ კიდეც.

საგნების აღნიშვნები, როგორც კოდები, მოთხრობაში ბევრად არის დამოკიდებული არა შეტყობინების გადაცემაზე, არამედ მიმღებზე ანუ საგნის წამკითხველზე. რა არის ბედნიერება? როგორ უნდა გავიაზროთ ადამიანური ყოფა? როგორ აღიქვამს ადამიანი უცხო ცივილიზაციებს და სხვა.

 

1 2