ჩემი ფავორიტი მოთხრობა მაინც „დაშლილების მეფეა“, ეს არის ტექსტი ერთ კაცზე (გოგი ბედიაზე), რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო კოდი 7249 მიანიჭეს, არათუ პილოტობა, ეკიპაჟის წევრობაც აუკრძალეს. ტვინის რეკონსტრუქციისთვის საჭირო ფული კი საკმაოდ სოლიდური თანხაა რაც გოგის არ აქვს. პლანეტა კეშზე მხოლოდ დამხმარე რობოტები არიან, ე. წ. ჯართის პლანეტაზე საპლანეტთაშორისო ჩამოწერილი ხომალდები, კოსმოსური ზონდები და ორბიტალური სადგურები შემდგომი დაშლა-დახარისხებისათვის იგზავნება. გოგი ბედია უვადო 45 წლიანი კონტრაქტით წავა კეშზე და თავს ბედნირადაც გრძნობს. იგი ერთადერთი სულიერია პლანეტაზე, ვიდეობლოგს წერს და დედამიწაზეც პოპულარულია გარკვეულ წრეებში.

სიტუაცია რადიკალურად იცვლება, როდესაც ერთ-ერთ გამოგზავნილ ხომალდში იზიელი ბავშვი აღმოჩნდება. როგორც კრებულის სხვა მოთხრობებში, ამ მოთხრობაშიც მთავარი გმირი ტექსტის ბოლოს სხვა პლანეტაზე, მისი აზრით უკეთეს დრო-სივრცულ და წესრიგის სამყაროში გამგზავრებას ესწრაფვის.

ნატო დავითაშვილის წიგნში ადამიანური არსებობის მთავარი სამყოფელი – სახლი მოიაზრება, როგორც დედამიწა. მოთხრობების მთავარი გმირები გარბიან პლანეტიდან. გაქცევების სერიული კასკადი არსებითად არა დატოვებაა, არამედ დრო-სივრცული განზომილებიდან გასვლა და საკუთარ თავში დაბრუნება. დედამიწიდან გადახვეწა, როგორც შინიდან გასვლა, ერთდროულად გაქცევაც არის და დაბრუნებაც. უპირველეს ყოვლისა ეს გულისხმობს როგორც აღვნიშნე დრო-სივრცული კონტინუუმიდან გასვლას, მაგრამ სამყაროს ხედვის ადამიანური წერტილი – ადამიანური აღქმა, გარდაუვალია და ის მუდამ თან მიჰყვება ადამიანს, სადაც არ უნდა წავიდეს. ამდენად, გაქცევა კარგი საშუალებაა საკუთარ თავში დაბრუნების. დაბრუნების, როგორც საკუთარი თავის შეცნობის. ამ მხრივ საინტერესო მოთხრობაა „გინდათ მოგიყვეთ ზღაპარი“?

წარმოსახვის ღრმა შრეში გამუდმებით მიმდინარეობს იდეების მეტამორფოზა. რეალობა ცნობიერებაში გაელვებული სურვილებისა და წარმოსახვითი სამყაროს რეპრესიული გამოვლინებაა. ფანტაზია, ესაა არარსებულის პერსპექტიული მომავალი. ადამიანს გამუდმებით აქვს განცდა, რომ სადაც თვითონ არ არის – იქ უკეთესია.

წარმოსახულის რეალობაში გასულიერება, პერსონალური ადამიანური თერაპიაა – დანაწევრებული ეგოცენტრული მეს ერთობლიობა. ეს ერთგვარად, წარმოსახულის რეალობაში განხორციელების ე. წ. მეორადი სამყაროს შექმნის სიამოვნებაა. ისეთი იდეალისტური რამის გასულიერება, რაც ჯერ არ არსებობს და რაც მომავალშია ნავარაუდები, მომავალი მასების სურვილების კონგლომერატია. ის ისეთია როგორიც ყველას წარმოუდგენია. ყველა ინდივიდუალურად ხედავს თავის პერსონალურ, წარმოსახვით მომავალს, რომლის განხორციელებას ისევ მომავალში აპირებს. სინამდვილეში მომავალი ყოველთვის სხვანაირია, ვიდრე გაზვიადებული იმედის ფონზე წარმოვიდგენთ ხოლმე. რეალობა ზღუდავს წარმოსახულს, მაგრამ ვნება წარმოსახულის რეალობაში განახორციელებისა, კაცთამოდგმის არსებობის ნაწილია.

ბერგსონის თქმით, იმედი სწორედ იმიტომ იწვევს ესოდენ ინტენსიურ სიამოვნებას, რომ მომავალი, რომელსაც ჩვენი ნება-სურვილით განვაგებთ ერთსა და იმავე დროს ურიცხვი თანაბრად მომხიბლავი და თანაბრად შესაძლებელი სახით წარმოგვიდგება, მაგრამ მათგან ყველაზე სასურველიც რომ განხორციელდეს, მას აუცილებლად შეეწირება ყველა დანარჩენი და ჩვენ ძალიან ბევრს წავაგებთ. მომავლის იდეა, შესაძლებლობათა ურიცხვ სიმრავლეს რომ იმარხავს, გაცილებით მეტია, ვიდრე თვით მომავალი. აი რატომაა, რომ იმედი უფრო მომხბივლელია, ვიდრე ფლობა, სიზმარი კი – უფრო მომნუსხველი, ვიდრე ცხადი. (ბერგსონი).

ალექსი მთელი წელი ეძებდა გასაქცევს. მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი წასვლა. დედამიწაზე ცხოვრება აღარ უნდოდა. პლანეტათა კატალოგებში იქექებოდა. უმარტივესი კრიტერიუმი ჰქონდა: სადაც წავიდოდა იმ პლანეტაზე ყველაფერი მოწესრიგებული უნდა ყოფილიყო. ასეთ პლანეტას „მიქსს“ მიაგნო კიდეც. მას მოეჩვენა რომ ადამიანთა დაარსებულ კოლონიას, თითქოს დედამიწიდან გაყოლილი ცოდნიდან, უნარებიდან თუ თვისებებიდან მხოლოდ მისთვის ღირებული დაეტოვებინა და დანარჩენი კი გენეტიკურ დონეზე გაენადგურებინათ. ალექსის იმედი ჰქონდა, რომ იმ პლანეტაზე ბედნიერი იქნებოდა, რადგან ყველაფერი ზედმიწევნით მოწესრიგებული იყო. სინამდვილეში მიქსზე დახვდა წყობა, სადაც ცნობიერება და ყოფიერება გამოშიგნულია ყოველგვარი მხატვრული და მეტაფორული გააზრებებისგან. არ არსებობს მცირედი, არაპირდაპირი და ქვეტექსტით გაჯერებული სასაუბრო მიმართვები. ალექსი სკოლაში იწყებს მუშაობას, სადაც ბავშვებს „წითელქუდას“ ზღაპარს უყვება. ეს მომენტი მოთხრობაში გარდამტეხია. ზედამხედველი ყოველ სიტყვაზე ალექსის შენიშვნას აძლევს და უსწორებს. თუმცა ევას უფროსის ქალიშვილს და ბავშვებს უზომოდ აინტერესებთ და ხიბლავთ დედამიწელების ზღაპარი. პლანეტა მიქსისთვის კი „წითელქუდას“ ნარატივი ყოვლად მიუღებელია. „თავისუფლება ეს არის ერთი საკნიდან შედარებით უფრო დიდ საკანში გადაყვანა“ (ბაჩანა ბრეგვაძე ბოლო წლების ჩანაწერები. გამომცემლობა ინტელექტი. თბილისი 2010 გვ. 9). წარმოსახულის რეალობაში განხორციელებაც ზუსტად ეს პროცესია. რადგანაც წარმოსახულიც და რეალობაც ადამიანური პრიმატით არის აღბეჭდილი, ის არსებობს ჯერ გონებაში შეზღუდული ფორმით, შემდეგ კი იმედის ძალით რეალობაში – ასევე შეზღუდული სახით. ადამიანური წარმოსახვების იქით არაფერი არ არსებობს და ეს „არაფერიც“ ადამიანს ვერ წარმოუდგენია. რეალობა ისაა რასაც ადამიანური შეგრძნებების მეშვეობით აღვიქვამთ, სინამდვილეში რეალობა შეიძლება სრულიად სხვანაირია.

ისევე როგორც ყველა მოთხრობა, ამ მოთხრობაშიც პლანეტის დატოვება გარდაუვალი გადაწყვეტილებაა. ამჯერად, ალექსის მიერ დედამიწაზე მიქსელის წაყვანით სრულდება.

„ავეჯის გადაზიდვის სერვისი“ დეტექტიური ელემენტების შემცველი მოთხრობაა, რომელიც ხის მაგიდის გადატანის ამბავს გვიყვება. სინამდვილეში კი ამ მაგიდაში დამამლული სხვა რესურსების გადატანის საშუალებაა. ეს მოთხრობა ერთგვარად ასრულებს და კრავს წინა სამ მოთხრობას და რეზიუმეს უკეთებს მათ.

ტექსტის პოლისემიური გარსი საშუალებას იძლევა ტექსტი აღვიქვათ სხვადასხვაგვარი კონტექსტუალური შესაძლებლობებით. ჩვენ ტექსტის გააზრება შეგვიძლია წაკითხვის მომენტში არსებული ცოდნისა და კულტურის დონის მიხედვით.

ტექსტში არსებობს შეუცნობელი ლიტერატურული ორგანიზმები, რომლებიც ავტორსა და ტექსტუალურ კონტექსტს შორის დარჩენილი მიმართულებაა. ესაა ერთგვარი აზრობრივი ფრაგმენტი, რომელიც სიუჟეტშია დარჩენილი და მათი კონტექსტუალური კომბინაციები სხვადასხვა შინაარსობრივ დატვირთვას იძლევა. ასე იკვეთება ტექსტში ნაგულსიხმევი ოფიციალური და არაოფიციალური სამყარო. მთავარია აღმოაჩინო, გამოაშკარავო ის შინაარსობრივი იდეა, რომლის გადაცემა განიზრახა ეპოქალური განცდებით დატვირთულმა ტექსტუალურმა კოდმა. ნაწარმოები ყოველ ახალ სოციალურ გარემოში კანონზომიერად ხსნის მისი ინტერპრეტაციის და ინტეგრირების შესაძლებლობას ეპოქის სულიერ სინამდვილესთან. ახალი სივრცე უფრო რადიკალურია ტექსტუალური აქტივისთვის და ბუნებრივად ნაგულისხმევი ქვეტექსტია თანამედროვე რეციპიენტისთვის.

დასარულს უნდა აღვნიშნო, რომ ქართული ლიტერატურა სამეცნიერო ფანტასტიკას ნამდვილად მოისაკლისებს. არა მხოლოდ ავტორისათვის, არამედ მწერლობისათვის ეს ჟანრი ერთგვარი გამოწვევაა.

 

 

1 2