რაც არ იწვის, არ ანათებსო, თქვა აკაკი წერეთელმა. ჩემი აზრით, ეს აზრები ზედმიწევნით ესადაგება პოეტს და ლირიკულ პოეზიას. პოეტის ლექსი იმ შემთხვევაში იქცევა მანათობლად, თუ პოეტი იწვის. შინაგანი წვის, ღრმა და მძაფრი განცდის გარეშე დაწერილი ლექსი ყოველგვარ ნათებას მოკლებული იქნება. სიტყვა „ნათება“ მეტაფორულად ადამიანის გულზე, მის გრძნობებსა და ფიქრებზე ზემოქმედების უნარს ნიშნავს.

არსებობს ტექნიკურად დახვეწილი, ვერსიფიკაციულად უნაკლოდ შესრულებული ლექსი, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია ნათებას და არსებობს ამავე დროს ლექსი, რომელსაც ტექნიკურ ხარვეზებთან ერთად მკაფიო ნათებაც ახლავს.

მაშასადამე, ლექსის დანიშნულება ნათება ყოფილა. თუ ასეა, ლექსი, რომელიც თავის ნათებას, თავის გამოსხივებას, თავის ფლუიდებს ვერ გადასცემს ადამიანს, არც უნდა მივიჩნიოთ ნამდვილ ლექსად ანუ პოეზიად.

მე მგონი, აქ ხუმრობანარევი გადასვლა უადგილო არ იქნება.

ნათურის გამყიდველი ჯერ სინჯავს ნათურას და მერე სთავაზობს მყიდველს. თუ მინის ჭურჭელში ჩამაგრებული პაწია ვოლფრამის მავთული ელექტროდენის გამტარია და ინთება, მაშინ ნათურის შეძენას აზრი აქვს, ის თავის დანიშნულებას შეასრულებს, სხვა შემთხვევაში ნათურა მაღაზიის დახლზე უნდა დარჩეს. ნელი წარმოსადგენია ისეთი მყიდველი, რომელიც ნაკლოვან ნათურას მაინც შეიძენს.

სამწუხაროდ, სხვაგვარადაა საქმე პოეზიაში. პოეტები, რომელთა წიგნად გამოცემული ლექსები ნათებას მოკლებულნი არიან, ხშირად იკავებენ ადგილს შინ თუ გარეთ, ბიბლიოთეკებში, წიგნის თაროებზე. უფრო მეტის თქმაც შეიძლება – ისინი იკავებენ ადგილს ათასგვარ ანთოლოგიებში.

ისმის კითხვა: რატომ?  რა ხდება?

საქმე ისაა, რომ ჩვეულებრივი ნათურისგან განსხვავებით, ლექსის ნათება თვალით სახილველი არ არის. ამ ნათება-არნათების დანახვა თვალით რომ იყოს შესაძლებელი, მაშინ ნათებასმოკლებული პოეტების ლექსები ვერ დაიკავებდნენ გარკვეულ ადგილს ლიტერატურის აპარტამენტებში.

ლექსის ნათება-არნათების დანახვას განსაკუთრებული „ორგანო“, ერთგვარი მეექვსე გრძნობა ესაჭიროება, რომელიც ძალზე ცოტა ადამიანს გააჩნია. არადა, საამისო პრეტენზია თითქმის ყველას აქვს, ვინც წერა-კითხვა იცის. სწორედ ამიტომაც ხდება, რომ ხშირად არაპოეტებს გამორჩეულ პოეტებადაც მიიჩნევენ.

შეცდომას უშვებენ არა მხოლოდ წერა-კითხვის მცოდნენი, არამედ ლიტერატურის ერუდირებული მკვლევარებიც. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ერუდიციას არაფერი აკავშირებს იმ თანდაყოლილ ნიჭთან, რომელიც მუსიკალური სმენის მსგავსია და პირობითად ლიტერატურული სმენა შეიძლება ვუწოდოთ.

კარგად წერდა ზურაბ კაკაბაძე: „შორიდან ლიტერატურა, კერძოდ კი ლექსი, ყველაზე იოლად დასაძლევი სიძნელეა. მიზეზი საძიებელია იმ გარემოებაში, რომ მხატვრული შემოქმედების შესახებ შეუძლებელია მათემატიკური სიზუსტით მსჯელობა, აქ საჭიროა ინტუიტური ვარაუდი, მიგნება, ასე ვთქვათ, პოეტური გეში“. ცოტა ქვემოთ კი დასძენს: „განვითარებული, ღრმა ინტელექტი და სამყაროს გრძნობითი აღქმის განსაკუთრებული უნარი – აი, ორი ძირითადი ატრიბუტი, რომელიც აუცილებელია მხატვრული შემოქმედების პრეტენზიისთვის“.

ამ ბოლო გამონათქვამში არა მხოლოდ პოეტი იგულისხმება, არამედ პოეზიის გამგები ადამიანი, კარგი მკითხველი.

მართლაც, პოეზიას გაიგებს ის, ვინც შეიძლება ლექსს არ თხზავს, მაგრამ თვითონ არის შინაგანი წყობით პოეტი. როგორც ვილჰელმ დილთაი ამბობს, ადამიანთა ბუნება ერთგვაროვანია, ამიტომ შესაძლებელია გადაილახოს საზღვარი „მესა“ და „შენს“ შორის: მსგავსი წვდება მსგავსს…

ლიტერატურის ერუდირებული, პოეტური ალღოს უქონელი მკვლევარები არაპოეტებს პოეტებად აცხადებენ, პოეტებს კი არაპოეტებად. უგემოვნობა შეცდომებს წარმოშობს და ამ შეცდომების  საფუძველზე ითხზვება ათასგვარი თეორიები. ხშირად მსმენია გალაკტიონის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები: „ბუნდოვანია“, „აზრის გამოხატვა უჭირს“, „არათანაბარია“ და ა.შ. ყველა ეს და ამის მსგავსი შენიშვნა რთული ხელწერის ვერგაგების, ვერაღქმის გამოა გაჩენილი.

როცა პირობითად სიტყვა „ნათებას“ ვიყენებთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველი პოეტი განსხვავებულ, ზოგჯერ ძნელადაღსაქმელ ნათებას გამოსცემს. ამიტომ „დამნახველი თვალიც“ განსაკუთრებულად დახვეწილი უნდა იყოს, რომ ეს ნათება მოიხელთოს.

ლიტრატურის ისტორიაში დიდი პოეტების ვერგაგების არაერთი და ორი მაგალითი არსებობს, მაგრამ დრო მაინც თავისას შვრება და ყველს თავთავის ადგილს მიუჩენს ხოლმე. აქაც, რა თქმა უნდა, „დამნახველ თვალს“ აქვს მნიშვნელობა. ჩემი აზრით, განსაკუთრებულია უოლტ უიტმენის ხვედრი.

„ბალახის ფოთლების“ გამოცემის შემდეგ ყველასაგან დაწუნებულმა, განაპირებულმა და გაკიცხულმა უიტმენმა თვით ემერსონისგან მიიღო წერილი. ემერსონი ყველაზე უფრო ავტორიტეტული ამერიკელი მწერალი იყო და ლიტერატურული ისტებლიშმენტი მას ჯეროვან პატივს მიაგებდა. ის პატარა სოფელ კონკორდში ცხოვრობდა და ამიტომ „კონკორდიელ ბრძენს“ უწოდებდნენ. წერილის მიღებისთანავე უიტმენი მღელვარებამ შეიპყრო.

ემერსონი წერდა: „მარტოოდენ ბრმას არ ძალუძს იმის დანახვა, თუ რარიგ ძვირფასი საჩუქარია თქვენი „ბალახის ფოთლები“. სიბრძნის და ტალანტის მხრივ ეს თვითმყოფადი წიგნი აღემატება ყოველივეს, რაც კი ამერიკას შეუქმნია. ბედნიერი ვარ, რომ ვკითხულობ მას, რადგან უდიდესი ძალისხმევა მუდამ ბედნიერების მომნიჭებელია“.

(უიტმენზე დაწერილ წიგნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა კორნეი ჩუკოვსკის ესეისტური გამოკვლევა „ჩემი უიტმენი“, რომელიც მე ვთარგმნე და გამოვაქვეყნე 1986 წელს უცხოური ლიტერატურის ალმანახ „საუნჯეში“)

შორს რომ აღარ წავიდეთ, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის ბრწყინვალე ნიჭიერება ვერ შენიშნა ვერცერთმა მისმა თანამედროვემ და ვერც სახელოვანმა ბიძამ გრიგოლ ორბელიანმა. და რომ არა ილია ჭავჭავაძე „ალბათ ბარათაშვილის ლექსები ჩვენამდე ვერცკი მოაღწევდა. ტიციან ტაბიძემ ილია ჭავჭავაძეს „თავისი დროის კანონმდებელი“ უწოდა. არადა, ის მხოლოდ კანონმდებელი კი არა, პირველაღმომჩენიც იყო. ილიამ აღმოაჩინა ნიკოლოზ ბარათაშვილიც და ვაჟა-ფშაველაც.

რაც შეეხება გრიგოლ ორბელიანს, მას უგემოვნობას ვერ დავწამებთ. ძნელი სათქმელია, რატომ ვერ შენიშნა ბარათაშვილის ნიჭი ისეთი ლექსების ავტორმა, როგორიცაა „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ ან „ჩემს დას ეფემიას“.

80 – იანი წლების ბოლოს საბჭოთა ტოტალიტარიზმის რღვევას რუსული ემიგრაციული პოეზიის გამომზეურება მოჰყვა. ემიგრანტი პოეტი ვლადისლავ ხოდასევიჩი არცთუ ისე ფართო წრეში იყო ცნობილი. მისი ლექსების სკეპტიკურ განწყობას თავიდანვე ცივად შეხვდა რუსი მკითხველი. მის შესახებ ამბობდნენ, ხოდასევიჩი იმათი პოეტია, ვისაც პოეზია არ უყვარსო. ანდრეი ბელი კი წერს: „მას არ მიიჩნევენ პოეტად, მე კი მინდა ხმამაღლა შევძახო, ეს არის ნამდვილი, ღვთისგან მადლცხებული, თავისებურად უნიკალური პოეტიც კი“.

სადღეისოდ ყველაზე მკაცრი რუსი კრიტიკოსებიც კი ხოდასევიჩს  მე-20 საუკუნის საუკეთესო რუს პოეტებს მიაკუთვნებენ.

 

1 2 3