ნამდვილ პოეზიას არა რაღაც მზა რეცეპტი, არამედ ადამიანური ყოფიერების ყველაზე უფრო დაფარულ ფენებთან, სიღრმისეულთან შეხება წარმოშობს. სიღმისეულთან შეხება კი ყოველთვის დრამატიზმით აღბეჭდილ განწყობას აღძრავს. სწორედ ამ დრამატიზმის სიხშირე ბადებს პოეზიას. პოეზიაში მთავარი ერთი რამაა: რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს უნდა ამბობდე. პოეზია თავისებური აზროვნებაა. ლექსში, თუნდაც ტრადიციული ფორმით – რაღაცას უნდა ამბობდე, სასიცოცხლოდ აუცილებელს. ყოველ სტრიქონს უნდა ჰქონდეს დატვირთვა და აუცილებლობით უნდა იყოს ჩაწერილი მთლიანობაში. პოეზია ძელგი ღვინოსავითაა, მაგარია და არ არის წყალწყალა.ბარათაშვილის ლირიკული რეფლექსიები, მისი მეტაფიზიკური განაზრებანი იმის ნიმუშია, თუ როგორ ვერ ითავსებს მაღალი ძაბვის ლირიკა წყალს.

ამის საპირისპიროდ თანამედროვე, – არამხოლოდ ქართული – პოეზიის მრავალსიტყვაობა, მანერულობა, თვალშისაცემი მიმბაძველობა, მოჩვენებითი სირთულე ზერელობის მანიშნებელია, ფიქციაა, წყალია. ეს, რა თქმა უნდა, ყველა პოეტს არ ეხება, მაგრამ ასეთი ტენდენცია არსებობს.
პოეტის რომელიმე ერთი, თუნდაც პოსტმოდერნული სტილის მსოფლმხედველობის სქემაში მოქცევა უბრალოდ არასწორი იქნება. მას, რა თქმა უნდა, შეიძლება ჰქონდეს ამ კულტურის ელემენტები, მაგრამ მხოლოდ ამით ფონს ვერ გავა. პოეტს მით უფრო ფართო დიაპაზონი აქვს, რაც უფრო ფართო კულტურული არეალიდან იკრებს საარსებო ძალას. ამავე დროს ის არამხოლოდ თანამედროვეობაშია განფენილი, არამედ არტეზიული ჭასავით სიღრმიდან მოიპოვებს საზრდოს. იგივე ბარათაშვილი თავისი განწყობით რომანტიკოსია, მაგრამ ის ქართველი რომანტიკოსია და თავისი მკვიდრი საყრდენები აქვს: ქართული ჰიმნოგრაფიული პოეზია და რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

რუსმა სიმბოლისტებმა რუსული სიმბოლიზმი შექმნეს. მათ თავიანთ ლაბორატორიაში ყველასაგან განსხვავებული მხატვრულ-მსოფლმხედველობრივი ალქიმიური ძიებანი განახორციელეს. მართალია, მათი ძიება ინდივიდუალური იყო,  მაგრამ მაინც საზიარო ნიშნოთ მიმდინარეობდა. მათთვის ამოსავალ მსოფლმხედველობრივ წერტილად ევროპელ მოაზროვნეებთან ერთად ვლადიმირ სოლოვიოვის მისტიკა იქცა. რუსი სიმბოლისტების ორი თაობის პოეტთაგან მხოლოდ ერთი პოეტი გამოდგა ისეთი, რომელმაც თავისი დროის საზღვრები, რუსული სიმბოლიზმის სტილისტიკა გაარღვია და მის მიღმა დაიმკვიდრა ადგილი. ეს იყო ალექსანდრ ბლოკი. ბლოკმა თავის ნოვაცია XIX საუკუნის ტრადიციის, აპოლონ გრიგორიევისა და ათანას ფეტის ლირიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებით განახორციელა. ამის თაობაზე ვრცლად საუბრობს ეიხენბაუმი თავის გამოკვლევაში „პოეზიის შესახებ“.

იგივე შეიძლება ითქვას ქართველ „ცისფერყანწელებზე“, მათაც საბოლოოდ ქართულ ტრადიციაში ღირებულებათა თავიანთი სკალა დააფუძნეს.

სწორედ „ცისფერყანწელებმა“ წაუკითხეს თბილისში ჩამოსულ ოსიპ მანდელშტამს ვაჟა-ფშაველას პოემები, რამაც მისი აღფრთოვანება გამოიწვია. მანდელშტამი წერს: „ვაჟას პოემების სახოვანება ეპიკური სიდიადის მხრივ თითქმის შუასაუკუნეობრივია, სტიქიურია… ყოველივე, რასაც კი ის ეხება, მყისვე პოეტურ სახედ გადაიქცევა“. თვითონ „ცისფერყანწელებს“ კი მანდელშტამმა საკმაოდ სკეპტიკური მზერა შეავლო, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა „ცისფერყანწელები“ დროის დინებას მიჰყვებოდნენ და სიმბოლიზმს უკმევდნენ გუნდრუკს (რისგანაც ისინი თანდათან გათავისუფლდნენ), მანდელშტამი კი დინების საპირისპიროდ მიცურავდა, გმობდა ფრანგულ სიმბოლიზმს და საკუთარ თავზე ამბობდა: მე ვარ პოეტი, ვწერ ლექსებს და ამჟამად გატაცებული ვარ კატულუსით და რომაული დეკადანსითო. მანდელშტამის პოეტური გუმანი უფრო წარსულის სივრცეებში ეძებდა საყრდენებს, ვიდრე თანამედროვეობაში. ასე ქმნიდა ის თავის თანამედროვე სახეს, ამიტომაც არ არის გასაკვირი ვაჟასადმი მისი არაორაზროვანი დამოკიდებულება. რუსულ ტრადიციაში მისი ძიებანი ტიუტჩევის პოეზიას ეფუძნებოდა.

როგორც უკვე ვთქვით, არ შეიძლება სერიოზული პოეტი ერთი რომელიმე ლიტერატურული მიმდინარეობის თეორიული დოქტრინით წარმართავდეს თავის შემოქმედებას. პოეტი თავისუფალია, მისი თავისუფალი პოეტური ნება დროსა და სივრცეშია გაშლილი. ამ შეუზღუდავი სივრციდან იკრებს იგი ძალას და ამავე სივრცეში აბრუნებს თავის გამონაშუქს. შეიძლება სხვადასხვა ეპოქაში პოეტის დანიშნულება სხვადასხვაგვარად ესმოდათ (წინასწარმეტყველი, მეხოტბე და ა.შ.), მაგრამ ეს მაინც ამ დანიშნულების დროებითი, შემოსაზღვრული გაგება იყო. მთავარი, თვისობრივი, სუბსტანციური,მუდმივი ნიშანი პოეტისა და პოეზისა ემანაციაა, ნათებაა, მაგნეტიზმია, სუგესტიურობაა. მას მხოლოდ ამ ნიშნით შეუძლია გაამართლოს თავისი არსებობა, მხოლოდ ეს ნიშანის ძენს პოეტს პოეტობას და პოეზიას პოეტურობას, ეს არის არსებითი. არადა, მკვლევარებს სწორედ ამ თვისების აღნიშვნა ავიწყდებათ და ხშირად ვერცკი ამჩნევენ ხოლმე მას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ამა თუ იმ შინაარსზე, რომელიც კონკრეტული ეპოქით იქნება განსაზღვრული და განპირობებული. უფრო სწორად, ეს შინაარსი იმდენად იქნება საწვდომი, რამდენად ნიჭიერიც არის პოეტი.

პოეტის ნიჭიერება ირაციონალური ბუნებისაა და აუხსნელია. ამ ნიჭის მეშვეობით გრძნობა სასწაულებრივად განუზავდება ენას, სიტყვიერ მასალას. ეს ხდომილება არა ქიმიური რეაქციის, არამედ სასწაულის მსგავსია და იწვევს გამოსხივებას, ნათებას, ადამიანის ინტელექტსა და გრძნობებზე ზემოქმედებას.

XXI საუკუნის კულტურული საზოგადოება მწვავე ექსისტენციური კრიზისის ატმოსფეროში ცხოვრობს და წარმოუდგენელია, რომ შინაარსობრივად მძაფრი, რთული, მაგრამ სადა და ნათელი პოეზია არ იყოს მისი სულიერი მეგზური. ნამდვილ პოეზიას ტკივილი წარმოშობს და თვითონვეა ამ ტკივილის წამალი. ამიტომაც არ უნდა ჩაქრეს ეს უცნაური და მშვენიერი რამ – პოეზიის ნათება. არ უნდა იქცეს ლექსი მშრალ, თუნდაც „აქტუალურ“ დეკლარაციად, რაც მისი სიკვდილის მომასწავებელი იქნება და რისი სიმპტომებიც დღეს გლობალური მასშტაბით უკვე თვალშისაცემია.

 

 

1 2 3