ორიგინალური, გამორჩეული ხელწერის მქონე პოეტების დროულად ვერგაგებას თავისი მიზეზი აქვს. ეს მიზეზი ერთგვარ კანონზომიერებად არის ქცეული. ზემონახსენები პოეტებიც ამ კანონზომიერებას ექვემდებარებიან, მიზეზი კი ისაა, რომ ყოველ ნიჭიერ პოეტს  თავისი მეტ-ნაკლებად ახალი ესთეტიკა, ახალი პოეტიკა მოაქვს. ზოგჯერ ამ სიახლის ხარისხი მკვეთრია და პოეზიის აღქმა-გაგების უკვე არსებული, შემუშავებული „ყალიბები“ ვერ ჰგუობს, ვერ ითვისებს მას. ასეთ დროს, როგორც უკვე ვთქვით, „სხვაგვარად მოაზროვნე“, „მძაფრი ინტუიციის მქონე“ „შორსმჭვრეტელი“  მკითხველი-ინდივიდები გამოჩნდებიან ხოლმე და გზას უკაფავენ ამა თუ იმ დროში შეფერხებულ პოეტს. ზოგჯერ პოეტის აღმოჩენა საკმარისზე დიდხანს ჭიანურდება. ვთქვათ, დიდი ინგლისელი პოეტი-მეტაფიზიკოსი ჯონ დონი (1572 – 1631) უცდომლად ტომას სტერნზ ელიოტმა შეაფასა და წარმოაჩინა. ეს მოხდა მე-20 საუკუნეში. ვერაფერს გავაწყობთ, ასეთია დიდი და ზოგჯერ არცთუ დიდი, მაგრამ უცნაური ხელწერის მქონე პოეტების ხვედრი.

მაგრამ ზოგჯერ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თვითონ ლიტერატურული ვითარება, ლიტერატურული ტენდენციები ხდება საეჭვო და ეს აფერხებს არა ცალკეული, არამედ საერთოდ, კონკრეტულ დროში მოცემული პოეტური ნიმუშების გაგება-შეფასებას. ჩვენს კომპიუტერულ ეპოქაში დიდი პოეტები თითქმის აღარ არსებობენ და ამ მხრივ აღმოსაჩენი ბევრი არაფერია, ოღონდ ვითარების გარკვევა მაინც აუცილებელია. ჩვენი დრო, – XX საუკუნე – არაპოეტური დროა არა იმიტომ, რომ ბუკოლიკური იდილია დღეს სახსენებელიც აღარ არის, არამედ სწორედ იმის გამო, რომ ცხოვრებაშიც და ლიტერატურაშიც პრაგმატულმა პროზამ მნიშვნელოვანწილად წალეკა პოეზია. ბევრის თვალში ეჭვქვეშ დადგა ზოგადად ცხოვრების პოეტურ-დრამატული აღქმა, მისი პოეტური ტრანსკრიფცია.

ჩემ მიერ პოეტური ემანაციის აღსანიშნად გამოყენებული სიტყვა „ნათება“ ალბათ ბევრს ეხამუშა, უწინარესად კი იმას, ვინც პოსტმოდერნისტული ესთეტიკის პოეზიასთან შეთავსებას უცილობელ პრეროგატივად მიიჩნევს.

მოდერნიზმი და ავანგარდიზმი არამცთუ ითავსებდა პოეზიის სუბსტანციურ ნიშან-თვისებას, არამედ თავისებურ ელფერს და ახალ წახნაგებსაც სძენდა მას. ელიოტის იმპერსონალურობა არ გამორიცხავდა იმას, რასაც მე პირობითად „ნათება“ ვუწოდე. იმპერსონალურ, უპიროვნო პოეზიას, როგორც ჰუგო ფრიდრიხი წერს, ბოდლერმა დაუდო სათავე. თუმცა, სჯობს,  თვითონ ჰუგო ფრიდრიხის სიტყვები მოვიყვანოთ: „ბოდლერით იწყება თანამედროვე ლირიკის უპიროვნობა“. ცოტა უფრო ქვემოთ იგივე ავტორი დასძენს: „ბოდლერის შემოქმედებაში უკვე იკვეთება ის უპიროვნობა, რომლის შემდგომ თ. ს. ელიოტმა და სხვებმა პოეზიის ვარგისიანობის წინაპირობად გამოაცხადეს“.

მოდერნიზმის დრო ისე წავიდა, რომ პოეზიას არ დაუკარგავს თავისი ღრმა მნიშვნელობა, პირიქით, „სპონტანური ქმედითობის, შეგნებული, გაცნობიერებული ქმედითობით“ შეცვლამ მას სხვაგვარი მაგნეტიზმი შესძინა.

გასაგებია, რომ დღეს პროზაში „დიდი ნარატივების ჟამი გასრულდა“, მაგრამ იქნებ, პოსტმოდერნული თვალთახედვით, ლირიკული პოეზიის დღე მიიწურა ან, სხვაგვარად რომ დავსვათ კითხვა, იქნებ სადღეისოდ პოსტმოდერნული კულტურის შიგნით პოეზიის ვექტორი „ელიტარული მკითხველისგან“ საბოლოოდ გადაიხარა „მასობრივი მკითხველისაკენ“? და თუ ეს ასეა, ახალ თეორეტიკოსთა მიერ სახელდებულ პოსტინდუსტრიულ, მომხმარებელთა საზოგადოებაში ლირიკულ პოეზიას ესთეტიკურზე მეტად კომერციული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ლირიკული პოეზიის კომერციულობა კი ძნელი წარმოსადგენია. მახსენდება ერთი ქართველი გამომცემლის ნათქვამი, პოეზიას ვერ გამოვცემ, კომერციული არ არის, ე.ი. არ იყიდებაო. ამავე კონტექსტში ღიმილისმომგვრელად წამოტივტივდება მეხსიერებაში ანდრეი ვოზნესენსკის მრავალმნიშვნელოვანი სტრიქონები:

Ахматова не продается,
Не продается Пастернак.

ღირებული ლირიკული პოეზია შეიძლება ელიტარული არ იყოს, მაგრამ მასობრივი კულტურის ნიმუში ვერ გახდება.

ლირიკამ დღეს ჩვენში მეტწილად ორგვარი სახე მიიღო: ინტელექტისმიერი გრაფომანიისა და პრიმიტიულ-მახვილსიტყვაობითი პროფანაციისა. იგულისხმება, რომ პირველი ელიტარულობის პრეტენზიას აცხადებს, მეორე კი მასკულტურას უმიზნებს. სინამდვილეში არცერთია პოეზია და არც მეორე, ვინაიდან მხატვრულობის ხარისხი ორივეგან ძალზე დაბალია.

პირობითად რომ ვთქვათ, ალბათ მესამე ხარისხის პოეზიაც არსებობს, რომელიც ფსევდოპატრიოტულ-ეპიგონურია და შეიძლება ანაქრონიზმად მივიჩნიოთ, ვინაიდან არსებითად მაინც პასტორალურ მოტივებზეა დაფუძნებული და კომიკურ კონტრასტს ქმნის XX მიწურულის და XXI  საუკუნის აპოკალიფსურ განწყობასთან.

XX საუკუნის  80-იან წლებში თბილისი უკვე რთული ქალაქი იყო და აქ ექსისტენციური შეჭირვების ატმოსფერო ტრიალებდა. აქ უკვე იყო საფუძველი „მსოფლიო რადიუსის“ თანამდევი ურბანისტული პოეზიის შექმნისა. მართალია მცირედნი, მაგრამ მაინც იყვნენ შედარებით უფროსი თაობის პოეტები, რომლებიც თავისი შინაგანი წყობისდა კვალად ამ მიმართულებით იღვწოდნენ. 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლებში საქათველოში მართლაც აპოკალიფსური ჟამი იდგა. დროის ამ განასერში ისეთი ძვრები მოხდა და ისე შეირყა ადამიანების ცნობიერება, რომ ლირიკაში ეს უკომპრომისო თვითრეფლექსიის დრო უმძაფრესი ნიშნით უნდა აღბეჭდილიყო. ასეთი ლექსების რიცხვი მცირეა, მაგრამ მაინც არის. ისე კი, ვფიქრობ, ცხოვრებისეულ მოვლენათა სიმძაფრეს პოეზიამ ადექვატურად ვერ უპასუხა. აქ ფორმალისტური ძიებებს კი არა, დროის არიტმიული მაჯისცემის შეგრძნებას ვგულისხმობ, რომელიც მკაცრი, მაგრამ უბრალო და ტრადიციული ფორმითაც შეიძლებოდა გადმოცემულიყო, მხოლოდ, რა თქმა უნდა, ურბანისტული ცნობიერების წიაღში.

სამწუხაროდ, ეს არ მოხდა, ამიტომ 2000 წლის შემდეგ ახალგაზრდა პოეტებმა უკვე პოეზიის შიგნით არსებული შინაარსობრივი დინებების განვითარებას კი არ მიჰყვეს ხელი, არამედ უშინაარსო ფორმალური ძიებების გზა ამჯობინეს. მათი პოეზია ინტელექტუალური კი არა, მეტწილად ინტელექტისმიერი გახდა და დაკარგა ნათება.

ლირიკული პოეზია, როგორც მუსიკა, თვითკმარია, თავისი ნათებით გარშემოწერილია, იმთთავითვე არა კომერციული, არამედ ესთეტიკური მნიშვნელობის მქონეა. ლირიკას მაგნეტიზმი უნდა ახლდეს, ლირიკა უაღრესად ფაქიზი სფეროა, ადამიანის უღრმესი განცდის ვერბალიზაციაა. ცხადია, ეს ადამიანი რეალობაზეა ორიენტირებული და ამისდა კვალად პოეზიაშიც იგივე რეალობაა უკუფენილი. პოეტის შთაგონებას და ლექსის განწყობას რეალობის აღქმა აღძრავს, რეალობაა ის გამღიზიანებელი, რომლის გამტარიც პოეტი და მისი ლექსი უნდა იყოს, ე. ი. პოეტად ყოფნა თუნდაც უღმერთობის ყველაზე კრიზისულ ეპოქაშიც კი მედიუმად ყოფნას ნიშნავს, რაც ძნელი წარმოსადგენია დღევანდელ ჰიპერრეალობასთან, ვირტუალურ რეალობასთან შეხებისას. ზეჭარბი  ემოციური მუხტი, ემოციური ტალღა შეიძლება მხოლოდ უშუალოდ ემპირიულ რეალობასთან კონტაქტმა წარმოშვას. ჭარბი ემოციური ტემპერატურის გარეშე კი პოეზია წარმოუდგენელია, ის  წამსვე სხვა რამედ, ჩვეულებრივ პროზად ან დეკლარაციულ განაცხადად იქცევა ისევე, როგორც შადრევანი შეიძლება უბრალო გუბურად იქცეს. პროზადქცევაა სწორედ დღევანდელი პოეზიის სავალალო მოსალოდნელი შედეგი.

სხვათა შორის, პოსტმოდერნისტული ხანის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ პოეტს იოსიფ ბროდსკის სასამართლოზე (მუქთახორობა დააბრალეს და გააციმბირეს) მოსამართლე საველიევამ დაუსვა ასეთი შეკითხვა: „ვინ მიგიღოთ თქვენ პოეტების რიგებში?“ ბროდსკიმ წარბშეუხრელად უპასუხა: „მე ვფიქრობ, ეს საერთოდ ღვთის განჩინებით ხდება“. ამ პასუხის მიხედვით ჩანს, რომ ბრალდებული, პოეტის ფენომენს მედიუმად აღიქვამდა. ბროდსკის პოეზიას გამჭოლი ლირიკული ნათება, ცივი გამოსხივება ახლავს, ეს განსაკუთრებით მაშინ არის საგრძნობი, როცა თვითონ ოდნავი წამღერებით კითხულობს თავის ლექსებს.

ასე რომ, ბროდსკი ვერანაირ კლიშეში ვერ მოთავსდება.

რაც შეეხება პოეზიის ზემოთხსენებულ დეკლარაციულ მასალად, პროზად ქცევას, ამ მოვლენამ ჩვენში ბოლო დროს იჩინა თავი. კითხულობს რომელიმე ლიტერატურული პერსონა ამა თუ იმ ახალგაზრდა პოეტის ლექსებს და, თუ შენიშნა ციტატურობა ან ფორმის რამენაირი რღვევა, რომელიც დეკონსტრუქციად შეიძლება მოინათლოს, წამსვე თანამედროვე პოეზიად შერაცხავს ამ რებუსებს, იმას კი აღარ დაგიდევს, რომ ამგვარი სავარჯიშოს შედგენა ყოველ წერა-კითხვის მცოდნე, მეტ-ნაკლებად წიგნიერ ადამიანს შეუძლია, იმ ადამიანს, ვისაც საამისოდ წინასწარი რეცეპტი აქვს ხელთ.

 

1 2 3