11 იანვარს, მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, დაგლას სირკის გარდაცვალების დღეა, ამიტომ გადავწყვიტე მის თვალისმომჭრელ ფილმოგრაფიაში, ჩემი საყვარელი ნაწარმოების შესახებ მოგიყვეთ.

1953 წელს ამერიკის პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი გახდა. მაშინ, როდესაც მექსიკის, ჩინეთის, ინდოეთის პოლიტიკური ლიდერები, სოციალისტური წესრიგისკენ მიიწევდნენ, ეიზენჰაუერის პოლიტიკური ხედვა რადიკალურად განსხვავებული იყო, საშუალო კლასზე მორგებული და ქრისტიანული ღირებულებების მატარებელი. 50-ანების პერიოდის ამერიკულ ფილმებში საუკეთესოდ ამ ყველაფერს დაგლას სირკის შედევრი აღწერს, სახელწოდებით „ყველაფერი, რის უფლებასაც ზეცა გვრთავს“.

გარეუბნის ერთმანეთის იდენტური კეთილმოწყობილი სახლები, მყუდრო თეთრი ღობეებით, გამწვანებული მდელოებით და იქ მობინადრე მოდურად ჩაცმული დიასახლისი ქალებით. ერთი შეხედვით, ფილმი სტანდარტული მელოდრამაა, საპნის ოპერის ელემენტებით, თუმცა სირკი გაცილებით სუბვერსიული და სიახლით სავსე რეჟისორია. მისი მთავარი პერსონაჟი ქალი, კერი, ორი ზრდასრული შვილის დაქვრივებული დედაა. საზოგადოება მისგან მოელის  სამაგალითო ქვრივის როლის მორგებას, რომელიც ქმრის ხსოვნას ინახავს, შვილებზე ზრუნავს და თავისუფალ დროს მხოლოდ მეზობლებთან ყავის სმაში ატარებს.

თუმცა კერის თავის მებაღე უყვარდება, ასაკით გაცილებით ახალგაზრდა და დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი. ამის გამო მას მეგობრები უპირისპირდებიან და საჯაროდ იწყებენ მის გაკიცხვას, მასზე ქილიკს და მისი სახელის შებღალვას. სირკი 50-ანების ამერიკული ოცნების რეალურ სახეს გვიჩვენებს. როგორც ფროიდი ამბობდა, ჩვენ ყველაფერს მხოლოდ ზედაპირზე ვხედავთ, სირკი კი ცდილობს სიღრმეებში ჩაგვიყვანოს. ბრეხტის მსგავსად, ისიც თავდაუზოგავად აკრიტიკებს ბურჟუაზიული საზოგადოების ვნებებს, ცდილობს ფარდა ახადოს მის კონფორმულობას და სისასტიკეს.

 

 

 

 

1 2 3