
ფილმის მეორე ნახევარში, საინტერესო ფილოსოფიური ტექსტი შემოდის მოქმედებაში, ჰენრი დევიდ თოროს „უოლდენი”, სადაც ამერიკელი ფილოსოფოსი მარტივი ცხოვრების სიამეების შესახებ რეფლექსირებს და ბუნების წიაღში ცხოვრების კომფორტულობას აღწერს, როგორც სულიერი გაჯანსაღების აუცილებელ ინსტრუმენტს. თორო არ ენდობოდა საზოგადოებას და მის მიერ მიღწეულ პროგრესს. „ცივილიზებულმა ადამიანებმა ააგეს ეტლი, მაგრამ დაკარგეს ფეხების გამოყენების შესაძლებლობა“, ხშირად იმეორებდა თორო თავის მეგობრის, რალფ უალდო ემეროსნის ამ სიტყვებს.
კერი, რომელიც გარშემორტყმულია იმ პროგრესით, რომელსაც განვითარებული საზოგადოება ირწმუნება, რომ მიაღწია, საბოლოოდ ხედავს, რომ მთელი პროგრესი მხოლოდ ლამაზ კადილაკებზე, კარგად გაკრეჭილ გაზონებზე, მოდურ ტანსაცმელსა და ძვირფას საყოფაცხოვრებო ნივთებზე დგას და არა ადამიანურ ურთიერთობებზე, თანაგრძნობაზე, გულახდილ კომუნიკაციებსა და ერთმანეთისადმი ზრუნვაზე. საპირისპიროდ კი ამას აღმოაჩენს არაინდუსტრიულ ნაწილში მცხოვრებ მებაღესთან, რომელიც არ ფლობს ძვირფას ნივთებს, მაგრამ ის და მისი მეგობრები არ განსჯიან, არ ჩაგრავენ და არ კიცხავენ მათ, ვინც საკუთარი გრძნობების კარნახით მოქმედებს.
მთავარი როლის შემსრულებლები ჯეინ უაიმენი და როკ ჰადსონი სრულიად ახლებური ტიპის რომანტიკული წყვილის სახეებს ქმნიან ამერიკულ კინოში, რომელიც მოგვიანებით სხვა გეოგრაფიულ მდებარეობებზეც შეინიშნება. ფილმის გამოსვლიდან 19 წლის შემდეგ გერმანიაში რაინერ ვერნერ ფასბინდერი მის კულტურულ თარგმანს შექმნის და გადაიღებს სურათს სახელწოდებით „ალი: შიში ჭამს სულს“, სადაც უკვე არა სოციალური კლასის, არამედ ეთნიკური კუთვნილების გამო აუმხედრება საზოგადოება და ოჯახი ქალს, რომელიც სიყვარულს აღმოაჩენს შავკანიანი მამაკაცის სახით.
„ყველაფერი, რის უფლებასაც ზეცა გვრთავს“ ამერიკული კინემატოგრაფის გამორჩეული წარმომადგენელია. სირკი, როგორც ბევრად ადრე თორო, გვიყვება უბრალოების და სიმარტივის მშვენიერებაზე. იმაზე, რომ ცხოვრების საზრისის ძიებაში არა ფული, ტექნოლოგიები ან სხვების აზრი, არამედ ბუნებასა და ავთენტურობასთან სიახლოვე გვაძლევს ყველაზე ძვირფას გამოცდილებებს. ის გვასწავლის თავმდაბლობას თვითანალიზის და საკუთარი თავის აღმოჩენის გზით. და სინამდვილეში არა სტატუსი, კაპიტალი ან საზოგადოებრივი აზრი, არამედ სწორედ ეს გახლავთ ის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც რეალურ პროგრესს გამოხატავს.
