
გერმანიაში დაბადებული სირკი, რომელიც პირადად შეესწრო ნაციზმის აღზევებას, სენსიტიურად უდგებოდა სოციალური წნეხის საკითხს და ეს მის თითოეულ ფილმში თვალნათლივ იკითხება. სხვათაშორის, აღსანიშნი ფაქტია, რომ გერმანიის პროპაგანდის მინისტრი იოზეფ გებელსი მისი შემოქმედების დიდი მოყვარული გახლდათ.
თუმცა დავუბრუნდეთ ფილმის სიუჟეტს. აქ თავისუფლების მიწაზე მცხოვრები საზოგადოება ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ქალს კვლავ უჩნდება ამურული გრძნობები. ფილმში თამაშდება სცენა, სადაც მთავარი პერსონაჟი თავის პარტნიორ მებაღეს მეგობრების წვეულებაზე მიიყვანს, იქ კი მშრომელთა კლასის წარმომადგენელს როგორც ექსპონატს, ისე განიხილავენ, კერის კი უხამსი კომენტარებით ამცირებენ. და ეს სცენა ისეთივე შემზარავი და გულსაკლავი სანახაობაა, როგორც ფაშისტური ძალადობის აღმწერი ფილმების კადრები.
მეგობრებთან ერთად ვერც შვილები ეგუებიან მშობლის ბედნიერებას და ცდილობენ მისი თავისუფლების შეზღუდვას, სირკი განსაკუთრებული ირონიულობით გვიჩვენებს, როგორ ცდილობენ ისინი სამომხმარებლო საგნებით ადამიანის დატყვევებას. ლამაზი მეტაფორით რეჟისორი ათამაშებს სცენას, სადაც იმისთვის, რომ ყურადღება მებაღიდან გადაატანინონ, შვილები დედას ტელევიზორს ჩუქნიან, როგორც რეალური ემოციების გაყუჩების საშუალებას, ოპერატორი კი ოთხკუთხედ ეკრანში გამომწყვდეულ სასოწარკვეთილ სახეს წარმოგვიდგენს, რომლის რეპრესიასაც ყველა კუთხიდან ცდილობენ.
ფილმი ჰოლივუდის ვიზუალურ მომხიბვლელობას იყენებს იმისთვის, რომ ჰოლივუდის ზედაპირულობას და არარეალურ მაგიურობას შეუტიოს. მომხიბვლელი დეკორაციები, თბილი და ხასხასა ფერები, ლამაზი კოსტუმები, ირგვლივ ყველაფერი ჰოლივუდურ სტილს ასხივებს, მაგრამ მომხიბვლელი ზედაპირის ქვევით, მნიშვნელოვან კომენტარებს აკეთებს მანკიერი სოციალური ნორმების შესახებ, რომლის კურსიდან გადახვევის შემთხვევაშიც, სოციუმი მკაცრ სადამსჯელო ზომებს იღებს წესრიგის დამრღვევის მიმართ და მორალურ ინკვიზიციას უწყობს მას.