გერმანელი ფილოსოფოსი, ჰერბერტ მარკუზე, თავის ნაშრომში „ერთგანზომილებიანი ადამიანი“, სადაც თანამედროვე კაპიტალიზმის და საბჭოთა კავშირის კომუნიზმის კრიტიკას ეწევა, წერს, რომ კონსუმერიზმი სოციალური კონტროლის ფორმაა. სამომხმარებლო საზოგადოება მუშაობს იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა რეალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და ამას აკეთებს იმისთვის, რომ დაიკმაყოფილოს ყალბი მოთხოვნები, იმუშაოს მეტი, რომ იყიდოს მეტი პროდუქტი. ასე ინდვიდი კარგავს ადამიანურობას და ხდება ინდუსტრიული მანქანის ნაწილი. ადამიანი საკუთარ შრომაში, მის შექმნილ პროდუქციაში ამოიცნობს თავს, რაც მარტივად იკითხება ფილმის გმირებზეც, რომლებიც უჰაერო, კლაუსტროფობიულ, სიცოცხლისგან გაუცხოებულ სივრცეში ადაპტირდნენ, დაკარგეს თანაგრძნობის და ცხოვრებისგან ტკბობის უნარი.

ერთადერთი, ვინც არსებულ წესრიგს ვერ ეგუება ჯულიანაა, რომელსაც ძლიერი ნევროზი აქვს და ფილმის ქრონომეტრაჟის ყოველ შემდგომ წუთს ფსიქიკურ აშლილობას უახლოვდება. ანტონიონი მას ისე აღწერს, როგორც პოსტ ტრავმატულ სტრესში მყოფ ადამიანს ირაციონალური შიშებით და ფორიაქებით, თუმცა მისი მდგომარეობა ირგვლივ არსებულ სამყაროსთან ყველაზე ბუნებრივი და ავთენტურია. ყველა დანარჩენი პერსონაჟი თითქოს ზებუნებრივი კონტროლის ქვეშ იმყოფება და არ იმჩნევს მიმდინარე პროცესებს, რომელიც გარემოს აბსოლუტურ დეჰუმანიზაციას ეწევა. ერთ-ერთ სცენაში საწარმოს გამონაბოლქვი ჯულიანას ქმარს და ქმრის მეგობრებს მისტიკური ნისლივით ფარავს, კადრი ისეა კონსტრუირებული, როგორც საშინელებათა ფილმებში, უხილავი ბოროტი ძალის მოახლოებისას. ამაზე რეაქცია კი მხოლოდ ჯულიანას აქვს, რადგან ის ერთადერთია, ვინც რეალურ დამღუპველ სახეს ხედავს ინდუსტრიალიზაციის მიერ გარემოს მითვისების შეუჩერებელ პროცესში.

 

 

 

1 2 3