ფილმში ერთადერთი სცენა შეგხვდებათ, სადაც ბუნების სილამაზე იშლება და ისიც მხოლოდ ჯულიანას წარმოსახვაშია, როდესაც შვილს ზღაპარს უყვება. სუფთა და გამჭირვალე ზღვა, ოქროსფერი ქვიშა, გიგანტური სხეულებივით წამომართული კლდეები და სიმწვანე იმდენად დიდ კონტრასტს ქმნის აღწერილ რეალობასთან, რომ შემაძრწუნებელი ხდება. თუმცა მიუხედავად ამისა, რეჟისორი მაინც ცდილობს სილამაზე დაინახოს ინდუსტრიულ ნაწილში და ამას აკეთებს კაშკაშა და თბილი ფერების გამოყენებით. ანტონიონი თავის ფილმებში გარემოს და სივრცეების აღწერას ლამის ადამიანებზე მეტ დროს და მნიშვნელობას უთმობდა, თუმცა აქ განსაკუთრებით ეცადა მომხიბვლელობა შეეძინა გაუდაბნოებულ მიწებზე აგებული ქარხნებისა და ინტერიერებისთვის და ჟოან მიროს ნახატების მსგავსად ცივ კედლებზე მაცოცხლებელი ენერგიის მქონე ფერთა ერთობლიობა ეჩვენებინა.

როგორც მოგვიანებით თავად აღნიშნავდა რეჟისორი ინტერვიუებში, ჩემი მიზანი არ ყოფილა ინდუსტრიალიზაციის შედეგად გამოწვეული გაუცხოების ჩვენება და კრიტიკა, პირიქით, მსურდა მისი სილამაზე აღმებეჭდა და მასთან ადაპტირების აუცილებლობაზე გამესვა ხაზიო. მაგრამ პირადად ჩემთვის სიუჟეტის ასეთი ინტერპრეტაცია არ არის სწორი. როგორც უმბერტო ეკო წერს, ავტორი საკუთარი ნამუშევრის ინტერპრეტაციას არ უნდა ეწეოდეს, რადგან ხელოვნების ნიმუში იმისთვის არსებობს, რომ ინტერპრეტირების საგანს წარმოადგენდეს. შესაბამისად, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია ჩემ ნარატივს გაყვებით, ანტონიონის მიენდობით თუ დამოუკიდებლად დაწერთ ახალ ფურცელს ფილმის წასაკითხად. მონიკა ვიტი თავის კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო როლში, როდესაც კედლის სიახლოვეს მოძრაობს, მასზე მიყრდნობილი დადის. შესაბამისად, მისთვის საყრდენი სწორედ ის ნაგებობა ხდება, რომელიც მას შეუძლოდ ხდის. შეიძლება ანტონიონის პასუხიც სწორედ ეს არის, ის რაც ძალას გვაცლის, შეგვიძლია ძალის მოსაკრებ ინსტრუმენტად გამოვიყენოთ. თუმცა აქ დასაყრდენის ფუნქციას ადამიანების ნაცვლად, მხოლოდ უსულო კედლები ითავსებენ. მოკლედ, მგონი უკვე საკმარისზე მეტი ვთქვი, დანარჩენის ინტერპრეტაცია, თქვენთვის მომინდია.

 

 

 

 

1 2 3