29 სექტემბერს მიქელანჯელო ანტონიონი 119 წლის გახდებოდად, რაც საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ დიდოსტატის მოსაგონარი, მისი ყველაზე ენიგმატური და ატმოსფერული ფილმის გახსენებით დავიწყოთ. საუბარი რასაკვირველია მაქვს რეჟისორის კლასიკურ ნაწარმოებზე, „წითელ უდაბნოზე“, სურათზე, რომლის ვიზუალური სილამაზეც თანაბრად არის ხელოვნური და ამასთან ბუნებრივი. მართალია ამ ფილმზე ანდრეი ტარკოვსკი თვლიდა, რომ ზედმეტი ყურადღება ეთმობოდა ესთეტურ ნაწილს და უკუგდებული იყო ისტორია, თუმცა თავს მივცემ უფლებას, რომგანსხვავებული პერსპექტივა შემოგთავაზოთ.

„წითელ უდაბნომდე“ ანტონიონის ცხრა ფილმი ჰქონდა გადაღებული და ყოველი მათგანი შავ-თეთრ ფირზე. და თითქოს, წარსულ შემოქმედებაში ამ ფერთა დაზოგვამ, ერთბაშად ამოხეთქა, რადგან სურათი იმდენადვეა ფერებით დატვირთული, როგორც ჟაკ დემის თუ ჰოლივუდის ტექნიკოლორის მიუზიკლები. თუმცა თუ დემისთან და ჰოლივუდში ფერთა ფლიტრა სიცოცხლით სავსე და ენერგიულია, ანტონიონი თავს იკავებს დამატებითი სულიერება მიანიჭოს რაიმეს, იქნება ეს შენობების ფასადები, ინტერიერის დიზაინი თუ პერსონაჟები.

ფილმი იტალიის ქალაქ რავენაში, ინდუსტრიალიზაციის შედეგად მიღებულ წესრიგს აღწერს. ბუნება მთლიანად არის ოკუპირებული ახალაშენებული ქიმიური საწარმოების და საცხოვრბელი კორპუსებისგან. ყოველ ჯერზე, როდესაც ფანჯრიდან ვინმე ფარდას წევს, ხედად შენობა მოჩანს. ცისკენ აღმართული ბეტონის და რკინის კონსტრუქციების გარდა, ირგვლივ მხოლოდ უნაყოფო ხეები გვხვდება. თითქოს სამყაროს ამ ნაწილში ბუნებრივი ნაყოფი აღარ გამოიყოფა, მთავარი პერსონაჟის, ჯულიანას შვილი კი უკანასკნელი ბავშვია, რომლის შემდეგაც შობადობა შეწყდა. ერთ სცენაში, შვილი დედას შეეკითხება, ჩიტები რატომ არასოდეს დაფრინავენ ცაშიო, რაზეც პასუხად მიიღებს, მამაშენის ქიმიური ქარხნის საკვამურებიდან ამოსულ კვამლში რომ გაიფრენდნენ, კვდებოდნენ და ამიტომ, ისწავლეს რომ ამ მხარეში აღარ იფრინონო.

 

 

 

1 2 3