არ არის ცხოვრება იოლი, არა, და არც ისეა მოწყობილი, რომ არსებობის ტკივლი და მისი თანმხლები ის გამჭოლი  გრძნობა ააცილოს ადამიანს თავიდან, რომელიც ერთდროულად ტკბილიცაა და მწარეც, დროდადრო გულს ყელში მიაბჯენს და  ხანაც თავისუფლად, ლაღად და სავსედ სუნთქვის საშუალებას აძლევს. სახლი, კერია, დედა და მამა – ისინი ძალიან ძვირფასი, ახლობელი არიან  ყოველთვის, ბოლომდე…მაგრამ ეს სიყვარულიც არ არის მხოლოდ ფერადი და მსუბუქი. მას ახლავს ცხოვრების სათავესთან მდგომი ადამიანის დაკვირვებული მზერა, ცხოვრების სიღრმის და სირთულის არა ბოლომდე გაცნობიერებული, არამედ პირველქმნილი, ინტუიტიური, მიღმა სამყაროდან მოყოყოლილი შინაგანი დახვეწილობის მეშვეობით მხოლოდ მიხვედრა და, რაც მთავარია, სიყვარული, რომელიც იღებს მეორე ადამიანს ისეთს, როგორიც არის და რომელიც მთელ სიცოცხლეს უნდა გაჰყვეს ლაიტმოტივად –  ისე არ იქმნება ადამიანი. 31 დეკემბერს, ახალია წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე, მამა და შვილი მიდიან კინოში, ეს  არის   მამასთან მიახლოების    ერთდროულად    ძალიან უბრალოდ, მარტივად, მაგრამ გრძნობიერად აღწერილი სურათი  და ამავე დროს თითქმის მისტიური ამბავი, რომელიც  საკუთარი თავის შეცნობის, სიყვარულით სავსე საკრალური სოვრცის –   ოჯახის, ერთხელ და სამუდამოდ შეგრძნებით და დამკვიდრებით მთავრდება. ამ შინაგან მთლიანობას ვეღარასოდეს ვეღარაფერი გააქრობს, ის ადამიანის სულის ნაწილი ხდება და მხატვრული ტექსტის ამოცანაც სრულად არის დაძლეული, მან მსუბუქ, პაწაწინა დეტალებში დიდი და მარადიული მამა-შვილობის, ცხოვრების ჯაჭვის უწყვეტობის, იმ ნიუანსების გადმოცემა შეძლო, რომლებიც თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაშია, მაგრამ მათ ზემნიშვნელობას სახიერად მხოლოდ მწერალი გამოკვეთს. იმავე განცდას – ახლობლის, თავისის და ამავდროულად საყოველთაოს, წარუვალის და უმნიშვნელოვანესის გვერდზე მყოფის სახეში განსხეულების   ნამდვილი დღესასწაულს ასახავს მოთხრობები  ,,როგორც ძველ იტალიურ ფილმებში’’ და ,,ფეხბურთის საყურებლად წასვლა’’.  უნდა აღინიშნოს, რომ ზაალ სამადაშვილი შუქ-ჩრდილებს, ფარულ ნიუანსებს არა მარტო გრძნობს, ფლობს კიდეც  და ბევრ რამეს ჰფენს ნათელს მათი მეშვეობით. ასე იგება მისი მხატვრული დრო და სივრცე, თავისი ატრიბუტიკით და ფსიქოლოგიური შრეებით. მწერალი მძაფრად გრძნობს სივრცეს და მთელი სისავსით, სრულად გამოსახავს მას. შუქ-ჩრდილებით, ასოციცაციებს მინდობილი, მაგრამ მწიფე  ფერებით, რელიეფური სხეულებით, სახელების, ნიშნების ზუსტი შერჩევით  და, რაც მთავარია,   ამ ,,ნახატის’’ მიღმა იგრძნობა დრო, მისი შემავსებელი მოვლენების არსი და ტკივილიც, რომელიც სივრცეზე დროის ისეთი კვალის დანახვას მოსდევს, რომელიც თვისობრიობას უცვლის ამ ემოციურად და აზრობრივად მნიშვნელოვან  სივრცეს, იქნება ეს ქალაქი, უბანი, ქუჩა, ოთახი. ასეთი ზუსტი მონასმებით აისახა ეს განცდა მოთხრობაში  ,,პლეხანოვი უბანს ერქვა’’.

       ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ წინააღმდეგობა და განსაცდელი ან კლავს, ან აძლიერებს და სასიცოცხლო ძალებს მატებს მას. ეს განსაკუთრებით საგრძნობია ბავშვობაში, იმ ასაკში, რომელი  ასაკის ბიჭებიც ,,ჩასახლდნენ’’ და მართლა გაცოცხლდნენ ამ წიგნში. მოთხრობის ,,გიტარაზე ამოთქმულ ხრინწიან სიმღერასავით’’ გმირი პირველად ეჯახება სოციუმს, მის დაუნდობელ კანონებს. მას, გუჯას, ნათელი სული აქვს და წინაპრის ძალით გამაგრებული ზურგი – ეს მოტივი ხშირად გაისმის სხვადასხვა ტექსტის მელოდიაში.  პიროვნული  თვისებები და  ფესვის შეგრძნება არ ააცილებს მას ტკივილს, მარტოსულობის განცდას, მაგრამ გადასცემს იმ მრავალწლიან, მრავალგზის მიმქრალ და ხელახლა გაღვივებულ ნაპერწკალს, რომელმაც ღირსეული, კეთილშობილი კაცის გულად უნდა აინთოს:

                  ,,რა იცოდნენე ცოტა ხნის შემდეგ სხვადასხვა მხარეს კუდამოძუებულმა, გუჯას გამკაცრებულ მზერას გარიდებულმა ბიჭებმა, რომ ისინიც ვიღაცის მზერას იმეორებდნენ, ისინიც ოდესღაც გამოვლილ გზას მიუყვებოდნენ…

                  გუჯასაც თავისი გზა ჰქონდა…

                  ძალადობის მოძულე, საკუთარ თავთან შეჭიდებული კაცის ძნელადსავალი გზა, რომელიც მის დიდ სეხნიას უკვე გაევლო.

                  ალბათ ისიც აუტანელ მარტოობას გრძნობდა, როცა მშობლიური  ადგილე ბიდან  გადმოხვეწილი, ქალაქს უახლოვდებოდა, ალბათ მასაც სციოდა მომუშტულ ხელებზე’’ (,,გიტარაზე ამოთქმულ ხრინწიან სიმღერასავით’’).

თუმცა სიყრმეს თან სდევს დაუნდობლობა, სისასტიკეც კი, რომელსაც ხშირად გამრუდებული ფასეულობებიც ამძაფრებს და კვებავს. მაქსიმალიზმი, რომელიც ახალგაზრდას უბიძგებს ამპარტავნებისაკენ, სხვაზე აღმატებულობისაკენ სწრაფვისკენ, ხშირად იწვევს ყველაზე ახლობლის და მნიშვნელოვანის გაუფასურებას. დრევანდელი ყოფა ნათლად გვიჩვენებს, რომ ფასეულობები შეიძლება ისე დამახინჯდეს, რომ ჩამოუყალიბებელმა სულმა ვეღარ გაიგნოს გზა კეთილისა და ბოროტის, ცოდვა-მადლის ლაბირინთებში და იქ, სადაც ცხოვრების ასპარეზზე სხვაზე მეტობა, სიმდიდრე, წარმატება და ამით მოგვრილი სიამაყის შეგრძნება გამხდარა ყველაფრის საზომი და რეალიზებულობის მაჩვენებელი, შესაძლოა, შვილმა წრფელი, მშრომელი, ღირსეული, მაგრამ ,,არაწარმატებული’’ მამა დაამციროს, ვეღარ შეიგრძნოს მისი არსი, ადამიანური ღირსების ფასი და მამა  მაგალითად კი არა, ანტიმაგალითადაც დასახოს. ,,რივერა’’ მწარე მოთხრობაა. მშრომელი კაცის გაუფასურების და ახალგაზრდის წინაშე გადაშლილი მრუდე ფასეულობების, დაჩეხილი  სულის უფსკრულში გადაჩეხის საშისროების შესახებ და ეს საფრთხე რეალურია, თუ ვიღაც არ შეუძახებს, ვიღაც არ გამოაფხიზლებს, თუნდაც ისევ მამა, თუნდაც უხეშად, მაგრამ დროულად არ შეაგნებინებს რა არის ფასეული. ბიჭის თვალში მისი აზრით არშემდგარი და უბადრუკი მამის ფასი და მისი გზის დაკარგულია, მნიშვნელობა დამცრობილი, შესაბამისად იგი კარგავს მაგალითს, რომელიც პატიოსანი შრომით და პასუხისმგებლობით სავსე, რთული, თუმცა ნამდვილი სიცოცხლისთვისაა საჭირო. ის შინაგანი გახევების, გამოფიტვის წინაშე დგას ახლა და სულ ახლოსაა ის წუთი, როცა ან  ფრუსტრაცია შეიწირავს ან შესაძლოა გადადგას კიდეც რაიმე სულის დამღუპველი ნაბიჯი. ამ დროს წარმოსდგება მამა, როგორც მამობის გადამრჩენელი ფუნქციის შემცველი და  როგორც მოახერხებს, ისე შეანჯღრევს გაყინულ სულს:

,,რივერამ კოვზი მათლაფაში ჩაახეთქა, წამოდგა და შვილის ოთახში შევიდა. ეს ერთი ციდა ოთახი ოდესღაც თავისი ხელით მიაშენა სახლს, მოხუც დედას კუთხე მოუწყო. მაშინ აქ საწოლი იდგა და დაბალი ტუმბო. ახლა ტუმბოს ადგილი მაგნიტოფონს ეკავა. კედლებზე ჟურნალებიდან ამოჭრილი ფერადი ფოტოები იყო გაკრული. ბიჭი გულაღმა იწვა და მორგვებივით ხელები თავქვეშ ჰქონდა ამოდებული.

  • ეე! – ფეხი წაჰკრა რივერამ.
  • რა იყო? -წამოჯდა ბიჭი.
  • არ მუშაობ, არ სწავლობ, პური მაინც ამოიტანე ხანდახან!

            ბიჭმა ისეთი  გაბეზრებული სახით შეხედა, რომ კაცმა მოძალებული ბრაზის დასაოკებლად კბილები გააღრჭიალა.

  • სულ ამათ უნდა უყურო? – იყვირა და ხელი ვიღაც თავგადახოთრილი ჯეელის ფოტოს მიაშვირა.
  • აბა, შენ გიყურო? – გამოსცრა ბიჭმა და წამოწოლა დააპირა.

            რაღაცნაირმა ზანტმა, დაუსჯელობით გათამამებულმა თავხედობამ დაგროვილი ბრაზი ღონიერად შემოკრულ სილაში გადმოანთხევინა ერთიანად აკანკალებულ  რივერას და სამი, მხოლოდ ხამი სიტყვა ათქმევინა:

– მე უნდა მიყურო’’(,,რივერა’’).

რივერას შინაგანი ამბოხი, დღის განმავლობაში ნანახით დაგროვილი და ადამიანის გაუფასურებით მოგვრილი ტკივილი ღირსებით, ნამდვილი კაცის სიამაყით წარმოთქმულ სამ სიტყვაში –  მე უნდა მიყურო! –  შეერთდა და დასჯით შვილის გადარჩენის  მამის ინსტინქტი და ცხოვრები სიმრუდის გაცნობიერებული  პროტესტი გამოხატა. ამ სიტყვებამ და ქმედებამ შეიძლება შეცვალოს ბევრი რამ, თუ არ შეცვლის, მამამ თავისი თქვა, არ დატოვა მრუდე სარკის პირისპირ, სახემორღვეული ხილვების ამარა შვილი ისე, რომ არ ეთქვა, არ ეგრძნობინებინა რა არის მნიშვნელოვანი, ფასეული და ნაღდი. ასე სრულიად არადიდაქტიკური ფორმით გადმოსცემს მწერალი თავის სათქმელს და, როგორც ჩანს, გულის სიღრმეში გრძნობიერების გააქტივებით მიღებულ, სწორედაც რომ მორალურ, შეიძლება ითქვას, აღმზრდელობით-გამოსასწორებელ  შედეგსაც ელოდება.

                    მოთხრობა ,,ბოშები’’ ცოტა უჩვეულოა ამ ერთიან ნაკადში. მას სხვა ტიპის სოციუმში გადავყავართ, მაგრამ ღირსების ფასი აქაც კარგად ჩანს. ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი, ფასეულია და მისი ცემა არ უნდა შერჩეს არავის. ნიკო ლორტქიფანიძის ,,დადიანის ასულსა და მათხოვარში’’ ჩამოყალიბდა, ჩემი აზრით, ზუსტი და მუდმივი ფორმულა, რომ ადამიანი ადამიანია და შეუფასებელი ღირებულება  აქვს, გინდ დადიანის სასახლეში დაიბადოს, გინდ დანელიას მეღორის ქოხში.  დროსა და  მხატვრულ სივრცეში გაბმული ამ ძაფის ერთ მონაკვეთად წარმოსდგა ეს მოთხრობაც.

                     ზაალ სამადაშვილის სამყარო წიგნიერებითა და წიგნითაა შევსებული. ამ ნივთიერ პლანში იკვეთება მწერლის გააზრებულად არათავსმოხვეული და არამომაბეზრებელი დიდაქტიზმი, რომელიც ზნეობრიობის, ადამიანურობის, ღირსების შენარჩუნების  მაგალითებს წიგნების და უმძიმესი რეალობის გადაკვთის წერტილში წარმოადგენს. წიგნის გაქრობა არის ტრაგედიის საფუძველი, წიგნის გაყიდვა – ორმაგი დარდისა. როცა ცხოვრება თავის მარწუხებს უჭერს ადამიანს და საყიდელია ნავთი, შაქარი, ფხვნილი, მარგარინი, ზეთი და ვერმიშელი, მაშინ სახლიდან მიდიან და გასაყიდად იწირებიან მარკესი, სარტრი, კამიუ, კორტასარი და კაფკა. უშუქობის გამო არ მუშაობს მეტრო და მამა და შვილი, მოთხრობის ,,წიგნების გასაყიდას წასვლა’’ გმირები, ფეხით მიდიან იქ, სადაც დროის და თანამოძმეების დაუნდობლობის გამო გათელილი, შეძრწუნებული, განწირული ადამიანები – განათლებულები, ნიჭიერები, ღირებულები, მაგრამ ახლა სრულიად გაუფასურებულები ყიდიან ყველაფერს,რაც შესაძლებელია და, რაც მთავარია, აქ გამოუტანიათ თავიანთი მტკივანი და ერთი შეხედვით იმედისგან დაცლილი გულები, ოღონდ არამცდაარამც გასაყიდად. ამ გულებში ერთმანეთის სიყვარული და სითბოა და ეს კი არასოდეს გაუფასურდება  და კაპიკებად  არ გასხვისდება. სწორედ ეს იმედი გამოსჭვივის მოთხრობის ფინალში, როცა მამამ შვილის თვალწინ და შვილთან ერთად, წიგნების თანხლებით ,,გადააგორა’’ განსაცდელი, ღირსების შენარჩუნების და ადამიანდ ყოფნის გამოცდა ჩააბარა თავისი თავის და მათ წინაშე, გადაარჩინა იმედი, რომელიც მხოლოდ დასასრულისას  ქრება და აქ მისი გადრჩენა მომავლის არსებობას მოასწავებს.

1 2 3