ზაალ სამადაშვილი მოთხრობები ბიჭებისთვის

,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად  თავისადაო:

  ვინ არის,სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო;

  ვინმცა ქმნა თიხა ჭურჭელად,რას უძღვნის ხელაფსადაო;

  ვით რემა ხნარცვს არ ჩავარდეს, ულაგმო და უსადაო.“

–  დიდებული უბრალოებაა დავით გურამიშვილის ამ სიტყვებში, ახლობელი და სისავსის შეგრძნების მომგვრელი. მართლაც სწავლა, ცოდნა, შემეცნება და შემდეგ კიდევ უფრო მაღალი საფეხური – შემოქმედება ადამიანს უკვალავს გზას საკუთარი თავისაკენ. ურთულესია საკუთარი არსის, ცხოვრების შინაარსის და არსებობოის მიზეზისა და მიზნის შეცნობის გზა, თანაც ყველა თავისებურად გადის მას, განსხვავებული ხერხით, მიმართულებით  და შედეგიც სხვადასხვაგვარია. რა ძნელია ეს გზა, რამდენი საცთური და მახეა მასზე, ყველაზე უკეთ ალბათ მწერალმა, შემოქმედმა იცის. ის საწყის წერტილსაც თვითონ ირჩევს და მწვერვალსაც თავისებურად აღწევს. ზოგი იმპრესიონისტების მსგავსად  ერთი-ორი შტრიხით, რამდენიმე ფერადი ლაქით და მსუბუქი მონასმით მთელ სიცოცხლეს, უდიდეს ტკივილს და არსებობის საზრისს მიაწვდის მკითხველს და თანამოაზრეობის უჩვეულო შესაძლებლობას შესთავაზებს, თანაავტორადაც გაიხდის. სხვა პირიქით, პირველი ამოსუნთქვიდან და ბოლო წუთამდე მთელ გზას გაჰყვება, ეპოქას, დროს, სივრცეს მოიცავს და ამ წყალუხვ მძლავრ ნაკადში ეძებს უმთავრეს მარცვალს. ამგვარი გზის მაგალითი ხომ უამრავია  და ჩამოთვლაც კი  დიდ დროსა და  ადგილს დაიკავებს. ცნობიერების ნაკადი სულის სიღრმიდან, შიგნიდან, დაფარული შრეებიდან ცდილობს ,,ამოიხედოს’’ და ზედაპირზე ამოიტანოს დრო-სივრცის გარეთ გასული, შეგრძნებისა და ფიქრის ველების გადაკვეთით შექმნილი ახალი რეალობა. თუმცა ერთია – რაც არ უნდა აირჩიოს მწერალმა, პირდაპირ თუ ირიბად მაინც სიყრმიდან, ბავშვობიდან მოდის. ბევრჯერ გამეორებით თითქმის ბანალურამდე მივიყვანეთ ეკზიუპერის არაჩვეულებრივი, ელვარე გამონათქვამი, მაგრამ ის, რაც ჭეშმარიტია, ვერ გაცვთება – ყველა, შემოქმედიც და არაშემოქმედიც, შემქმნელიც და მისი კალმით და ფუნჯით შობილნიც, ბავშობიდან მოდიან და ეს ძალიან სწორი, ზუსტი და ბუნებრივი განცდის შედეგად მიღებული დასკვნაა.

ზაალ სამადაშვილის წიგნის  ,,მოთხრობები ბიჭებისთვის’’ გმირებიც ამ ნათელი სამყაროდან – ბავშვობიდან, სიწრფელის კამკამა ჰაერით გაჯერებული სივრციდან მოდიან, გადმოლახავენ ფურცლის საზღვრებს და რეალობაში გადმოდიან. პირდაპირ მკითხველის გონებისა და გულისაკენ მიიკვლევენ გზას . რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა შეიცვალოს ფასეულობების სისტემა და ტექნოკრატულ-მომხმარებლური ცივილიზაციის ყოფის ფილოსოფია და კანონები, როგორც   არ   უნდა    გადმოიწიოს     დროში ცივი     პრაქტიციზმის  სულში  შემოჭრის ზღვარმა,, მაინც ვერაფერი ჩაენაცვლება ადამიანის გაზაფხულის სურნელოვან, წრფელ სუნთქვას, კაშკაშკა ფერებს და მიხვედრის, ახლის დამოუკიდებლად შეცნობის სიხარულსა და რომანტიკულ გნცდას. ვერაფერი შეამღვრევს იმ სათაცეს, საიდანაც უნდა დაიწყოს ცხოვრების მდინარე და როგორიც იქნება სათავე, ისეთი იქნება ის წყლებიც, რომლსაც  მრავალი შენაკადი, წყალდიდობა, მღვრიე ღვარცოფი დაესხმება გზადაგზა თავს, სათავეში ჩადებულზეა დამოკიდებული, როგორ გაუმკლავდება იგი ათასგვარ განსაცდელს და როგორ შეურთდება, სუფთა თუ ბინძური, დასასრულს – ყოვლისგამაერთიანებელ ზღვას, ანუ მიღმურ სამყაროს, ზერეალობას.

ამ სათავეზე წერს ზაალ სამადაშვილი და წერს დიდი ტაქტით, სიყვარულით, სადად და მოქნილი ენით. მისი სტილი ნათელი და რბილია. მწერალი ქმნის სახეობრივ სისტემას, რომლის შემეცნებაც ერთი შეხედვით იოლია, მაგრამ მოჩვენებითი სიმარტივის მიღმა ისეთი სიღრმეა, ის საძირკველია, რომელიც მხოლოდ მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი კულტურის წიაღში შეიძლება არსებობდეს. აქ ისეთი შემოქმედებითი ტრადიციაა არეკლილი, რომელიც თავის უწყვეტობას და მონოლითურობას არა დეკლარირებულად  და პრეტენზიულად, არამედ შეფარვით, შეგრძნებების დონეზე გამოხატავს და ავლენს. ერთი კია – რატომ მარტო ბიჭებისთვის? რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს პირობითი სათაურია და ბავშვობის ნათელ სამყაროში გოგონებიც ისეთივე ფასეულობებს ეზიარებიან და ეჭიდებიან თავიანთი პატარა გულებით, როგორსაც  ბიჭები, ეძებენ ადგილას ამ სამყაროში და ისეთივე მნიშვნელოვანია, დარჩებიან თუ არა  იდეალების  ერთგულნი, ბოლომდე გაიტანენ თუ არა  იმას, რაც სულს ერთხელ დააჩნდა. თუმცა ამ შემთხვევაში, ალბათ,  საკუთარ მესთან იდენტიფიკაციისა და ფსიქოლოგიური უტყუარობის სურვილით მოქმედებდა მწერალი, როცა მკითხველის თვალწინ საოცარი სიფრთხილით, ფაქიზად და თან უშურველად, დაუფარავად, შეულამაზებლად გადაშალა პატარა ბიჭების – პატარა მოაზროვნეების, პატარა რაინდების, პატარა ადამიანების სამყარო და მათ დიდ კაცებად გარდაქმნის გზა.

         პირველივე მოთხრობა – ,,ის მივიწყებული ქალაქგარეთ წახეტიალება’’ აცოცხლებს წარსულს და ზუსტად, ხელშესახებად გამოკვეთს იმ საფუძველს, რომელსაც დაეყრდნო მწერლის სამყაროდა მხოფლმხედველობა. სადა მხატვრული  ქსოვილი აცოცხლებს გარდასულს. წარსული არსად არ გამქრალა, არც მისი დავიწყებაა შესაძლებელი, ის თავისი ფერადოვნებითა და სისხლსავეობით მუდმივად არსებობს. ბიძის – თხემით ტერფამდე შემოქმედის,  ნამდვილი შემოქმედის, შინაგანი თავისუფლებით განათებული სივრცე არის ის ფესვი, რომელმაც უნდა მისცეს საზრდო მომავალს, განაპირობოს ადამიანისა და შემოქმედის არსი. ბიძის მიერ  ძალდაუტანებლად მოწოდებული ბუნების, ადამიანის, მარადისობის აღქმის გაკვეთილი ქმნის პოეტური არმის და შემოქმედებითი ნაპერწკლის გაჩენის პირობებს. ნატვრის ხემ იტვირთა მნიშვნელოვანი ფუნქცია: მან ერთდროულად ხორციელი და სულიერი, სხეულით, ყოველი ნერვით, შეურყვნელი პატარა გულით და მძაფრი  წარმოსახვით  თავდაპირველად   საგრძნობი და  შემდგომში კი   სახეებში გამოსახატავი  ფორმა მიიღო და ერთგვარ  ხიდად, არხად იქცა, რომლის მეშვეობითაც ბიძის სულიერი სივრციდან ჯერ ბიჭის, შემდეგ კი კაცის სამყაროში გადაიზიდა სულიერი გამოცდილება, შემოქმედებითი  იმპულსები, სამყაროს წრფელი, უკიდურესად ადამიანური  და პოეტური აღქმა, დაფუძნებული პირველქმნილ, არქაულ სიწმინდესა და სისავსეზე. ამ ერთმა დღემ თავის თავში უდანაკარგიდ შეინახა წარსული, შექმნა აწმყო და თავისი მუდმივი არსებობით საფუძველი ჩაუყარა მომავალს:

                 ,,არა, სიტყვებს კვლავ ვერ გავარჩევ, უბრალოდ ახლად გასრულებულ ნაწერს რომ მივუბრუნდები და სასიამოვნო დაღლილობასთან ერთად ფიქრის, წერის გაგრძელების დაუოკებელ სურვილს ვიგრძნობ, ვირწმუნებ, რომ ჩემ მაგივრად ჩათქმული ნატვრა ახდა, ახდა დიდი ხნის შემდეგ, როცა აღარც ტრამვაები დახრიგინებენ ვერის აღმართზე და აღარც გლენ მილერს ბაძავენ საზაფხულო ფილარმონიის ესტრადაზე’’(,,ის მივიწყებული ქალაქგარეთ წახეტიალება’’).

                 წინა კაცი უკანასთვის მართლაც საყრდენია. წარსულის სახე და წინაპარი მართლაც ის ძალაა, რომელიც სიმყარეს ანიჭებს შემდეგ მოსულს. ეს შეგრძნება სრულად აირეკლა მოთხრობაში ,,ესკიზი პორტრეტისათვის’’. არისტოკრატულად დახვეწილი, არაქედმაღლურად ამაყი, კეთილშობილებით სავსე პაპის პორტრეტი და ადამიანურობის სითბოთი გამსჭვალული მისი საქციელი იქ არ დამთავრებულა, სადაც მოხდა, ანუ ის არ ეკუთვნის მხოლოდ იმ წუთს და წერტილს, იმ დროსა და სივრცეს, სადაც ქმედება ხდება. მხატვრული ტექსტის ჯადოსნური ბუნებისა და ადამიანის აღქმის უსაზღვრო შესაძლებლობების მეშვეობით ერთი კარგი კაცის კარგი საქციელი იძენს სიმბოლურ და სულის მაცოცხლებელ მნიშვნელობას, ბევრად უფრო ფართო და ღრმა აზრს და ესთეტიკურ  ზემოქმედებასთან ერტად მსოფლმხედველობრივ შედეგსაც იწვევს – გარდასული იქცევა აწმყოში ადამიანის ნუგეშად და საყრდენად, რადგან სიკეთეს არ აქვს დასასრული დროში:

                 ,,ახლა, როცა ძალიან გამიჭირდება ხოლმე,საფიქრალისა და საკეთებლის სიმძიმე როცა შემაკრთობს ხოლმე, ეს უმეტესად საღამოობით ხდება, ფანჯარასთან მივდივარ, ბალღივით მინაზე ცხვირმიჭყლეტილი გაცყურებ ბნელ ქუჩას და ვცდილობ დავინახო თავდაღმართში მიმავალი მაღალი კაცი, რომელსაც ახალუხის კალთის ქვეშ შეფარებული, გასაჭირისაგან დახსნილი, გულგამთბარი ბიჭი მიჰყავს…’’(,,ესკიზი პორტრეტისათვის’’)

                  რა არის სითბო? საიდან მოდის ის და სად ქრება, სად მიდის? გიორგი ლეონიძისა არ იყოს, სილამაზის და ბროწეულის ყვალილებში აელვარებული მშვენიერებისა არ იყოს? ალბათ ყველა ადამიანს და ყველა შემოქმედს თავისებური პასუხი აქვს და ამავე დროს რაღაცით მსგავსიც იქნება მათი შეგრძნება. ,,გარსევანი’’ მოთხრობაა სითბოზე, რომელიც ისე  განზავებულია ცხოვრების  არეულ და ჭრელ  სხეულში, რომ უცებ არც იგრძნობა, მაგრამ ეს მაინც არის მოთხრობა სწორედაც სითბოსა და ტკივილის ერთიანობის მნიშვნელობაზე. მონატრების და წარმავალობის განცდის ფონზე იკვეთება პატარა ბიჭის კაცად ქცევის, მეგობრობის, თანადგომის უმძლავრესი და უმნიშვნელოვანესი ნაკადის ცხოვრების მდინარესთან ერთი შეხედვით თითქმის შეუმჩნევლად შერთვის სურათი. ყველაფერი არ არის და ვერც   იქნება  პატარა   ბიჭის   ცხოვრებაში    დაწყობილი,  მაგრამ   თუ   გულში   არის სიყვარულის, კეთილშობილების, ღირსების გრძნობა, ის შეძლებს  იპოვოს  შესაფერისი კალაპოტი აზრიანი არსებობისთვის.

                  ამ კალაპოტს კი ქმნის მრავალი წამი, დღე, ერთი შეხედით თითქოს უმნიშვნელი მოვლენა, ქმედება, სახე, მაგრამ ქმნის, გაჰყავს, ჰკვალავს ჯიუტად, დროსთან შერკინებული იმ უცნაური ახალი არსებობის ფორმის, სუბსტანციის მფეთქავი, ცოცხალი ,,ხელებით’’, ძალით, რომელსაც შეიძლება ადამიანურობის მხატვრული ქსოვილის წვრილმანებში გასნსხეულებით წარმოქმნილი ახალი სიცოცხლეც ვუწოდოთ. ასეთი ეპიზოდია აღწერილი მოთხრობაში ,,სანდრო კანდელაკის ჩექმა’’ – დიდი ძლიერი კაცის ჩექმა, ამ ჩექმიდან ამოყვანილი პატარა ბიჭი და ის განცდა, რომელიც მერე უნდა აღიძრას: შექმნის, ხელახლა გაცოცხლების, დროის შემობრუნების და საწყის წერტილთან დაბრუნების  –  თითქმის მაგიური მოვლენა სცილდება პატარა სასრული ეპიზოდის და ბრტყელი, თუნდაც ორგანზომილებიანი გამოსახულების  ჩარჩოებს. ეს მოთხრობა თითქოს შეფარული მცდელობაა გაენდოს მკითხველს, სულ ახლოს მიიყვანოს იგი შემოქმედის დაფარულ შეგრძნებებთან, გადასცეს ის ენით გამოუთქმელი, რამაც აიძულა ადამიანი – უკვე იგი  – წელში გამართულიყო და რაც გარე სამყაროდან მასში აირეკლა და დაილექა, თავის გულში გარდაქმნილი და მზერის პრიზმაში გარდატეხილი ხელახლა გამოეტანა გარეთ – ფურცელზე, ტილოზე, თუნდაც ქვიშაში, გამოქვაბულის კედელზე…

                  მაინც რა არის პატარა ადამიანის დიდ და ნამდვილ ადამიანად გარდაქმნის გზაზე მთავარი? თავიდან მისი სამყაროც მასავით პატარაა – დედა, მამა, სახლი, ადამიანები, მაგრამ არც ისე ბევრი… თუმცა თუ მისი ამ ქვეყნად მოსვლის პირველივე ნაბიჯს და პირველივე გააზრებულ მზერას  სიყვარული, სითბო, თანაგანცდის უნარი  შეეგებება და დახვდება, ადამიანი აუცილებლად შედგება ადამაინად. მოთხრობაში ,,დეზი’’ პატარა ბიჭის არც ისე დიდ სამყაროში შემოვიდა ერთი ბეწო ფუმფულა, თბილი, ცოცხალი გუნდა – ძაღლის ლეკვი დეზი. შემოვიდა და თან მოიტანა ყველაფერი ის, რისგანაც შედგება სიცოცხლე  – სიყვარული, გულისტკივილი, დანაკარგის შიში, გადარჩენის სიხარული. ცხოველთან ურთიერთობა წარმოაჩენს და,  მგონი, ქმნის   კიდეც ადამიანს და ეს ნათლად ჩანს ,,დეზის’’ თბილ, მართლაც ლეკვის სხეულივით მთრთოლავ და ფაფუკ ქსოვილში.

1 2 3