მოთხრობაში ,,დელ პიეროს მაისური’’ იმედის პატარა მარცვალს, სითბოს აღვივებს ბიჭი, მართალია ტყუილით, მაგრამ ეს უფრო რაღაცნაირი ინდივიდუალური სპექტაკლია, ,,კეთილშობილი’’   პერფომანსი, რომელიც სიყვარულმა შექმნა. იგი ტყუის დედისთვის, ქმნის ასკისთვის საკმაოდ რთულად განსახორციელებელ სცენარს და მოქმედებს მის მიხედვით, რადგან  უნდა, რომ ვითომ მამისგან მიღებულმა წერილმა და ფულმა დედას მწარე ცრემლის ნაცვლად დაუბრუნოს სიხარული, სითბო, იმედი, რომ არაფერი გამქრალა, რომ სიყვარული არსებობს. მართლაც არაფერი გამქრალა, აქ მართლა არსებობს  დიდი სიყვარული ბიჭისა დედის მიმართ და სიყვარული საწინდარია სულის ზეიმის, გამარჯვების დრესასწაულის, არსებობის სისავსის შეგრძნების, რომელსაც ასე სადად, მოქნილი სახეებით გადმოსცემს მწერალი:

    ,,დედას ტირილი აუვარდება. ცრემლებს რომ მოიწმენდს, როდის-როდის ხელების კანკალით გახსნის კონვერტს და წერილს ამოიღებს. აქამდე დაძაბული ბიჭი კიდევ უფრო დაიძაბება…

    და როცა დედის  თვალებში სიხარულს ამოიკითხავს, ისეთივე გრძნობა დაეუფლება, როგორიც  DELLEALPI – ზე პირველად გასულ ალესანდრო დელ პიეროს, რომელსაც ყურებში ტრიბუნების გუგუნი ჩაესმის FORZA JUVE!!!’’(,,დელ პიეროს მაისური’’).  მოულოდნელი მხატვრული სახე – მაისური კრავს შინაგან მთლიანობას და სათქმელს უკიდურეს სინათლეს ანიჭებს.

                 ადანიანებს შეუძლიათ გაუსაძლისად უქციონ ერთმანეთს ცხოვრება, მაგრამ უცებ, ერთ წამში, მოულოდნელად, ერთი ხელის მოსმით  მისი ცოტა ხნით მაინც ზღაპრად გადაქცევის უნარიც აქვთ. ეს შეგრძნება, ადამიანური ურთიერთობების ზღაპრის წარუვალობა აირეკლა მოთხრობაში ,,ჩრდილოეტის ფარეხი’’.ცხოვრებამ გარიყა პატარა ადამიანები, გაამწარა, სიცივით და ტკივილით დასერა მათი  კუთვნილი სამყაროს ნაგლეჯები, მაგრამ ადამიანმავე შექმნა ზღაპარი მათთვის –  თანადგომის, გადარჩენის ზღაპარი. ამ ზღაპრის წვეთებს ამოიტაცებს  მწერალი ცხოვრების მღვრიე  ნაკადიდან  და სიტყვებად ქცეულ სითბოდ გადააქვს ფურცლებზე. ეფემერული კეთილი ფერიის უკან ამ მისტერიაში ადამიანი დგას, თავისი საუკეთესო სახით და ბავშვის სუფთა გული უმალვე ხვდება ამას.   როგორი დაუნდობელიც არ უნდა იყოს რეალობა, მისი გამკლავება შეუძლია ადამიანს, თუ დასძლევს უმთავრეს მტერს – შიშის. ეს განცდა ზუსტად აისახა მოთხრობაში  ,,კიდევ ერთი   გადაადგილება დროში’’:

                   ,,ერთ რამეს მივხვდი, ძალიან მნიშვნელოვან რამეს. ბოლო-ბოლო, ვიღაცის, გინდ ძველი ბიჭი იყოს და გინდ სხვა ვინმე, იმიტომ გეშინია, რომ იცი, ის ვიღაც ფიზიკურ ტკივილს მოგაყენებს. თუკი ისიც გეცოდინება, რომ ტკივილს გაუძლებ, შენში ჩაბუდებულ  შიშს ჯერ თვალები დაუპატარავდება, მერე თვითონაც დაპატარავდება და მერე სულ მთლად გაქრება…’’ (,,კიდევ ერთი   გადაადგილება დროში’’). ესეც კიდევ ერთი გზის გაკვლევა, მიმართულების დასახვაა ჯერ კიდევ სულ ნორჩი სულისთვის, ასეთი შეგრძნება სიყრმეში უნდა შემოვიდეს, თორემ მერე გვიან იქნება და განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია რეალურ დრო-სივრცეშიც და მხატვრულ ტექსტშიც, რომ მორალის კითხვისა და ჩიჩინის ელფერი არ დაედოს და ვხედავთ, როგორ ტაქტიანად, მარტივად და ემოციურად  აწვდის შიშის დაძლევის ამბავს და გზას თავის მკითხველს მწერალი.

                    ადამიანურობის კანონი უძლეველია. ეს კანონი ყველგან მოქმედებს და ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში მის ამოქმედებას ემყარება გამოსავალი, მომავალი, შედეგი, რომელიც ან მარადიულ, სულიერ ფასეულობებს დაემყარება, ან ცოდვის და სულის განადგურების ბნელ იმპულსებს – იმოსდამოხედვით, დაემორჩილა თუ არა ადამიანი ამ კანონს.  მოთხრობა ,,ერთი პასუხის ამბავი’’ ნათლად გვიჩვენებს გზის გასაყარზე მდგარ ადამიანში, ჯერ მოუმწიფებელში, შეურაცხყოფილში, ადამიანურობის კანონის გამარჯვებას. ბიჭმა შეძლო  დამდგარიყო წყენაზე, დამცირებაზე, უსამართლობისა და უზნეობისათვის თითქოს საკადრის, მაგრამ მისი სულის გამანადგურებელ შურისძიებაზე მაღლა, გადაეგდო დანა, არ დაერტყა  ნაძირალა სიძისთვის და მოთმინების, დიდსულოვნების შარავანდედით მოსილი – არ არის პათეტიკა, მოთხრობამ ბუნებრივად  დაბადა ეს სახე – გასულიყო ახლობლებზე პასუხისმგებლობის, სიყვარულის გზაზე – კაცის გზაზე:

                     ,,ზურას ფეხებჩაჟანგებულ, დასაკეც საწოლზე სძინავს, ჩვილს – ხის საწოლთან მიდგმულ საბავშვო ეტლში, ორივე  მშვიდად ფშვინავს, ორივე გულაღმა წევს.

                      ზურა სიზმარში მამას ხედავს, მთელი სახით გაღიმებულ, მაღალშუბლიან კაცს, რომლის შავჩარჩოიანაი ფოტოსურათი კედლიდან დაჰყურებს მძინარეებს.

                      მამებს ყოველთვის უხარიათ და ეამაყებათ შვილების დაკაცება, ალბათ გარდაცვლილ მამებსაც.’’ (,,ერთი პასუხის ამბავი’’).

                       ,,ანა და ჭრლშარფიანი ბიჭი’’… ამ მოთხრობასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და თუმცა ყოველთვის ვცდილობ ჩემი პერსონითა და პირადი განცდებით არ ჩავერთო ანალიზის ნაკადში, ახლა უნდა გადავუხვიო და ვთქვა, რომ ეს მოთხრობა მაშინ შემოვიდა ჩემს საკუთარ ,,წიგნისმიერ ქვეყანაში’’ – უამრავი სახითა და სახელით, პეიზაჟითა და მოვლენით თანდათან ხორცშესხმულსა და მუდმივად მზარდში  ახალი მხატვრული სამყაროების გაცნობის კვალდაკვალ –  როცა ვიწყებდი ლიტერატურის წიაღში გზას. ერთ-ერთი ადრინდელი წერილი, რომელიც ასევე წლების წინათ გამოცემულ წიგნში შევიდა, ზაალ სამადაშვილის მოთხრობებს ეძღვნებოდა და მათ შორის ამ მოთხრობასაც, რომელმაც განსაკუთრბული შთაბეჭდილება დატოვა. მაშინ მეჩვენებოდა, რომ ეს არ არის სასწაული, არამედ მხოლოდ ყოველდღიურობის პოეტურად  მოწოდებული ხატია. რომ ცხოვრება სავსეა ჭრელშარფიანი ბიჭისა და ანას ურთიერთობის მსგავსი ნათელი სურათებით, რომ ეს ჩვეულებრივიც კი არის, თუმცა ამიტომ სულაც არ კარგავს  მიმზიდველობას, ელვარებას. ახლა, როცა დრომ ბევრი რამ შეცვალა და სკეპტიციზმი სულ უფრო ხშირად ესხმის თავს ჩვენს თითქოს კარგად დაცულ შინაგან სამყაროს, მგონი ისე გამოდის, რომ ბევრი ასეთი გოგოსა და ბიჭისთვის ჭრელი შარფის (პოეტურობის სიმბოლოდ წარმოსდგა) ნაცვლად  საოცნებოდ ქცეულა კორპორაციული ჭრელი ჰალსტუხი, სერტიფიკატი ჩარჩოში, კედელზე და კარიერის საფეხურებზე ასვლა კი არა, არბენა და კერპადქცეული წარმატება. შესაძლოა, ეს ვინმემ პროგრესად მიიჩნიოს და ისიც  შესაძლოა, რომ გარკვეული თვალსაზრისით ასეცაა, მაგრამ  მაინც რატომღაც მჯერა, რომ ჭრელშარფიანი ბიჭი და ანა არც  ახლა არიან უმცირესობაში. ასეთი ადამიანები ყოველთვის ცხოვრების მარილი, ყოფის აუტანელ სიმსუბუქესთან შეჭიდებული სულის სიღრმის და სიმძიმის გამომხატველნი იყვნენ და ეს არსად გამქრალა, თუნდაც იმიტომ, რომ მწერალი, რომლის ტექსტებსაც ახლა ვესტუმრეთ, არასოდეს ასახავს იმას,რაც აღარ არსებობს, რაც გაქრა და არც თავის წიგნში შეიტანდა. ის ხატავს იმას, რაც ღირებულია ესთეტიკურად და  სამაგალითოდ და მუდმივადაც მიიჩნევს. ერთი წუთითაც ვერ შეამჩნევთ, რომ მას უკანასკნელი მოჰიკანების ასახვის სურვილი გასჩენოდეს: ფურცელზე გადმოაქვს მხოლოდ ის, რაც იყო და იქნება.  ამიტომ, მიუხედავად, ჩემი ჩვეულებრივ პესიმისტური განწყობისა და ბუნებისაც კი, ვფიქრობ, რომ ამ ტექსტების მიღმა მაინც რეალობა, სინამდვილე ჩანს, სადაც მუდამ იარსებებენ  პოეტური  სულის მქონე ადამიანები – ჭრელშარფიანი ბიჭი და ანა,  რომლებსაც არ დაღლით და არ მობეზრდებათ  უანგარო, არაპარაქტიკულ-არაპრაგრამატული ურთიერთობა.

                           ასეთივე კარგი ადამიანების და წრფელი ურთიერთობების მაუდმივობის, ყველანაირ ვითარებაში გამძლეობის  შეგრძნება აღძრა მოთხრობამ ,,ფეხსაცმლის  საყიდლად წასვლა’’. აქ მწერლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება გამოჩნდა – ის დეტალების გადმოცემის ოსტატია. მოთხრობის სიბრტყეზე თანმიმდევრულად განლაგებულ მოძრაობათა  ზუსტ სქემას, რომლის ყველა მონკვეთი   ცალკეა გამოკვეთილი და განათებული და ცალკეულ დეტალებს მწერალმა რელიეფურობა, სიცოცხლე, სიღრმე სულის მოძრაობის გამოხატვითა და მძაფრი, მაგრამ არა მანიერისტული, არამედ გულწრფელი  ემოციურობით მიანიჭა.

                ყველაფერი, ფიზიკური და სულიერი, სტატიკა და დინამიკა ერთმანეთთანაა კავშირიში და ისე ემორჩილება თითოეული სეგმენტი ტექსტისა ერთიმეორეს, რომ საბოლოო შედეგი, მთლიანაობაში აღქმული, უკვე  ახალი ცოცხალი რეალობის შეგრძნებას აღძრავს. ამასთან ამ სამყაროს აქვს გარკვეული მსოფლმხედველობრივი საფუძველი, რომელიც სულ იგრძნობა – ყველა ტექსტში. მოთხრობა ,,სამაგიდო წიგნებს მხოლოდ მამაკაცები წერენ’’  კი პირდფაპირ აყალიბებს ფასეულობათა სისტემას, ამყარებს მას რეალური მაგალითებით,  თავის მხრივ მასაც მაგალითად აქცევს და ზუსტად განსაზღვრავს  შემოქმედის  ადამიანურობის კანონის ფარგლებში არსებობის საზღვრებს, პასუხისმგებლობას და ასე აწყობილი არსებობის მშვენიერებასაც კი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  ის, რასაც მწერალი გრძნობს, შემდეგ კი სახეებში გადმოსცემს, გარე სივრცეში უკვე უნდა იქცეს საქმედ.  ეს მისი პასუხისმგებლობა და ვალია მკითხველის და ღვთის წინაშე, რადგან თუ სიტყვა ვერ გაცოცხლდა და სიყალბედ იქცა, იქ ჩნდება ციდვა. სწორედ ამ ცოდვა-მადლის ამბავს ყვება მოხუცი მოთხრობაში ,,საშობაო ამბავი’’. არ არის ეს კაცი და არც ამბავი ტკბილი, გადაშაქრული, ყურის დატკბობისა  და ყურადღების მოდუნებისათვის მოთხრობილი, არამედ სიფხიზლისა და სინდისის გამოღვიძებისათვის, მაგრამ ,,იმის მიუხედავად, რომ ტკბილ პაპაზე მეტად ათას ფათერაკგამოვლილ, ნაჯაჯგურებ კაცს ჰგავს, ამბავი მაიონც ისეთი გამოსდის, ტკბილი პაპები რომ ჰყვებიან’’(,,საშობაო ამბავი’’).

კარგი წიგნია ზაალ სამადაშვილის ,,მოთხრობები ბიჭებისათვის’’,რაღაცით ჰგავს ამ პაპას, რომელიც ბევრ ტკივილს და დარდს შეხვედრია გზაზე, მაგრამ მაინც ტკბილი ამბავი გამოსდის. იმ განცდასაც აღძრავს მოთხრობების კრებული, რომ ის ბიჭები, ის ადამიანები, რომლებიც მისი ყდის მიღმა ,,ცხოვრობენ’’, სცილდებიან წიგნის საზღვრებს, ჩარჩოებს, ამოდიან ტექსტის სიღრმიდან და რეალურ სივრცეში იფანტებიან, მათ შეერევიან, ვისთვისაც დაიწერა ეს  მოთხრობები. ბიჭები კაცდებიან. მათ გზაზე უამრავი განსაცდელი, გამოცდა და საცთურია – მატერიალური, მიწიერი ბრჭყვიალა მახეები, რომლებშიც  სატყუარად კეთილდღეობა, დაკმაყოფილებული პატივმოყვარეობა,  ძალაუფლების თავბრუდამხვევი განცდაა ჩადებული, ან საპირისპიროდ, უსამართლობა, ტკივილი, ბოღმა, მოგვრილი მოყვასის უგულობით და სასოწარკვეთილება დაემუქრება მათი სიცოცხლის გზას გამრუდებით, სულაც გეზის არევითა და  გაუდაბურებითაც კი. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაუძლონ, რომც წამით შედრკენ, მაინც, ალბათ, სათავეში წმინდა მდინარე თვითონვე გასწმენდს საკუთარ  თავს  და სწორ, ღირსეული ადამიანის შესაფერის კალაპოტს დაუბრუნდება. ასე რომ არ იყოს, ყველაფერი სიყალბე იქნება, უმთავრესი – სიტყვაც კი. ამ ტექსტის სისუფთავე, სიხალასე, ადამიანის სიყვარული და სითბო კი ყოველთვის შეძლებს შეერკინოს გარესამყაროს და არ მისცეს მას ადამიანის სულის და სიტყვის გაყალბების უფლება.

 

 

 

1 2 3