მართალია XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ სიტყვიერებაში არ არსებობდა არცერთი კრიტიკული სტატია ამ რჩეულ პოლონელ რომანტიკოსზე, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელიც გახლდათ საგამომცემლო პირობების უქონლობის გამო. და თუ სტატიებიც, კვლევებიც და ბიოგრაფიული მონაცემებიც მოგვიანებით გაჩნდებოდა ქართულ პერიოდიკაში, ჟურნალისტიკისა და სამოციანელთა საგამომცემლო მოღვაწეობის აყვავების ჟამს, დაე ნუ დაგვავიწყდებოდა, რომ:
ორიენტირი უკვე ნაპოვნი იყო!..
ადამ მიცკევიჩი გახდებოდა ამოსავალი პოლონურ ლიტერატურასთან ჩვენი მიახლოებისას.
ხოლო „ფარისი“ – ერთგვარი გასაღები ანალოგიებისათვის, უკუქცევებისა და შეპირისპირებებისათვის.
წიგნის ავტორები შეგვპირდებოდნენ, რომ: ადამ მიცკევიჩისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ ქართველ კრიტიკოსთა მრავალრიცხოვან ნაშრომებს მეორე ტომში განიხილავდნენ, რაკიღა ისინი XIX საუკუნის მიწურულს მიეკუთვნება, მაგრამ აქ მაინც გამოთქვამდნენ ზოგიერთ დაკვირვებასა თუ ჰიპოთეზას:
ქართველი რომანტიკოსი პოეტი შესაძლოა შეხვედროდა გადმოსახლებულ პოლონელებს. ისიც და „კავკასიელებიც“ ერთ წრეში ტრიალებდენ. თადეუშ ლადა-ზაბლოცკის მიმოწერა ჰქონდა ბარათაშვილის მეგობართან – მიხეილ თუმანიშვილთან, აგრეთვე იცნობდა ეკატერინე ჭავჭავაძესაც, რომელიც ასე უიმედოდ უყვარდა ბარათაშვილს.
ამგვარად: მათი ნაცნობობა არა მხოლოდ ლიტერატორთა სასურველ ვარაუდად უნდა მიგვეჩნია, არამედ სავსებით შესაძლებელ ცხოვრებისეულ სიტუაციადაც.
ეს ყოველივე გამჭვირვალე მინიშნებაა, თუ რას ფიქრობენ ავტორები მსოფლიო ლირიკის ამ ორი შედევრის თაობაზე, თუმც უშუალოდ რაიმეს თქმას ჯერჯერობით ერიდებიან და ღიად ტოვებენ შეკითხვას:
იცნობდა თუ არა ბაარათაშვილი „ფარისის“ ტექსტს, თუ ამ ორი პოეტური ნიმუშის გადაკვეთა ეპოქის წამყვანი იდეების გავლენის ნაყოფი გახლდათ?
საერთოდაც არაერთი თემა თუ მოტივია წამოჭრილი ამ წიგნში, გაშლა-გაღრმავებას მომდევნო ტომში რომ გვპირდებიან მკვლევარები, ამავე განზრახვით ჩაფიქრებულში: ისიც აქტუალური იყოს არამარტო ლიტერატურის ისტორიკოსთათვის, არამედ სხვა ბევრისთვისაც, რომელთაც სურთ გაიფართოვონ წარმოდგენა მშობლიური სიტყვიერებისა და იმ მრავალმხრივი სამყაროს შესახებ, კავკასია რომ წარმოადგენს. და ჟურნალისტებიც და მოგზაურებიც უკეთ გაერკვნენ ქართულ რეალიებში და გაერიდონ ზედაპირულ ცნობებს, შეცდომებს, უზუსტობებს, სტერეოტიპებსა და პოლიტიკურ მიკერძოებებს.
***
მდინარესა ზედა მტკვრისასა ვისხედით და ვტიროდით და გიგონებდით შენ, ვარშავა…
ეს ცრემლები უნდა მიგნებულიყო და შემონახულიყო კურცხალ-კურცხალ, წლების დაუღალავი ჯაფა და გარჯა მხოლოდ ნელ-ნელა რომ შეგავსებინებდა სურათებს, ძნელად და ძალზე ძნელადაც რომ იკვროდა პანორამა, ხან ლამის ხელსაც რომ ჩაგაქნევინებდა წამოწყებაზე გულისგამაწვრილებელი ძებნა-ჩხრეკა არქივებში… მაგრამ პოლონელ გადასახლებულ პოეტთა თბილისური ჯგუფი არაფრისდიდებით არ უნდა ჩაძირულიყო ბუნდოვანებაში და არც ცალკეულ ფრაგმენტთა იმედად დარჩენილიყო, ერთ წიგნს მეორეც უსათუოდ რომ ამოუდგება გვერდით… და ეგებ მესამე ტომიც ილანდებოდეს თვალსაწიერზე.
რისთვის ეს უჯიათი შრომა?
რისთვის ეს შეუპოვარი ძიება?
სამშობლოსათვის… სამშობლოსათვის, ბატონო!..