და მკვლევარები თავიანთი წიგნის პერსონაჟებს მიიჩნევდნენ იმის ღირსად, რომ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, მაგრამ გულითადი პატივისცემით გაეხსენებინათ მათი ცხოვრება, როგორც განსაკუთრებული მოვლენა პოლონეთის ისტორიაში: ნოემბრის ამბოხების ჩახშობიდან იმპერატორის ამნისტიამდე – 1856 წელს რომ გამოვიდოდა და ნებას დართავდა ზოგიერთ გადასახლებულს შინ დაბრუნებისა.
პოლონელთა ასეთი დიდი ჯგუფი, რომელიც უაღრესად გამორჩეულ კვალს დატოვებდა კავკასიის ცხოვრების ყველა სფეროში, შემდგომ აღარც გაჩნდებოდა, და სწორედ ამ პოლონელთა ყოფნა საქართველოში ჩაუყრიდა საფუძველს ქართულ-პოლონურ ურთიერთობათა ტრადიციას; ამიტომაც შეიქნებოდნენ ისინი ფუძემდებელნი ერთ-ერთი უძველესი და ორიგინალური „პოლონიისა“ – პოლონური დიასპორისა – რომელიც დღესაც განაგრძობს არსებობას.
საგანგებოდ მოიხსენიებდნენ ვლადისლავ იურკოვსკის ბარათებს, როგორც მნიშვნელოვან მეგზურსა და შემწეს იმ დროის სიღრმისეულად და მართებულად გააზრებისათვის; რადგანაც ამ წერილების წყალობით „კავკასიელთა“ პოეტური მემკვიდრეობა დრამატიზმის ახალ ექსპრესიასა და მასშტაბს იძენდა.
ესეც ის დოკუმენტი, რომელიც ყველაზე მეტი სისრულით გამოხატავდა კავკასიაში პოლონელთა თვითშეცნობას პირველ და ურთულეს ხანაში: 30-40-იანი წლების მიჯნაზე, როცა განსაკუთრებით არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ პოლონელები მეფის არმიაში, და როცა ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა მთებში. და აგერ ხელთ გეპყრა იმ დროისა და მისი თანმდევი მოვლენების ყველაზე აშკარა წერილობითი მოწმობა – მიუკერძოებელი თვალთახედვით განსჯილ-გააზრებული.
და ეს მაშინ, როდესაც:
– ჩრდილო კავკასიის წარმომადგენლებმა არ დატოვეს წერილობითი საბუთები; რუსი ავტორები, რომელთაგანაც ბევრი თანაუგრძნობდა მთიელებს, მოვლენებს ბარიერის სხვა კუთხიდან აღწერდნენ. ერთი სიტყვით, გაირკვა, რომ ისე რეალისტურად და დეტალურად ვერავინ აღწერა ის ომი, როგორც იმ ფრიად განათლებულმა ჯარისკაცებმა, რომლებიც ძალით იყვნენ ჩაბმულნი იმდროინდელ საომარ მოქმედებებში.
თუნდ 1840 წლის 11 მარტით დათარიღებულ ბარათში რომ ჩავიხედოთ, ანჯეი ცეხანოვსკის მონაწილეობაზე რომ გვამცნობს ჩერქეზებთან ბრძოლებში, ჩრდილო დაღესტანში. მუდამ მგზნებარე, მხურვალე ფიქრითა და გრძნობით სავსე, შეეცდებოდა იქაც რაც შეიძლება მალე შეჰყროდა ულმობელ ბედს. და იმ სამხედრო კამპანიის კაპიტანი არიერგარდში დარჩენას რომ შესთავაზებდა, იმიტომ, რომ მთებში ჩერქეზთა დიდი ბრბოები დაეხეტებოდნენ და მოსალოდნელი იყო საშინელი ბრძოლა:
– მამაცი ჯარიკაცი არ დაემორჩილა კაპიტნის ბრძანებას, შესაძლოა თხოვნასაც, და მაშინვე გაჰყვა უკან, როგორც ჩრდილი – მზეს. მრისხანე ბრძოლა გაიმართა. ასე იცავდნენ ოდესღაც ესპანელები სარაგოსას, მამაცურად და თავგანწირვით, და ძალა არ შესწევდათ, წინააღმდეგობა გაეწიათ ძლიერი მტრისთვის, იარაღს ასხამდნენ შვილებს და ცოლებს… ლაშქარი შეტევაზე გადავიდა, შეებნენ ერთმანეთს, გააფთრებით იბრძოდა ორივე მხარე. კაპიტანი მიწაყრილზე მოკლეს, რომელზე ასვლაც მოესწრო. ცეხანოვსკი მაშინვე უკან მიჰყვა, ცეცხლში შევარდა, ავიდა მთაზე, უფრო სწორად გააზრებულად დადგა სასიკვდილო დარტყმის წინაშე, და ტყვიით განგმირული დაეცა, არ ვიტყვი, დიდების ველზე-მეთქი, – დიდება მას ზიზილპიპილოების ბრჭყვინვად მიაჩნდა, არამედ უბედურების ველზე, უბედურებისა, რომელიც ასე მრავლად არგუნა ბედმა… ო, ღმერთო! აჰ, პანი ცეხანოვსკი აღარაა ცოცხალი. მასთან ერთად ბევრი, ბევრი რამ დავკარგე, ეს ისეთი დარტყმაა, თითქოს ჩემი გული დაქვრივდა, მხოლოდ უკვდავების რწმენა მგვრის ნუგეშს.
ესეც ერთი ტრაგედია ყოფითი სინამდვილისა, როდესაც დამონებული ერის შვილს ძალით გაბრძოლებენ სხვათა დასამონებლად, და შენი ქვეყნის თავისუფლებისათვის თავგანწირულმა – ულმობელი ბედის განჩინებით – სხვას უნდა წაართვა თავისუფლება… და ეს რომ არ მოხდეს, ნებით უნდა შეეგებო სიკვდილს…
გამზადებული ნოველა ჩამალულა ბარათის ამ პასაჟში!..
ამასთან:
იუზეფ იგნაცი კრაშევსკისადმი გაგზავნილი ბარათები ცხადყოფდა გადასახლებულთა კავშირს სამშობლოს ლიტერატურულ ცხოვრებასთან, განსაკუთრებით პოლონეთის განაპირა მხარესთან, სად ასერიგად ტრიალებდა თავისუფლების წყურვილი და საიდან გახლდათ წარმოშობით „კავკასიელთა“ უმრავლესობა.
და სათითაოდ რომ ჩამოჰყვებოდნენ წიგნის ავტორები გადასახლებულ ლიტერატორებსა და მათ მწარე ხვედრს, ჯერ მარტო ჩათვალიერება ამ გალერეისა, ამ გვარ-სახელთა გაცნობა თავისებურ მელოდიადაც ჩაგვესმის, სევდიან და აღმტაც მუსიკად: თადეუშ ლადა-ზაბლოცკი თუ ვლადისლავ სტშელნიცკი, ლეონ იანიშევსკი თუ ქსავერი პეტრაშკევიჩი, მიხალ ანჯეიკოვიჩ-ბუტოვტი თუ ვოიცეხ პოტოცკი, მატეუშ გრალევსკი თუ ვლადისლავ იურკუვსკი, ფლორიან ზელინსკი თუ სტანისლავ ვინიცკი, ჰუგო კორსაკი თუ არისტარქე სოსნოვსკი, იან ზალენსკი თუ იულიუშ მუჩლერი, კონსტანტი ზახი თუ ფრანციშეკ სავიჩი, მარციან შიმანოვსკი თუ იგნაცი ბორსკი, მარცინ (მარიან) ჩიპლინსკი, ლეონ გერშევსკი თუ სტანისლავ პილატი.
მარცვალ-მარცვალ შეგროვებულ ცნობებზე ამოშენებული სილუეტები კოლორიტულ ხასიათებს წარმოგვიდგენს, თან მსგავსი და თანაც განსხვავებული თავგადასავლებით…
და გული გწყდება, ჯოზეფ კონრადი მოთხრობით „პრინცი რომანი“ – ერთი საუკეთესო ნიმუშით ამ ჟანრისა – ციმბირში რომ გაჰყვებოდა გადასახლებულ პოლონელ აჯანყებულთა კვალს და არა კავკასიაში, რომლის პერსონაჟებიც დაუხატავნი დარჩებოდნენ ისეთი დიდი ხელოვანის მიერ, ეს გაინგლისელებული პოლონელი რომ გახლდათ, თვითონაც 1831 წლის ამბოხებულთა ოჯახიდან, ეროვნულ ტრაგედიას პირად ტრაგედიასაც რომ გადააჯაჭვავდა…
თუმც: რაც არ მომხდარა აქამდე, შესაძლოა აღსრულდეს ამის შემდგომ, რაც ასეთი კანთიელობით წარმოსახულა პოლონელ რეპრესირებულთა ქართული ხანა და ასეთი კოლორიტული, მრავალმხრივ საგულისხმო ხასიათები ჩამომწკრივებულან – რომელიმემ როგორ არ უნდა გაიყოლიოს ჯოზეფ კონრადის რანგის მწერალი, ისტორიულ ფონად ქართული სინამდვილე ხელშესახებად რომ გადაიშლება.
ჯერ მარტო თადეუშ ლადა-ზაბლოცკის როლი და თავგადასავალი რად ღირს, თუნდ მისი დაპატიმრების ამბის გახსნას დეტექტიური ჩაძიება რომ დასჭირდებოდა მკვლევართაგან, გადასახლებაში კი სულიერ წინამძღოლად უნდა მოვლენოდა თვისტომთ და კავშირების მთელი სისტემაც შეექმნა კავკასიაში გამოდევნილთა და სამშობლოში დარჩენილებს შორის.
ლეონ იანიშევსკის ცნობებზე დაყრდნობით აღმოჩნდებოდა, რომ:
ზაბლოცკი გახლდათ გამომცემელთა და წიგნის მოვაჭრეთა შორის ერთადერთი შუამავალი. საიდუმლო სკივრებიდან და სხვებისათვის დახშული ქისებიდანაც კი შტურმით ახერხებდა წიგნებისათვის თვითეული მანეთის მოპოვებას. და მის ხელისმომწერთა სიაში ხშირად ირიცხებოდნენ თათრებიც და ლეკებიც, რომელთაც ისიც კი არ იცოდნენ, რომ ამქვეყნად პოლონეთი არსებობდა.
– თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ლადა თავის დანიშნულებას ასრულებდა. ეს მისი მანია იყო, საქმისათვის ნახულობდა დროსაც და ძალებსაც.
ზაბლოცკის დამსახურებათა ნუსხას მზერას რომ გაადევნებდნენ მკვლევარები, საკმაოდ მასშტაბურად გამოიკვეთებოდა ეს ნუსხა, და ამ დამსახურებას დაადასტურებდა მისი ამხანაგების არაერთი აღიარება – ეპიგრაფები, ციტატები, მის თხზულებათა დამოწმებანი, რაც მეტყველებდა როგორც მისი ლიტერატურული ავტორიტეტის რანგზე, ისე კავკასიის პოლონური საზოგადოების კონსოლიდაციაზეც.
ამ ყოველივეს გამო აღიარებდნენ გადასახლებულ პოლონელთა მეთაურად კაცს, რომლისთვისაც პოეზია ოცნების სამყაროში გაქცევა გახლდათ, ერთგვარი თვითგადარჩენა, და ლექსის წერას არც არასოდეს მოჰკიდებდა ხელს, ცხოვრების ეს დრამატული შემობრუნება რომ არა.
ასეთივე გადარჩენად მიიჩნევდა მისი ბედის მოზიარეთა ლიტერატურულ საქმიანობასაც, ოცნების სამყაროში გაქცევას რომ უნდა ეხსნა ისინიც ყოფითი სინამდვილის სიმწრისა და გაუსაძლისობისაგან; და მკვლევარებიც მის კვალობაზე ირწმუნებიან, რომ:
ბიბლიოთეკების გაჩენამდე – რომლებიც პოლონელთა უდიდესი ძალისხმევის ფასად შეიქმნებოდა პოლკებში – იქ, სადაც არ იყო კოსტიოლი, და იქ, სადაც გადასახლებულები დაქსაქსულნი იყვნენ, არსებობდა მხოლოდ პოეზია. და შუაღამით, ზოგჯერ ლაშქრობების დროსაც დანთებულ კოცონთან ჩანაწერების კეთება მხოლოდ შემოქმედებითი მგზნებარების დაკმაყოფილების სურვილით არ აიხსნებოდა: ეს გადარჩენისა და საკუთარი ინდივიდუალობის შენარჩუნების საშუალებაც გახლდათ.
სამშობლოსათვის, ბატონო!..
„მოუთვინიერებელ ტუსაღთა“ პოეზიის რაობასა და პრობლემატიკას რომ ჩაუკვირდებოდნენ მონოგრაფიის ავტორები, ძალდაუტანებლად წამოეჭრებოდათ შეკითხვა:
შეიძლებოდა თუ არა, რომ „კავკასიელთა“ საქმიანობა ლიტერატურული ჯგუფის მოღვაწეობად განგვეხილა?
მკაცრი გაგებით – არა, რადგანაც რაიმე გაერთიანებად არ ჩამოყალიბებულიყვნენ და არც მონაწილეთა სია შეედგინათ.
„კავკასიელი“ ლიტერატორები არც ერთად შეკრებილიყვნენ არასოდეს: სხვადასხვა პოლკში გაფანტულები ან ერთობლივ სამხედრო ლაშქრობებში გადაეყრებოდნენ ერთმანეთს, ანდა თბილისში ხვდებოდნენ, სად ყოფნაც თვითეულ მათგანს ეოცნებებოდა.