(პოლონური რომანტიზმის თბილისური ნაკადი)
– რომ არავითარი მატერიალური სარგებელი არ მივიღო აქედან, მაინც ბედნიერი ვიქნები, თუკი ჩემი თუნდაც ერთი აზრი, ერთი სიტყვა ჩემი თანამემამულეების გრძნობათა საერთო სურათს შეერწყმევა. მაშინ დაჯილდოვდება ჩემი ცხოვრების ყველა დანაკარგი. თუკი თქვენ მაცნობებთ ჩემი თხოვნის შედეგს, თავს მოვუყრი ყველაფერს, რაც საქართველოში დავწერე, და გამოგიგზავნით. გთხოვთ მიპასუხოთ რაც შეიძლება მალე, რამდენადაც მომდევნო თვის, მარტის, პირველ რიცხვებში, სამსახურეობრივი მოვალეობების გამო, თბილისიდან უნდა გავემგზავრო და არ ვიცი, რამდენად მალე დავბრუნდები.
ეს არის ამონარიდი თადეუშ ლადა-ზაბლოცკის ბარათიდან, იუზეფ იგნაცი კრაშევსკის რომ მისწერდა 1840 წლის 16 ნოემბერს, და – როგორც ფრაგმენტიდანაც ცნაურდება – თბილისიდან.
საქართველოში რაც დავწერეო…
რაკიღა თავმოსაყრელი გამხდარა, ადვილი მისახვედრია, ცოტა არ უნდა დაეწეროს… და რაც მთავარია, ის სწრაფვა და მიზანი ამოძრავებს მხოლოდ, რომ მისი სიტყვა გულზე მოხვდეთ მის თვისტომთ და გული გაუთბოს, გაამხნევოს, რწმენით აღავსოს თვითეული მკითხველი.
და… თბილისში საიდან უნდა მოხვედრილიყო ეს პოლონელი პოეტი?
ნებაყოფლობით აერჩია ეს მხარე შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის თუ რაიმე იძულებას გადმოესროლა აქეთ?
თურმე იძულებას და თანაც რარიგ იძულებას – მსჯავრდებულისა და გადასახლებულის ხვედრი რომ არის.
კავკასიაში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი არაერთი პოლონელი რომ მოხვდებოდა 1794 წლიდან მოკიდებული, პოლონელთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაუკავშირდებოდა 1831 წლის ნოემბრის აჯანყების ჩახშობას, ყველაზე დრამატულ მოვლენას მათ იმჟამინდელ ისტორიაში და მთელი თაობისათვის, რომანტიკოსთა პირველ თაობად რომ იხსენიებენ.
დამაფიქვრელია, რომ ამ აჯანყებას უნდა განესაზღვრა კიდევ ერთი თავისებური დაყოფა პოლონეთისა – სამშობლოში დარჩენილებად და ემიგრანტებად.
და ნიშანდობლივია, რომ:
1831 წელი ერთგვარ სიმბოლურ თარიღად დადგინდებოდა როგორც მათ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ყოფაში, ისე სულიერების მდინარებაში, რაკიღა პოლონური პოეზიისა და პროზის კავკასიურ, და საკმაოდ თვალსაჩინოსაც, ნაკადს ნოემბრის ამბოხების შემდგომ იქ გადასახლებული პოლონელები შეჰქმნიდნენ.
მდინარესა ზედა მტკვრისასა ვისხედით და ვტიროდით და გიგონებდით შენ, ვარშავა…
ეს ყოველივე აქამდე ძალზე ბუნდოვნად და ზოგადად თუ გვეცოდინებოდა, და ადვილად ვერც წარმოვიდგენდით, საქართველო თუ შეიძლებოდა ყოფილიყო ერთგვარი „ფილიალი“ პოლონური რომანტიკული პოეზიისა და პროზისა 1830-50-იან წლებში.
ამას ვერ წარმოვიდგენდით ადვილად – ამ ქვეყნის ლიტერატურულ „ფილიალობას“, თორემ პოლონური რომანტიკული სული რომ გამოვლენილიყო და მკვეთრადაც გამოვლენილიყო თბილისში, ამის თაობაზე ისეთი ცნობები მოგვეძევებოდა, დაწურულობის მიუხედავად მრავლისმეტყველად რომ წარმოდგებოდნენ – პოლონეთის აჯანყების მონაწილენი გადასახლებაში აქ რომ ამოჰყოფდნენ თავს, გარდა თავიანთ სამშობლოს ბედზე გლოვისა, გაითავისებდნენ ჩვენს ყოფასაც, ჩაერთობოდნენ ქართველთა ცხოვრების მდინარებაშიც და… კიდეც ენერგიულად გაერეოდნენ აჯანყებისათვის ჩვენს სამზადისში. მითუმეტეს – მტერი ერთი ჰყავდა ორივე ერს და მიზანიც ერთი: დამხობა რუსეთის იმპერიის მბრძანებლობისა.
გულისფანცქალით მიყურადებოდნენ ქართული ფარული საზოგადოების მონაწილენი პოლონელთა დაპირისპირებას რუსეთთან და მათი აჯანყება ეგულებოდათ ერთ უშუალო მოკავშირედ თავიანთი გამოხსნისთვისაც.
და ახლა პოლონელი შერისხულნი რომ მიაჩერდებოდნენ გულისფანცქალით ქართველ შეთქმულთა სამზადისს, მათ აჯანყებას დაიგულებდნენ ერთ უშუალო მოკავშირედ თავიანთი გამოხსნისთვისაც.
და ის პოლონელები, რომელნიც – ყველა გარემოების გათვალისწინებით შემუშავებული პირველი ღამის განკარგულების თანახმად – მოედანზე უნდა გამოსულიყვნენ იარაღით ხელში, ქართველ მეამბოხეებსაც უცხადებდნენ თანადგომას და… იმავდროულად პოლონეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაზეც ზრუნავდნენ.
საგულისხმოა, რომ:
ქართველ მეთაურებს, თავთავიანთი რაზმებით, წინასწარვე დადგენოდათ თუ რისი აღება მართებდათ ერთბაშად ამტყდარი აჯანყებისას, მთელს თბილისს რომ მოედებოდა და იქიდან ელვისსისწრაფით უნდა გადაწვდომოდა ერთობლივ საქართველოსა და მთლად კავკასიასაც.
ვინ ციხეს შეუტევდა, ვინ არსენალს, ვინ საველე-სასურსათო კომისიას, ვინ ხაზინასა და ორდონანსჰაუზს, ვინ ნავთლუღის კომისიას, ვინ პურის მაღაზიას… ხოლო ისინი, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობდნენ იერიშებში – და მათ შორის პოლონელთა ერთი გუნდიც – ისე იმოქმედებდნენ, როგორც თვითონ მიიჩნევდნენ საჭიროდ.
რამხელა ნდობაა პოლონელთა მიმართ – ისე იმოქმედონ, თვითონ როგორც ამჯობინებენ.
და ეს იმიტომ და მხოლოდდამხოლოდ იმიტომ: შეთქმულების მონაწილეებს ოდნავადაც არ ეეჭვებათ მათი მხურვალე თანადგომისა, და არც უკანდაუხევლობისა თუ თავგანწირვისა…
სავსებით ენდობოდნენ ტფილისის გუბერნატორს პეტრე ზავილეისკისაც, რაკიღა სწამდათ, რომ რუსი მოხელის მკერდქვეშ პოლონური გული ფეთქავდა.
აჯანყება რომ დასცლოდათ, ერთი გუნდი პოლონელებისა არტილერისტებად დაეგულებინათ: ძმები ერისთავები, ელიზბარი და დიმიტრი, რომ გაწვრთნიდნენ სათანადოდ და მოამზადებდნენ ამბოხების დღისათვის.
მანამდე ელიზბარ ერისთავი გასაწყლებულ პოლონელებს რომ შეხვდებოდა და ჰკითხავდათ:
– რატომ ხართ ამ დღეში?
და მიუგებდნენ ისინი:
– სამშობლოსათვის, ბატონო!..
ეს სიტყვები თავისებურ რეფრენად გამოჰყვებოდა ჩვენი შეთქმულების დრამატულ ხვედრსაც, თქმით თუ არ მოუწევდათ თქმა, გუნებაში ხომ არაერთხელ გაივლებდნენ გადასახლებაში მიმოფანტულნი.
ქართველთა ფარული ორგანიზაციის გაცემისა და მის წევრთა დასჯის პროცესისას პოლონელები უშუალოდ აღარ მოჰყვებოდნენ ამ რეპრესიებში, თუმც სიფრთხილით მაინც იფრთხილებდნენ და, თბილისს რომ გაეცლებოდნენ, ქუთაისში ჰპოვებდნენ თავშესაფარს, იქ მთელ კოლონიას რომ ჩამოაყალიბებდნენ და მნიშვნელოვან გავლენასაც მოახდენდნენ ქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური და საგანმანათლებლო-კულტურული ცხოვრების მდინარებაზე, არაპირდაპირ ლიტერატურის აღორძინებასაც რომ ძალიან წაადგებოდნენ.