მეც თქვენსავით ვიტანჯებოდი ამ სურათის ასლის ნახვის მერე,
მოსვენება დამეკარგა, აღარ ვიცოდი, რა მექნა. ჩემს არსებას საშინელი
განცდა დაეუფლა, სებასტიანის მღელვარებით აღსავსე სიკვდილი
ერთთავად სულს მიფორიაქებდა. და ერთ ღამეს… თავადაც არ ვიცი,
ეს როგორ მოხდა, მივედი სურათთან და სებასტიანის მკერდიდან
ისარი ამოვაძვრე…ახლა რომ მაქვს, იმ სურათში, სებასტიანი უწინდელ მდგომარეობაში აღარაა, არც უწინდელივითი ტანჯება მისი სული და სხეული. მკერდზე ნაისრალი აღარც კი ეტყობა… ეს ამბავი დღემდე არავისთვის გამიმხელია. ამ ისარსაც ყოველთვის თან დავატარებ. ვშიშობ, მეუღლემ არ ნახოს, მას ვერაფერს ავუხსნი. უცნაური ისაა, რომ ვერც სადმე გადამიგდია. რომ გადავაგდო, ასე მგონია, ეს იქნებოდა ღალატი ყველაზე სანუკვარი, ყველაზე წმინდა რამის მიმართ…
მალეიქამ ისარი ჩანთაში შეინახა და თითქოს ჰაერი არ ჰყოფნისო, ადგა და კუპედან გავიდა.
თავს ერთობ კარგად ვგრძნობდი. უცნაური სიმშვიდე დამეუფლა. მღელვარებამაც გამიარა. გულიც აღარ მიფრიალებდა.
მხოლოდ თავი… თავი გასკდომაზე მქონდა.
რატომ ვთხზავ სიცრუეს და რატომ ვატყუებ ჩემს მეუღლეს?
შემეძლო, უბრალოდ მისთვის სიმართლე მეთქვა, საქმის ვითარება
ამეხსნა და ისიც ყველაფერს გამიგებდა. ხომ შეიძლება, ეს ამბავი
მისთვისაც ისეთივე ნათელი და გასაგები ყოფილიყო, როგორც
მალეიქასთვის. ხომ შეიძლება, მასაც გადახდომია ისეთიამბავი, რომელსაც ვერავის უმხელს, მეც კი არ მეუბნება, ეშინია, ვაითუ, ვერავინ გაუგოს. რატომ დაატარებს მალეიქა ამ ისარს ყოველთვის თან? რატომ ეშინია, ქმარმა არ მინახოსო? რატომ ვერ უნდა გაუგოს ქმარმა? ეგებ მის ქმარს უფრო უცნაური რამ გადახდენია და იმის შიშით, რომ არ დაუჯერებენ, დღემდე არავის უმხელს?
გაივლის დღეები, თვეები და წლები, მალეიქას მობეზრდება იმ ისრის ტარება, მოისვრის სანაგვე ყუთში და უღალატებს თავის იდუმალ მრწამსს მხოლოდ იმიტომ, რომ ისარს ვერავის უჩვენებს. და რატომ?
რატომ გვგონია, რომ ყველაზე კარგი თანამოსაუბრე, ყველაზე
ერთგული მესაიდუმლე ჩვენი თავისთვის ჩვენვე ვართ?
მერე მალეიქა კუპეში დაბრუნდა.
მე ჩემს საწოლზე წამოვწექი. ეს ფიქრები მოვიშორე და თავი ძილს მივეცი.

 

 

 

აზერბაიჯანულიდან თარგმნა იმირ მამედლიმ

 

 

1 2 3