რატომღაც ვიფიქრე, რომ არტისტი იყო და სწორედ არტისტობა აძლევდა შუაღამისას ჩემს კარზე მოკაკუნების უფლებას, ანუ მის ამ საქციელს უნებურად გამართლება მოვუძებნე.
– შეიძლება, მუსიე?
– მობრძანდით. – მივუგე, მაგრამ მის ტონშიც რაღაც უცნაური
ვიგრძენი, თუმცა ვერ გეტყვით, კერძოდ – რა .
სინათლე ავანთე და მასთან ერთად ოთახშიშევედი. სავარძელზე მივუთითე. როცა მოკალათდა, მაშინ ვიცანი და თმები ყალყზე დამიდგა: ეს სწორედ ის კაცი იყო, „უპოვართა სუფრიდან“. მივაშტერდი, მაგრამ იმ წუთში აზროვნების უნარი დამეკარგა.არაჩვეულებრივად გრძელთითებიანი, გამხდარი ხელი გამომიწოდა:
– მართალია, ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ უშუალოდ არ
შევხვედრივართ, მე ეთიენ რასნიორი მქვია, მუსიე.
ხელმა, რომელიც ხელში მეჭირა, გონს მომაგო. ეს არ გახლდათ
ეშმაკეულის ხელი. ეს იყო ადამიანის ხელი მთელი თავისი სითბოთი,
განცდებითა და გრძნობებით. ასეთი ხელი სასწაულთა სამყაროდან
ვერ მოვიდოდა. და ამ გამხდარმა, თბილმა ხელმა სულიერი სიმშვიდე
დამიბრუნა.
მან ცილინდრი მოიხადა და მუხლებზე ჩამოიდო, მერე გამხდარი
ხელები მოიფშვნიტა და მკერდისმიერი ხმით განმიცხადა:
– მუსიე, ბოდიშს მოვითხოვ, რომ ამ შუაღამეზე სიმშვიდე
დაგირღვიეთ, მაგრამ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ… – იგი
გრძელ თითებს იფშვნეტდა და ენის ბორძიკით ლაპარაკობდა,
იგრძნობოდა, რომ ღელავდა. – იცით, მუსიე, ტერეზა სამუდამოდ
მტოვებს… არ მეუბნება… შეიძლება, თავადაც არ იცის, მაგრამ მე ამას
ვგრძნობ, მუსიე, მთელი არსებით ვგრძნობ…
სიტყვა არ შევაწყვეტინე, გასაგები იყო, რომ ტერეზა იმ ქალს
ერქვა, რომელიც სასადილოში მასთან ერთად უჯდა მაგიდას.
ყველაფერს დაწვრილებით გიამბობთ. მე და ტერეზამ პიკასო
მედრანოს ცირკში გავიცანით. მე ჯამბაზი გახლავართ, უფრო სწორად ვიყავი,– მან მარცხენა ხელი აწია და ზიზღით შეხედა, – ამ ხელმა მიმუხთლა, მომტყდა და ჩემს ჯამბაზობასაც ამით დაესვა წერტილი. თქვენ ეს მკლავი არ გინახავთ, მუსიე, პიკასომ ჩემი ეს მკლავი ტერეზას მხართან მიმალა.– ეთიენ რასნიორიმ, თითქოს გარდასულ დღეებს იხსენებსო, გაიღიმა, მერე მოტეხილ მკლავზე დაიხედა და ფიქრებს
მიეცა.
ამ შეხვედრის რეალურობაში უკვე ეჭვი არ მეპარებოდა. ეს არ
გახლდათ პოეტის ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი, ჩემს წინაშე
რეალური პიროვნება იჯდა – ბატონი რასნიორი. მისი ხდომილება ნამდვილი იყო, ისევე, როგორც მე ვარსებობ, ისევე, როგორც მე და თქვენ ახლა მატარებლით ვმგზავრობთ.
ეთიენ რასნიორი კვლავ თითებს იმტვრევდა. მივხვდი, რომ
შინაგანი მღელვარების გამო ლაპარაკი უჭირდა. ამ მღელვარების
გასანეიტრალებლად ვკითხე, აზერბაიჯანული ენა საიდან იცი-თქო?
განცვიფრებულმა შემომხედა და მითხრა, ფრანგულის გარდა
სხვა ენა არ ვიციო.
– როგორ თუ არ იცით, ნუთუ ახლა აზერბაიჯა ნულად არ
ლაპარაკობთ?
– მე ფრანგულად ვლაპარაკობ, მუსიე.
– აბა, მაშ, მე რომელ ენაზე ვმეტყველებ?
– ბუნებრივია, თქვენც ფრანგულად ლაპარაკობთ, მუსიე.
მისი განცვიფრება ყალბი არ გახლდათ. და მივხვდი, რასაც მეუბნებოდა,წმინდა წყლის სიმართლე იყო: თვითეული ჩვენთაგანი თავის ენაზე ლაპარაკობდა, მაგრამ მე იგი აზერბაიჯანულად მესმოდა, ის კი ჩემს აზერბაიჯანულს ფრანგულად იგებდა. ეს ასე იყო. არავითარი ვინმე უჩინარი თარჯიმანიც არ გვახლდა. ეს არ ხდებოდა ზებუნებრივი ძალის ჩარევით, ეს იყო ჩვენი დროებითი ურთიერთობისთვის მოცემული გარდუვალობა.
– ახლა რომელი წელია, ბატონო რასნიორ?
კვლავ გაკვირვებულმა შემომხედა.
– 1904 წლის სექტემბერია, მუსიე.
– და ჩვენ პარიზში ვართ, ხომ ასეა?
– რა თქმა უნდა, ასეა, მუსიე!
ეთიენ რასნიორისთვის 1904 წელი იდგა, პარიზში ვისხედით და
ვსაუბრობდით; ჩემთვის კი, ბუნებრივია, 1968 წელი იყო, ბაქოში, ჩემს
სამუშაო ოთახში ვიმყოფებოდით. და ეს სრულიად ბუნებრივი და
კანონზომიერი გახლდათ, რადგანაც ჩვენ შინაგანმა მოთხოვნილებამ და
აუცილებლობამ შეგვახვედრა.
ეთიენ რასნიორმა გაჭირვებით გააგრძელა საუბარი:
– მუსიე, იმის გამო, რომ ღამის მყუდროება დაგირღვიეთ,
შეიძლება მიბრაზდებით კიდეც, მაგრამ… სხვა გამოსავალი არ მქონდა…
ჩემთვის ტერეზას გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, მუსიე… მე
უმისოდ ვერ ვიცოცხლებ… ის კი მეყრება… დაუფიქრებლად, გაუცნო-
ბიერებლად მტოვებს… მართალია, იგი ჯერჯერობით ფიზიკურად
ჩემთანაა, მაგრამ ვგრძნობ, სულიერად სულ უფრო მშორდება… ჩემი
მდგომარეობა გავაშორებს ერთმანეთს, მუსიე. ოღონდ გთხოვთ,
სწორად გამიგოთ და ტერეზაზე ცუდი არაფერი იფიქროთ. მას
მობეზრდა, გესმით, მობეზრდა და ყველაფრის მიმართ
გულგრილი გახდა. მასში ცხოვრების ხალისი ჩაკვდა, ან თუ არ ჩამკვდარა, კვდება. იგი საკუთარ თავსაც ეყრება… გესმით, მუსიე, თავის თავსაც ღალატობს… გაუცნობიერებლად სჩადის ამას… ეს ჩემი მოტეხილი
მკლავი…
ეთიენ რასნიორს ვუსმენდი და ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა,
თითქოს ეს ყველაფერი უმისოდაც ვიცოდი. და იმისთვის, რომ ამ
გასაჭირში დავხმარებოდი, ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა მისი
მდგომარეობა, ჩვენი შეხვედრა აუცილებლად უნდა შემდგარიყო. ის
„რაღაცა“, რისიც ასე მეშინოდა, სულაც არ ყოფილა საშიში, რადგან
„რაღაცა“ სწორედ ამ შეხვედრას ნიშნავდა.
– ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი დროებითია. თუ მოვახერხეთ და
ათი-თხუთმეტი დღე ადამიანურად ვიცხოვრეთ, ტერეზა
ჩემთან იქნება, მშივრებიც რომ დავიხოცოთ, არ მიმატოვებს… ეს
კრიზისია, მუსიე, დროებითი კრიზისი, რომელიც აუცილებლად
გაივლის. მაგრამ ამ დროებით კრიზისს შეუძლია, სამუდამოდ
დაგვაშოროს ერთმანეთს. მაშინ არც ტერეზა იქნება მარადიული
ტერეზა… და ეს მასზე არაა დამოკიდებული…
ტელევიზორი, რომელიც შინ გვედგა, საკმაოდ მოძველებული
იყო, – „ტემპ-2“. გვედგა კი არა, და ახლაც ის ტელევიზორი გვიდგას.
მეუღლესთან ერთად გადავწყვიტეთ, ცოტა ფული გადაგვენახა და
ახალი ტელევიზორი შეგვეძინა, რათა ბავშვებს ფეხბურთის
საყურებლად მეზობელთან არ ერბინათ. გვინდოდა, „ელექტრონ-2“
შეგვეძინა. ეს ტელევიზორი ოთახს რამდენიღაც მანეთი ღირს. ამ
მიზნისთვის მოქუჩებული ფული ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში იდო.
ავდექი, უჯრა გამოვხსენი, ფული ამოვიღე და გავუწოდე. მან კვლავ
გაჭირვებით ამოილუღლუღა:
– მე ჩემი ღირსება გამაჩნია, მუსიე… ჯერ არ მიცნობთ. მუსიე, პიკასო ძალზე ახალგაზრდაა. ახალი ჩამოსულია ესპანეთიდან. იგი
ჩვენი მეგობარია, თუმცა ისიც არ გვიცნობს კარგად… პატივმოყვარე კაცი გახლავართ, მუსიე, მაგრამ თქვენ ამ ფულს გამოგართმევთ, ოღონდ
გესესხებით. ამას ტერეზას გულისთვის ვაკეთებ, იმიტომ ვაკეთებ,
რომ ტერეზამ თავის თავს არ უღალატოს. მათხოვრად ნუ ჩამთვლით,
მუსიე, ეს ჩემი ვალია.
მან ფული ჯიბეში ჩაიდო. მე მას მანეთის კუპიურები მივეცი, მან
კი ცხადია, ფრანკის კუპიურები ჩაიჯიბა. მერე ცილინდრი
დაიხურა. გამხდარი ხელი ხელზე მომიჭირა, ისე, რომ არაფერი
უთქვამს. მეგობრულად დამემშვიდობა. ბოლოს კი სწრაფი
ნაბიჯებით დატოვა ოთახი.
ეთიენ რასნიორის გასვლის მერე სახლის კარი ჩავკეტე და ჩემს
ოთახში დავბრუნდი.
შეიძლება, ეთიენ რასნიორი მართლაც ისეთი თავმოყვარე პიროვნება იყო, რომ ჩემგან იმ ფულის მიღება მართლა უჭირდა. თუ ასეა, აფერუმ ეთიენ რასნიორს! მან ხომ სხვისი გულისთვის საკუთარი თავმოყვარეობის დათმობა შეძლო. ეს ყველას როდი შეუძლია..
დასაშვებია, ეთიენ რასნიორს რცხვენოდა და ამიტომ ლაპარაკობდა
ასე; შესაძლოა, სულაც თავმოყვარე არ იყო, ვინ იცის, ფული რომ
გამომართვა, სიხარულით ცას ეწია, ან ჩემს გულუბრყვილობას კიდეც დასცინა გულში… ეჰ, ადამიანებს რას გაუგებ. ასეც რომ იყოს, არ ვნანობ,
რადგანაც მას მერე, რაც „უპოვართა სუფრა“ აღმოვაჩინე,
ამ შეხვედრას ნამდვილდ მოველოდი. იმ ღამეს ეთიენ რასნიორი რომ არ მწვეოდა, ვინ იცის… არ გამოვრიცხავ, მეც დავშორებოდი ჩემს თავს; ალბათ, ჩემივე მებისყოფისა და დაუცხრომელი ძალისხმევის შედეგად დავივიწყებდი „უპოვართა სუფრას“ და ამით ჩემსავ თავს ვუღალატებდი.
უნებლიედ მაგიდასთან მივედი და „უპოვართა სუფრას“
დავაცქერდი. მოულოდნელობისგან ლამის სისხლი გამიშრა:
სურათზე ეთიენ რასნიორი და ქალი ბედნიერად იღიმებოდნენ.
ერთმანეთს ჩახუტებულები უსაზღვროდ ბედნიერები იყვნენ;
ერთმანეთი უყვარდათ, მყარი, გაუბზარავი სიყვარულით უყვარდათ
ერთმანეთი. რა გინდა, სულო და გულო, რომ მათ სუფრაზე არ
ყოფილიყო, მოხარშული დედლით დაწყებული და საუკეთესო ღვინით
დამთავრებული – ყველაფერი უხვად ელაგა.
პიკასოს ეს სურათი მხოლოდ მე მაქვს, ეს მხოლოდ ჩემს
რეპროდუქციაზეა ასე. სხვა რეპროდუქციებზე „უპოვართა სუფრა“
ისეთივეა, როგორც პიკასომ დახატა. მე ერთადერთი და განუმეორებელი
ეგზემპლიარი მაქვს.
სინამდვილეში ეს პიკასოს ნახატი არცაა.
ეს სურათი ჩემმა და ეთიენ რასნიორის იმღამინდელმა
შეხვედრამ წარმოშვა.
ეს ამბავი არავისთვის მომიყოლია, რამეთუ სხვა ადამიანისთვის
ამ ამბავს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. გარდა ამისა, არც არავინ დაიჯერებს,
რადგანაც ადამიანის ყველაზე კარგი მესაიდუმლე, ყველაზე სანდო
თანამოსაუბრე თავადვეა. ეს ამბავი ჩემი მეუღლისთვისაც კი არ
მითქვამს. ტელევიზორის ფულის შესახებ რაღაც მივკიბ-მოვკიბე და
მანაც დამიჯერა.
ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი ტყუილს უფრო იჯერებენ,
რადგანაც ისინიც გაუცნობიერებლად უცხონი არიან.
ახლა ხომ ხედავთ, რომ ოცმეტრიანი მაგნიტო ფონის ლენტი არც
ისე მოკლე ყოფილა. რა თქმა უნდა, ქალბატონო მალეიქა, გულის
სიღრმეში თქვენც არ გჯერათ ჩემი, შეიძლება, ავადმყოფიც
გგონივართ, მაგრამ ეს სიმართლეა. ის სურათი თან რომ წამომეღო,
გაჩვენებდით და თქვენ ჩემს ნაამბობს უთუოდ დაიჯერებდით. პირობას
გაძლევთ, ბაქოში რომ დავბრუნდებით, გაჩვენებთ, მიუხედავად
იმისა, რომ დღემდე არავისთვის მიჩვენებია.
მალეიქამ ძლივს ამოიჩურჩულა:
– მე თქვენი მჯერა.
ეს სიტყვები ერთობ უცნაური ტონით თქვა და ვიგრძენი, რომ
იგი რაღაც იდუმალს განიცდის. ამ განცდის გამო სხეული ოდნავ
შესამჩნევად უთრთოდა. და ეს განცდა მხოლოდ ჩემს ნაამბობს არ
უკავშირდებოდა.
– მე თქვენი მჯერა… სურათი რომც არ მაჩვენოთ, მაინც მჯერა…
ალბათ გახსოვთ ლათურის ნამუშევარი „წმინდა ირინა, რომელიც
წმინდა სებასტიანს დასტირის“, გახსოვთ, ხომ?
კი, მახსოვს-მეთქი, ისე ვუთხარი თითქოს წინასწარ ვგრძნობდი,
რაღაც შემაძრწუნებელი უნდა გამეგო.
მართლაც, მახსოვდა ლათურის ეს სურათი: ოთხი ქალის
ფიგურა, რომლებიც სანთლის შუქზე დასტირიან ისრით განგმირულ
წმინდა სებასტიანს.
– გახსოვთ… გახსოვთ, სებასტიანი როგორი წევს
ძირს?… რამდენად არაბუნებრივია მისი მდგომარეობა… და ეს
არაბუნებრიობა როგორი მტანჯველია… გახსოვთ ის მტანჯველი
სიკვდილი?… სურათის იმ ასლში, რომელიც მე მაქვს, ეს ასე არ არის.
მე… მე… მე ამოვუღე სებასტიანს მკერდში გარჭობილი ისარი…
აგერაა, თან მაქვს… განახებთ.
ქალბატონმა მალეიქემ ხელის კანკალით გახსნა ჩანთა და
დაახლოებით მტკაველნახევრის სიგრძის ისარი ამოიღო. მართალია,
პატარა ისარი იყო, თუმცა ნამდვილი გახლდათ. ის იყო წმინდა სებასტიანის მკერდიდან ამოღებული ისარი. მე ეს მთელი არსებით
ვიგრძენი.

 

 

 

1 2 3