ელჩინი (დაიბადა 1943 წ.) – აზერბაიჯანელი მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი. აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, აზერბაიჯანის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.  ავტორია ოცზე მეტი წიგნისა. მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულადაც. მისი სცენარების  მიხედვით გადაღებულია ათზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი. იგი გახლავთ აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიისა და რამოდენიმე საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. დაჯილდოვებულია დამოუკიდებელი აზერბაიჯანის „ღირსებისა“ და „დიდების“ ორდენებით.

 

 

 

მალეიქას ქმარმა ისე შემომხედა, გეგონებოდა, ერთდროულად მაშინებდა და მევედრებოდა კიდეც.
გამცილებელმა ქალმა თქვა, მგზავრების გარდა ყველამ დატოვოს
ვაგონი, რადგან სადაცაა მატარებელი დაიძვრებაო. ქმარმა მეუღლეს ლოყაზე აკოცა და უთხრა, როგორც კი მოსკოვში ჩახვალ, დამირეკე, და დაწვრილებით მიამბე, როგორ იმგზავრეო. ეს ბოლო ფრაზა ხაზიგასმით გამოკვეთა, ანუ გოგო, შენ გეუბნები და რძალო, შენ გაიგონეო.
რა თქმა უნდა, მე იმ წუთშივე შემეძლო მისთვის მეთქვა, ძვირფასო
მეგობარო, ნუ ღელავ, შენს ცოლს არაფერი მოუვა, რამეთუ მე ასეთი ქალები არ მომწონს; მიუხედავად იმისა, რომ კუპეში მხოლოდ ორნი ვართ, წინ კი შორი გზა გვიდევს, შეგიძლია, წახვიდე და მშვიდად იძინო. იმ შემთხვევაშიც, მარტოს თუ გიწევს ძილი. შემეძლო,ეს ყველაფერი მეთქვა, მაგრამ არ ვუთხარი, რადგანაც ჩემი მრავალმნიშვნელოვანი დუმილი გახლდათ შურისძიება მისი ერთობ უტიფარი მზერის გამო.
მატარებელი რომ დაიძრა, მალეიქამ მეუღლეს ხელი დაუქნია. ქმარმაც დაუქნია ხელი, მაგრამ ის მამაცხონებული მე არ მაშორებდა თვალს. მართლაც, ამ დუნიაზე ეჭვზე ფინთი არაფერია.შემდეგ გამცილებელი ქალი მოვიდა და ბილეთები გამოგვართვა,თანაც გამომცდელი მზერა ჯერ მე, მერე კი მალეიქას მიაპყრო, ანუ ყველაფერი ნათელიაო.
გარეთ გავედი, მალეიქამ ტანსაცმელი გამოიცვალა, მერე ის გამოვიდა და მე გამოვიცვალე. მერე კი პირისპირ დავსხედით და მატარებლის ფანჯრიდან აბშერონის ღამის პეიზაჟს დავუწყეთ ყურება, კაცმა რომ თქვას, საყურებელიც არაფერი იყო. გამცილებელი მოვიდა და თითო მანეთი გამოგვართვა თეთრეულის ფული, თანაც იკითხა, ჩაის ხომ არ დალევთო? ორივემ მივუგეთ, დავლევთო. მერე მე პალტოს ჯიბიდან გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნების“ ბოლო ნომერი ამოვიღე და კითხვა დავიწყე. აქ ჩვენს შესახებაც იყო ინფორმაცია. კერძოდ, იმის
შესახებ, რომ მოსკოვში ხელოვნებათმცოდნეების საერთაშორისო
ღონისძიება ტარდებოდა და რომ ამ ღონისძიებაში მე და ქალბატონი
მალეიქაც მივიღებდით მონაწილეობას. მხოლოდ ჩვენი ფოტოები არ
იყო: ჩემი და ამ ქალბატონის ფოტოები, ფონად კი მისი მეუღლის ეჭვით
ანთებული მზერა…
მალეიქამ მკითხა, “მგონი, რაღაც სატირულს კითხულბთ?” მივუგე, კი, საინტერესო ლექსია-მეთქი. მერე მითხრა, დალიეთ, თორემ ჩაი გაგიცივდებათო. მივუგე, გმადლობთ, დავლევ-მეთქი. ვითომ თავად იყო მასპინძელი,მე კი – მისი სტუმარი გახლდით.
თვითმფრინავით არ ვმგზავრობ. კი არ მეშინია. უბრალოდ, თვითმფრინავით მგზავრობაში ვერავითარ სიამოვნებას ვხედავ. სინამდვილეში თვითმფრინავით არასოდეს მიფრენია, მაგრამ რატომღაც ასე ვფიქრობ.
მალეიქა კი თვითმფრინავით მგზავრობას ვერ იტანს. უცებ გაიღიმა და მითხრა: არ ვიცი, თქვენთვის ეს უთქვამთ,თუ არა, მაგრამ ძალზედ სიტყვაძუნწი ვინმე ხართ. მივუგე, თქვენ ჯერ არ გინახავთ რა ბევრს ვლაპარაკობ-მეთქი. მომიგო, არ მინახავს და ვერც წარმოვიდგენ. რამდენი წელიწედია ერთ ინტიტუტში ვმუშაობთ, კოლეგები ვართ, მაგრამ ამ წელების განმავლობაში ჩვენი ერთმანეთთან საუბარი ფირზე რომ ჩაეწერათ, ოცი მეტრი სიგრძისაც არ გამოვიდოდა. ისიც ძირითადად გამარჯობა- გაგიმარჯოები იქნებოდაო.
მე შემეძლო, პირდაპირობა გამომეჩინა და მიმეგო,
ქალბატონო მალეიქა, ჩვენს შორის რა საუბარი შეიძლება შედგეს?!
ჩვენ ხომ მთლად უცხო ადამიანები ვართ. რომც ვისაუბროთ, რა
გამოვა, ცარიელი სიტყვების ნაყვა იქნება და მეტი არაფერი. რადგანაც
თქვენ ჩემს თვალში მეშჩანი ბრძანდებით. მართალია, ცუდი არაფერი
შემიმჩნევია თქვენთვის, მაგრამ რატომღაც ასე ვფიქრობ. ჩვენ
ერთმანეთისთვის ისეთი უცხონი ვართ, რომ აფერუმ იმ ოცმეტრიან
ფირს. რა თქმა უნდა, შემეძლო ეს ყველაფერი მეთქვა, მაგრამ არ
ვუთხარი, რადგანაც ამ ყველაფრის თქმაც საუბრის რაღაც ფორმა იქნებოდა; მე კი სრულიადაც არ გამაჩნდა მასთან საუბრის სურვილი,
ისევე, როგორც არ გამაჩნდა საუბრის მოთხოვნილება ქალბატონ
საფურასთან, ბატონ სამედდთან, სანუბერთან თუ ქერუმთან, ჩემს
ბიძაშვილ ბეგლართან, თუ დეიდაშვილ მედინასთან, რა ვიცი, და
კიდევ მრავალ სხვასთან და სხვასთან.
ადამიანი თავად არის ის ადამიანი, ვისაც მართლა გაუგებს.
მალეიქამ თვალები ფანჯარას მიაპყრო და თქვა: ნება თქვენია. თუმცა ასეთი უბირობაც ვერაფერი შვილია. მე პასუხი არ გავეცი. გულში კი ჩემს თავს ვუთხარი: ჩუმად იყავი, არ გაბრაზდე. კარი კვლავ გამცილებელმა ქალმა გააღო და გვკითხა: ჩაის კიდევ ხომ არ მიირთმევდით? მე ვუთხარი, აღარ დავლევთ-თქო. მან მიპასუხა, მაშინ აღარ შეგაწუხებთო. კარი ისე ნელა და უხმაუროდ მოხურა, გეგონება, რამე საიდუმლო საქმეს მოაბა თავი.
ქალბატონმა მალეიქამ თვალი ბნელ ფანჯარას მიაპყრო, მე კი –
გაზეთის მორიგ გვერდს.მალეიქა ფანჯარაში თავის ფიქრებს უყურებდა, რამეთუ იქ სხვას ვერაფერს დაინახავდა. თანაც დარწმუნებული ვარ, რომ ადამსა და ევადან მოყოლებული, მალეიქასა და მალეიქასნაირების ფიქრებზე უფრო გამჭვირვალე ამქვეყნად ძნელად თუ რამე მოიძებნება. მათ ფიქრებს აქედან რომ გახედავ, იქითა მხარე ჩანს, რადგანაც შუა ცარიელია, შუაში არაფერია.
ასეთი ქალბატონები მრავლადაა.
რა თქმა უნდა, მე შემეძლო კვლავაც არ მელაპარაკა. რადგანაც ამ
გზას – ფანჯრის მიღმა გაწოლილ უცვლელ უკუნსა და ბორბლების
რიტმულ დგანდარს იდუმალებით მოცულ მარტოობაში როდი მივყავდი. რომც წავეყვანე, მაინც არ ავლაპარაკდებოდი ამ მარტოობის შესახებ. მარტოობის არ მეშინია.ვფიქრობ, რომ მარტოობა ადამიანისთვის საკუთარ თავთან პირისპირ ყოფნაა, დაახლოებით ისე, სარკის წინ რომ დგას ადამიანი; ამგვარი რამ მსიამოვნებს, რადგან ჩემი ყველაზე კარგი თანამოსაუბრე თავად მე ვარ; რადგანაც ვერავინ ისე ვერ გამიგებს,
როგორც მე ვუგებ ჩემს თავს, ისევე, როგორც მე ვერ ვუგებ სხვებს, და ისე,
როგორც ისინი უგებენ თავიანთ თავს; მარტოობა ადამიანის
ცხოვრებისეული მოთხოვნილებაა, – ტრაგედიაა, როცა ამას ვერ
აცნობიერებენ; და ჰგონიათ, რომ ყველაფერი წესრიგშია.
ამის მაგალითად, მალეიქაც გამოდგება. რა საერთო შეიძლება
იყოს ჩვენს გრძნობებს, განცდებსა და აზრებს შორის?– არაფერი. ჩვენ
ერთმანეთისთვის უცხონი ვართ. ზოგადად, ყველა ადამიანი
უცხოა ერთმანეთისთვის და აუცილებელია, ამ უცხოობას შეეგუოს.
ჩემი პოზიცია ასეთია, რომ სხვასთან საუბრისას საჭირო არაა
ჩაღრმავება და შენი გრძნობებისა და განცდების გაშიშვლება,
ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება, პირში არ
დაგცინონ, მაგრამ გულში დაგცინებენ, დაგამცირებენ, ვერ გაგიგებენ,
ან არ დაგიჯერებენ, – ეს გრძნობა-განცდები ხომ მხოლოდ შენ
გეკუთვნის, სინამდვილეში ისინი მხოლოდ შენთვისაა მშობლიური.
ყოველივე ამის გამო მე შემეძლო მალეიქასათვის პასუხი არ გამეცა, მაგრამ მის მზერაში უცნაური ირონია ამოვიკითხე,უფრო სწორედ, ეს ირონია კი არა, ჩემდამი გულისტკივილი, ჩემი შებრალება იყო. ასეთ მზერას პირველად როდი ვხედავდი. როდესღაც სამადაც, ბეგლარიც, ჰასანაც, ნასიბაც… რაღა გავაგრძელო, მრავალი სხვაც ასე მიმზერდა. ასეთი მზერა ერთი წამით, სულ ერთი წამით შემილახავს ხოლმე პატივმოყვარეობას, მერე კი შურისძიების გრძნობით აღმავსებს. ასეთი გრძნობისთვის ერთი წამიც საკმარისია.თუმცა არ ვიცი, როგორ მოხადა, ამჯერად ეს გრძნობა
ვერ გადავლახე. თავადაც არ ვიცი, როგორ მოხდა, ჩემს ცხოვრებაში
ყველაზე უცნაური ამბავი, რომელიც დღემდე არავისთვის
გამიმხელია, რატომღაც მალეიქას მოვუყევი. შეიძლება, იმიტომ მოვუყევი, რომ გამეოცებინა. ვკითხე, თუ ახსოვდა პიკასოს გრაფიკა „უპოვართა სუფრა”?
მალეიქამ მითხრა, რომ ახსოვდა. „ცისფერი პერიოდის“ მონაპოვარიაო: ქალი და კაცი სასადილოს კუთხეში სხედან. მაგიდაზეცარიელი თეფშები, პურის ნატეხი და ჭიქები ალაგია. კაცს მარცხენა ხელი ქალის მხარზე აქვს ჩამოდებული, მარჯვენა ხელით კი მას ეხება; ღრმად ჩაფიქრებულნი სხვადასხვა მხარეს იყურებიან.მერე მალეიქამ ნიშნის მოგებითშემომხედა, ხედავთ,როგორ მახსოვს „უპოვართა სუფრაო“?! მის ამ ქედმაღლურ მზერას წავუყრუე და მივუგე, სავსებით მართალი ბრძანდებით,სწორედ ეგ სურათი მქონდა მხედველობაში-მეთქი.
ერთხელ, სექტემბერი ახალი დამდგარი იყო, შინ ძველ
ხელნაწერებს ვაწესრიგებდი. ამ გახუნებულ ფურცლებს შორის
შემთხვევით წავაწყდი „უპოვართა სუფრას“, რომელიც ალბათ
ოდესღაც მქონდა შეძენილი. ერთხანს ვუყურე და შემდეგ საწერი მაგიდის უჯრაში შევინახე.
იმ დღეს ძალიან ვიყავი დაღლილი, მეძინებოდა. გადავწყვიტე, ცოტა წამეძინა. ტანთ გავიხადე და დავწექი კიდეც,მაგრამ როგორც კი თვალები დავხუჭე, პიკასოს „უპოვართა სუფრა“დამიდგა თვალწინ. რატომღაც, ჩემდაუნებურად, ამ სურათზე დავიწყე ფიქრი. ვცდილობდი, ეს ფიქრი თავიდან ამომეგდო და დამეძინა, მაგრამ ნურას უკაცრავად, სურათზე გამოსახული კაცი და ქალი არ მეშვებოდა. თვალებს ვხუჭავდი, ვახელდი, ლოგინში ვწრიალებდი, თუმცა ამაოდ – „უპოვართა სუფრა“ თვალწინ მიტრიალებდა და მოსვენებას არ მაძლევდა.
წამოვდექი, ხელ-პირი დავიბანე და აივანზე, სუფთა ჰაერზე
გავედი, მაგრამ ამანაც ვერაფერი მიშველა, ეს ორი სახე გამუდმებით მედგა თვალწინ. ერთი სიტყვით, იმ ღამეს თვალი ვერ მოვხუჭე.
მტანჯველი დღეებიც სწორედ იმ ღამიდან დაიწყო.
ვმუშაობდი თუ ვისვენებდი, ფილმს ვუყურებდი თუ მუსიკას
ვუსმენდი, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ორი სახე ყოველთვის თან
მდევდა. დარწმუნებული ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი
გვერდი-გვერდ ისხდნენ, იმ წუთას შინაგანად დაშორებულები
იყვნენ; ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ეს სუფრა მათ სიყვარულს
ამსხვრევდა; იყო დრო, როცა ერთმანეთზე ძვირფასი არავინ ჰყავდათ, მაგრამ ამჟამად, როგორც ყველაფრის მიმართ, ერთმანეთის მიმართაც
გულგრილნი იყვნენ. თუ სასადილოს სხვა კუთხეში მჯდარი
რომელიმე გაბღენძილი ვაჭარი ამ წუთში ქალს თვალით ანიშნებდა
და წაყვანას დაუპირებდა, იგი სულ რამდენიმე ფრანკის გულისთვის
უგულოდ, ყოველგვარი გრძნობის გარეშე გაჰყვება მას. კაცი კი მისი
წასვლის შემდეგ მხოლოდ იმას მოახერხებდა, რომ ნაცნობ გარსონისთვის
ღვინო კვლავ ნისიად შეეკვეთა. გარსონი თუ ღვინოს დაუდგამდა,
გამოთვრებოდა და მაგიდაზე თავჩამოდებული აქვითინდებოდა.
მადა დამეკარგა. მეგონა, როცა ვჭამდი, მათ ვღალატობდი.
ჩემთვის ისინი უკვე უბრალოდ მხატვრული სახეები არ იყვნენ, კარგა
ხანია სულიერ არსებებად ქცეულიყვნენ. ტაქსიში ვჯდებოდი, ბაზარში
სურსათ-სანოვაგეს ვყიდულობდი თუ სხვა რამ საქმეს მოვკიდებდი ხელს,
მეგონა, მათ წინაშე დანაშაულს ჩავდიოდი. ამ უცნაურმა სიტუაციამ იმ
დონემდე მიმიყვანა, რომ უკვე ადამიანურად ვეღარ ვცხოვრობდი.
ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, რაღაც უნდა მეღონა. სწორედ
ამ რაღაცაზე რომ ვფიქრობდი, საშინელი გრძნობა მიპყრობდა ხოლმე. უცნაური ძრწოლა მეუფლებოდა და ფიქრსა და სულს მიწეწავდა.
იმ ღამეს, ანუ ოცდასამ სექტემბერს ლოგინში ვიწექი და კვლავ
უძილობით ვიტანჯებოდი. საწოლში ვწრიალებდი და მეგონა,
უეცრად რაღაც სასწაული მოხდებოდა. მაგალითად, ჭერი ორად
გაიყოფოდა და იქიდან დიდი კალათა დაეშვებოდა. მე რაღაცის, თუ
ვიღაცის ნებით კალათაში მოვკალათდებოდი და ეს კალათა ზემოთ,
შორს, შორს წამიყვანდა. მის უხილავ ნებას აყოლილი სამუდამოდ გადავინაცვლებდი რაღაც სიცარიელეში, იქ, სადაც არაფერია. აქაურობისაგან იმ კაცისა და ქალის მზერით განდევნილი წავიდოდი იქ და მივხვდებოდი, რომ მათი გავლენით ვეღარ გავაგრძელებდი კვლავინდებურად ცხოვრებას, ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
წამოვდექი და აბაზანაში შევედი. შხაპი გადავივლე. თან თავს
ვიმშვიდებდი, არაფერია, გამივლის-მეთქი. ბოლო დროს ბევრს
ვმუშაობდი და ალბათ, ნერვიული დაძაბულობის ბრალი იყო.
ცოტას დავისვენებ და ნერვებიც მომიწესრიგდება-მეთქი. მაგრამ
არაფერი გამოდიოდა. აშკარად ვხედავდი, რომ თავს ვიტყუებდი.
ზარის ხმა გავიგონე. ბავშვებმა არ გაიღვიძონ-მეთქი, კარს
ფეხაკრეფით მივუახლოვდი და ხმადაბლა ვკითხე: ვინ არის?
ერთობ ნაცნობმა ხმამ მიპასუხა, მე ვარ, კარი გამიღეო.
კარი გამოვაღე. ჩემს წინაშე მაღალი, გამხდარი მამაკაცი იდგა.
მომეჩვენა, რომ ამ კაცს ვიცნობდი, ანდა სადღაც მენახა. მაგრამ ვინ
იყო, ვერ გავიხსენე. თავზე ჩაპლინის ცილინდრის მაგვარი
რაღაც ჰქონდა, ყელსაბამი ეხვია და ტანთ პიჯაკი ეცვა.

 

 

 

1 2 3