ახლა ერთი აზრი მომივიდა – ეს გამოხატულად ბრიტანული ფილმია, თქვენ კი ამერიკელი რეჟისორი ხართ. ამაზე რას იტყვით? ხომ არ გაწუხებთ ეს ფაქტი?

ბევრმა ინგლისელმა მითხრა უკვე, რომ ეს ბრიტანული ფილმია. კაძუომაც იგივე აღნიშნა, რაც ძალიან მიხარია. მე ცოტა ხანს ვიარე ინგლისის სკოლაში, მაგრამ მთელ ინგლისში ძალიან, ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ანგლოფილი ვარ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა მიყვარს, არამედ მიყვარს მისი კინო, მუსიკა, ტელევიზია, ის, რაზეც გავიზარდე და ეს ფილმიც ინგლისის მიმართ სიყვარულით გადავიღე.

რა იქნება შემდეგი? თქვენი ორი ფილმი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. სულ სხვა მიმართულებით წასვლას ხომ არ გეგმავთ? 

მინდა, ერთმანეთისგან განსხვავებული ფილმები გადავიღო, თუ, რა თქმა უნდა, მოვახერხებ. თუმცა, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჩემი ფილმები ერთმანეთს ჰგავს, რადგან ისინი განსხვავებულ ადამიანებზეა, რომლებიც განიცდიან თავის მდგომარეობას და სამყაროსთან კავშირს ეძებენ.

 

გამიგონია, რომ მწერლები და რეჟისორები სულ ერთსა და იმავეზე ლაპარაკობენ, ოღონდ სათქმელს  სხვადასხვანაირად ფუთავენ.

შეიძლება ასეცაა, ჩემი ფილმები სხვადასხვა ჟანრისა და ხასიათისაა, და „აუთსაიდერებს“ ეხებათ, მათ, ვინც საზოგადოებას გარედან უყურებს. მე ასე მგონია.

თქვენ ახსენეთ, რომ გადაღების დროს კაძუო იშიგუროსთან გქონდათ ხოლმე შეკითხვები. რა შეკითხვები გქონდათ?

ძალიან სპეციფიკური შეკითხვები მქონდა. ფილმი მოითხოვს ისეთი რაღაცების დაკონკრეტებას, რაც წიგნში აღწერილი არაა და რეჟისორმა უნდა გადაწყვიტოს, რა სახე მისცეს ეკრანზე. მაგალითად, მე მინდოდა, ფილმში ჰეილშემის სკოლის სიმღერა გამომეყენებინა. წიგნში ეს სიმღერა ნახსენები არაა. ეს შეკითხვა მქონდა კაძუოსთან. „არაჩვეულებრივი აზრია“ – მითხრა კაძუომ, როგორც კი სიმღერა ვახსენე. ასევე, სამაჯურებიც, რომლებიც ფილმში უკეთიათ, ეს რომანში არაა და  კაძუოსთან შევათანხმეთ. ეს  და სხვა  საკითხები. ის ცვლილებები, რომლებიც წიგნში არაა და გვინდოდა, მასაც მოეწონებინა იდეა.

 

რუბრიკის მასალები მოამზადა დალილა გოგიამ

1 2 3