რა რეაქცია ჰქონდა?
ჩვენ გარეთ ველოდებოდით ხოლმე, ნერვიულობისგან ხელები გვიოფლიანდებოდა. როცა მასთან შევდიოდით, ვხედავდით, ცრემლებს როგორ იწმენდდა. გვეუბნებოდა, რომ კადრებს ისე უყურებდა, თითქოს ამ ფილმს მასთან არაფერი აკავშირებდა. იშიგურო თავიდან ბოლომდე ერთვებოდა ფილმში. როგორც მახსოვს, ასე ამბობდა: „საუკეთესო კადრებია, ამაზე უკეთესი ვერ წარმომიდგენია“ – და მეც იმ ღამეს მშვიდად მეძინა ხოლმე.
მესმის, შეუძლებელია, ფილმში თავიდან ბოლომდე რომ არ ჩაერთო. და როგორ მოახერხეთ ასეთი შთამბეჭდავი კადრებისა და საერთოდ, ფილმის გადაღება?
როცა წიგნს კითხულობ, შეუძლებელია კადრები თვალწინ არ დაგიდგეს, იმ კადრებისგან მერე თითქოს ესთეტიკური პროგრამა იქმნება. წიგნის კითხვისას, მინდოდა, წიგნის ხასიათი განმესაზღვრა, ვაანალიზებდი წინადადებებს, მწერლის ხედვას. მივხვდი, რომ ეს წიგნი არის იაპონური და ბრიტანული მგრძნობელობის სინთეზი. იშიგუროს ინტერვიუში წავიკითხე, რომ მასზე ყველაზე დიდი გავლენა 50-იანი და 60 იანი წლების იაპონურმა კინომ იქონია. მან ახსენა მიკიო ნარუსე. და მეც ვუყურე ბევრ იაპონურ ლამაზ ფილმს. ერთი განსაკუთრებული ფილმი მახსოვს, დიდი ფილმი – „როცა ქალი კიბეზე ადის“. ფილმი ვაბი-საბის, მონო ნო ავარესა და იუგენის კონცეფციაზეა აგებული. იუგენი გულისხმობს ზედაპირული სიმშვიდის ქვეშ დამალულ ემოციებს, ასევე ცხოვრებისეული სევდის სიხარულით მიღებას, რაც, ჩემი აზრით, წიგნის კონცეფციაცაა.

ფინალურ სცენაში, მართლაც იაპონური ფილმის ხასიათი იგრძნობა.
შეიძლება ითქვას, რაღაცნაირად იაპონურია. რთულია ზუსტი სახელი შეურჩიო, მაგრამ თითქოს ვიზუალური ჰაიკუა. აქ მცირე მინიშნებაა, თუ რას ნიშნავს ჩემთვის იაპონური პოეზია და გამოსახულება. ვაბი-საბის იდეა ისაა, რომ გატეხილი, გაცვეთილი, გაბზარული საგნები უფრო მშვენიერია, ვიდრე ახალი და პრიალა. რადგან წიგნი იმაზეა, თუ რაოდენ ძვირფასია ჩვენი დრო აქ, სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის გადაღება მაშინ, როცა ეს ფილმი სულაც არაა სამეცნიერო ფანტასტიკა, სადაც ყველაფერი ძველია და დროის ეფექტს უსვამს ხაზს, სწორი გადაწყვეტილება იყო.
გეთანხმებით, ის სხვა სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმებს არ ჰგავს.
ეს არაა სამეცნიერო ფანტასტიკა. ესაა ამბავი სიყვარულზე, მეგობრობაზე, და საერთოდ, ადამიანის ბედისწერაზე ჩვენი მოკვდავობის ჭრილში, რაც ძალიან მძიმედ ჟღერს და მგონი, მართლაც ძალიან მძიმეა. მაგრამ კაძუომ ეს ამბავი ლამაზად და ჰუმანისტურად მოგვითხრო, და იმედი მაქვს, რომ ფილმიც ლამაზი და ჰუმანური გამოვიდა და არა მხოლოდ მძიმე. თუ ადამიანებს ვეტყვით, რომ ეს ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკაა, მათ შეცდომაში შევიყვანთ და ფილმით იმედგაცრუებულები დარჩებიან.
თქვენ თქვით, რომ ძირითადი აქცენტი ფილმის ხასიათსა და ვიზუალურ მხარეზე გქონდათ გადატანილი.
მე იქ მხოლოდ ლამაზი სცენების გადასაღებად არ მივსულვარ. ფილმში მსახიობების თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია. გადაღებების წინ რეპეტიციები ჩემთვის ძალიან სერიოზული საკითხი იყო.
როგორ მუშაობდით ერთად თქვენ, ენდრიუ, ქერი და კირა? როგორ გამოძერწეთ პერსონაჟები?
გადაღების დაწყებამდე ბევრი ვიმუშავე მსახიობებთან. მე ვხელმძღვანელობდი რეპეტიციებს, ვარჩევდი მუსიკას, პლაზმურ ეკრანზე გამოსახულებებს ვათავსებდი, მსახიობებს ფილმის ხასიათს ვაცნობდი, იმ სამყაროს, რომელიც უნდა შეექმნათ და სადაც უნდა დასახლებულიყვნენ. საუბარში დიდ დროს ვატარებდით, განვიხილავდით თემებს, პერსონაჟებს, შემდეგ ისინი თავის საშინაო დავალებებს ასრულებდნენ, მე კი ჩემსას.
რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, იმ სამყაროს შექმნას?
ფილმის გადაღება მოიცავს მთელი სამყაროს შექმნას და დეტალების დახვეწას. ყოველდღე ენდრიუ, ქერი და კირა თავისი პერსონაჟების ხასიათის სიღრმისეული გამოკვლევებით მაოცებდნენ, ისინი იმ პატარა ნიუანსებს სწვდებოდნენ, რომლებსაც თავიანთი პერსონაჟების ხასიათებში პოულობდნენ, რეპეტიციებზე მხოლოდ თავის სიტყვებს კი არ ამბობდნენ, არამედ ჩვენ მათი მაღალი სამსახიობო ხელოვნების დემონსტრირების მოწმენი ვიყავით.