მარკ რომანეკი ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური ვიდეო რეჟისორია, რომელმაც თავისი კარიერა 1990-იანებში დაიწყო. ის ისეთ ვარსკვლავებთან თანამშრომლობდა, როგორნიც არიან მაიკლ და ჯენეტ ჯექსონები, ჯონი გეში და ა.შ. 2002 წელს  გადაიღო ფილმი – „ფოტო ერთ საათში“, სადაც მთავარი როლი რობი უილიამსმა შეასრულა. ამ ნამუშევარმა რომანეკს კინოინდუსტრიაში აღიარება მოუტანა და ის კაძუო იშიგუროს რომანის – „არ გამიშვა“  ეკრანიზაციის რეჟისორად მიიწვიეს. 

როგორ შეიქმნა ეს ფილმი, როგორ თანამშრომლობდით თქვენ, კაძუო იშიგურო,  სცენარის ავტორი – ალექს გერლანდი და დანარჩენები?

მარკი:  ეს ფილმი მარტო მე არ შემიქმნია. მე რეჟისორად მიმიწვია სამმა, უფრო სწორად, კაძუოს ჩათვლით, ოთხმა ადამიანმა, რომლებიც მანამდე  2 წელი მუშაობდნენ ფილმის იდეაზე და ზუსტად იცოდნენ, როგორი ფილმის გადაღება უნდოდათ. ჩემი აზრით, არჩევანი ჩემზე იმიტომ შეაჩერეს, რომ მათ სურდათ, ფილმი მკაცრად ვიზუალური ყოფილიყო. ჩვენ ყველანი შევთანხმდით ფილმში ძირითად და მნიშვნელოვან მხარეებზე. ასევე, შევთანხმდით,  რომ წიგნში მოთხრობილი მგრძნობიარე ამბავი ეკრანზე  დიდი სიფრთხილით უნდა გადაგვეტანა. ასე, რომ ხუთნი ვიყავით – კაძუოც ყოველთვის გვეხმარებოდა, როცა რაიმე პრობლემა წამოიჭრებოდა. ჩვენ ხუთმა შევქმენით ეს ფილმი. ჩვენ ხუთივე ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებას მთავარ საკითხებზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მე მქონდა ჩემი განსაზღვრული ფუნქცია და დიდი პასუხისმგებლობა, რომ ძლიერი, ლამაზი გამომსახველობითი სახეები და გამოსახულებები შემექმნა. ეს აუცილებელი იყო, რადგან ის სიმართლე, რითიც წიგნია დაწერილი, კონკრეტული  გამოსახულებების გარეშე ფილმში ძალიან მძიმე სანახავი იქნებოდა. თუმცა,  ვეცადე, წიგნის ძირითადი აზრი და ხასიათი ფილმში დაუმახინჯებლად გადმომეტანა.

არ გამიშვა“ განსხვავებული ფილმია თქვენს შემოქმედებაში.

მარკი: დიახ, და ეს განსხვავება იმის გამოა, რომ ფილმი დაფუძნებულია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე მწერლის ბრწყინვალე რომანზე.

ამ ფაქტმა ცოტათი ხომ არ შეგაშინათ კიდეც?

მარკი: შეიძლება იდიოტი ვარ, მაგრამ ამას ჩემზე გავლენა არ მოუხდენია, შეიძლება იმიტომ, რომ ეს წიგნი ძალიან მიყვარს და ავტორთან სულიერ სიახლოვეს ვგრძნობ.  რომანი მაშინვე წავიკითხე, როგორც კი გამოვიდა, რადგან იშიგუროს ფანი ვარ. რასაც წერს, ყველაფერს ვკითხულობ.

წიგნმა გული ამიჩუყა, მატირა, და დიდი ხნის საფიქრალი მომცა. მერე ხელმეორედ დავიწყე კითხვა. უნდა აღვნიშნო, რომ უდავოდ ორიგინალური წიგნია, მაგრამ არა მისი  შინაარსის, ან სასიყვარულო ისტორიის გამო – შეიძლება ასეთი ბევრი ამბავი გაგვიგია. არც ფილმშია ამბავი ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ წიგნებში რეალურ ფასეულობებს ვეძებთ.

თუმცა, ერთია, რას გრძნობ, და მეორე ის, რომ ფილმზე მუშაობა ყოველდღიურ გულმოდგინე შრომას ნიშნავს. მე ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა მთელი შემოქმედებითი ჯგუფისგან და თავად იშიგუროსგან, თუმცა, ვნერვიულობდი, როცა მას გადაღებულ მასალას ვაჩვენებდი.

1 2 3