ბავშვობის პერიოდი, ყოველი ადამიანისათვის უსაყვარლესი დროის მონაკვეთია ცხოვრების მანძილზე (ჩარლი მენსონს და მსგავს ოდიოზურ ფიგურებს თუ არ ჩავთვლით). მხიარულება, სილაღე, გართობა, ყოველგვარი პრობლემების და საზრუნავის გარეშე ყოფნა, ძილის წინ მხოლოდ იმაზე ფიქრი, რომ ხვალ ახალი, მშვენიერი დღე გათენდება, რომელიც დადებითი ემოციებითა და თავგადასავლებით იქნება აღსავსე, საკუთარი წარმოსახვით შექმნილი ათასგვარი ჯადოსნური თამაშობანი და მიამიტური რწმენა, ყოველგვარი ზებუნებრივისადმი. ზოგს ის ძალიან მალე ეცლება ხელიდან და გადადის სერიოზული კანტორული რუტინის საათებსა და დღეებში, ზოგი მასზე ტკბილ მოგონებებს სიცოცხლის ბოლომდე ინახავს და უფრთხილდება ამ იდეალს. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ და ალბათ არც უნდათ, ბავშვობის ასაკიდან გამოვიდნენ და ამიტომ, ისინი სამუდამოდ რჩებიან ბავშვებად. ამასთან არამხოლოდ მოგონებებში, არამედ სულშიც. ასეთი ხალხი მთელს სამყაროში ერთეულებია და მსოფლიო კინემატოგრაფს საოცრად გაუმართლა, რომ სტივენ სპილბერგი ერთ-ერთი ასეთი რეჟისორია.

სპილბერგი პატარა, ფანტაზიორი ბავშვია, რომელიც თავის ოცნებებს, კინოფირის დახმარებით ეკრანზე აცოცხლებს და ყოველ მსურველს აძლევს საშუალებას, დაუბრუნდეს ცხოვრების ყველაზე ტკბილ პერიოდს და ის, რაც მხოლოდ პატარაობის დროს, გონებაში იბადებოდა, ეკრანზე ხორცშესხმული იხილოს. ის მთელი თავის შემოქმედების განმავლობაში, განუსაზღვრელი ასაკის აუდიტორიისთვის ბადებს ფეერიულ ნაწარმოებებს. სპილბერგი იმ ერთეულ რეჟისორთაგანია, რომლებსაც საუკეთესოდ აქვთ გამოკვლეული, თუ როგორ უნდა შექმნა გრანდიოზული სანახაობა მილიონობით ადამიანისათვის ისე, რომ არ დაივიწყო მოყვე შთამბეჭდავი ისტორია, არ მოაკლო მას სიღრმე და მოკლედ, დააპურო არა მხოლოდ სხეული, არამედ სულიც.

ამიტომ, მისი ფილმები ყველასთვისაა, მათთვის, ვისაც დამღლელი სამუშაოს შემდეგ უბრალოდ განტვირთვა უნდა, მათთვის, ვინც არტ ჰაუსით და საავტორო კინოთი იკვებება (ძნელია ასეთი ინდივიდებისგან იმის აღიარების მოსმენა, რომ სპილბერგი უყვართ, მაგრამ გულის სიღრმეში ეს მათ თავადაც მშვენივრად მოეხსენებათ), მათთვის, ვისაც არ დაუკარგავს ჯადოსნურობის აღქმა, მათთვის, ვისაც მაგიური თავგადასავლები უყვარს, მათთვის ვისაც შეუძლია მისცეს სრული თავისუფლება საკუთარ შინაგან ბავშვს, მათთვის, ვინც კარტოფილის პიურეში მხოლოდ კარტოფილის პიურეს არ ხედავს და მათთვის, ვინც კვლავ პიტერ პენია.

მაგრამ სანამ დიდი დრამატურგი გახდებოდა, სპილბერგი უნივერსალ სტუდიოში აუნაზღაურებელ სტაჟიორად მუშაობდა კვირაში შვიდი დღე. სწორედ იქ გადაიღო თავის პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლის ხილვის შემდეგაც უნივერსალის სატელევიზიო ფრთის ვიცე პრეზიდენტმა 22 წლის სტივენს გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმა რის შედეგადაც შეიქმნა მისი პირველი სრულმეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმი ”დუელი” – პარანოიდალურ ფსიქოტური ტრილერი რომლის ხილვის შემდეგაც ალბათ ყველა ამერიკელ მძღოლს უკანა სარკეში დანახული სატვირთო მანქანა ენურესის სიმპტომებს უჩენდა. თუმცა ეს მხოლოდ დებიუტი იყო, თანაც სატელევიზიო, ამიტომ შთაბეჭდილება რჩება, რომ რაც ბოლომდე ვერ შეძლო ”დუელში”, იმის სრულყოფა მოახდინა 1975 წელს ”ყბებში” – ერთი-ორად გაზარდა სასპენსი, მაყურებელს წყლის შიში გაუჩინა და ბლოკბასტერების ტენდენცია დაარსა. ურთულესი წყალქვეშა გადაღებების შემდეგ, როდესაც მოცემული ბიუჯეტი არ იკმარა და პროდუსერებს ჯიბეები ბოლომდე დაუცარიელა, შემდეგ სურათშიც იგივე გაიმეორა როდესაც უცხოპლანეტელები და ადამიანები მუსიკის ენით ერთმანეთს დააკავშირა ერთმანეთთან „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტებში“.

ნელ-ნელა სულ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა მსგავსება მას და სესილ ბი დემილს შორის და თითქოს სწორედ ამის საპასუხოდ, საკუთარი უდიდესი სანახაობა შექმნა დედამიწაზე – ჯორჯ ლუკასთან ერთად პლაჟზე წამოწოლილმა ინდიანა ჯონსი მოიგონა. წინა სამივე ფილმთან შედარებით, განახევრებულად მცირე ბიუჯეტით, კინემატოგრაფის ერთ-ერთი საუკეთესო პროტოგონისტი და იდეალური ფილმი გვიანდერძა, რომლითაც ალბათ საბოლოოდ გადააქცია საკუთარი თავი პოპ კულტურის სიმბოლოდ.

 

 

1 2 3