ამავე წელს სტენლი კუბრიკი გარდაიცვალა და სპილბერგმა მისი უკანასკნელი პროექტის განხორციელება დაიწყო. ვინ იცის როგორი იქნებოდა ”ხელოვნური ინტელექტი”, მისი გადაღება კუბრიკს რომ მოესწრო, მაგრამ ალბათ არავის გასჩენია იმის შეგრძნება, რომ სპილბერგმა რაიმე არასწორად გააკეთა. მან თითქოს კიდევ ერთხელ ცადა გადაეღო 21-ე საუკუნის E.T. რობოტი ბიჭუნას და მისი მეგობარი სათამაშო დათვის დრამატული ისტორიით მშობლის და სახლის ძიებაში.

2002 წელს „განსხვავებულ აზრში“ წინასწარმეტყველივით მოგვევლინა და მომავალი დაგვიგეგმა. დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკა გადაიღო და ამავე წელს ყველა თინეიჯერს შეუქმნა აღფრთოვანების საგანი, მეგობრულ-დამრიგებლური ტონით დაანახა, რომ სწავლას იმისთვის, რომ საბოლოოდ ერთფეროვან ცხოვრებას და არასასურველ სამსახურს მიეჯაჭვო, ჯობია ბოლომდე შეასხა ფრთები შენს ფანტაზიას და კრეატიულობას და გახდე ის, ვინც თავად გინდა რომ იყო. ამიტომ ”დამიჭირე თუ შეგიძლია” ძალიან ისპირაციული ფილმი გამოვიდა. 2005 წელს ოცნება აიხდინა და თავის ერთ-ერთი საყვარელი ფილმის, ”სამყაროთა ომების” რიმეიქი გადაიღო, რომელშიც საოჯახო დრამის ფონზე ლამის საშინელებათა ჟანრი განავითარა. 2008 წელს კი 19 წლიანი პაუზის შემდეგ კიდევ ერთი ფეერიული მოგზაურობა მოუწყო მაყურებელს საყვარელ და მონატრებულ გმირთან ერთად და მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე ”ინდიანაში” არის მომენტები, როდესაც ძალიან განაწყენებული რჩები, საბოლოოდ სიხარული იმისა, რომ კვლავ შეგიძლია შენს საყვარელ არქეოლოგთან ერთად გაემგზავრო ზღაპრულ თავგადასავალში, გავიწყებს ყოველგვარ ლაფსუსს და ბედნიერი ღიმილით გაჯაჭვებს ეკრანს.

სპილბერგის ფილმები იდეალური აღმზრდელობითი მასალაა. იმის პარალელურად, როდესაც ბავშვს მარკ ტვენის ბიბლიოგრაფიას მისცემთ წასაკითხად, სპილბერგის ფილმოგრაფიაც უნდა ანახოთ, რადგან იქ ყველაფერია, ყველა ასაკისათვის. იქ ყველაზე ჰეროიკული პერსონაჟები არიან, საუკეთესო მეგობრები, იქიდან ისწავლი ღირსეულ ქმედებებს, გაიღვივებ ფანტაზიას, შეინარჩუნებ რწმენას ჯადოსნური ისტორიებისადმი და ყოველთვის შეგეძლება იყო პიტერ პენი.

ამიტომ, სრულყოფილი კინოს იდეალად, მუდამ დარჩება ხომალდების პოეტური ფრენა ”კოსმოსურ ოდისეაში”, ანტუან დუანელის საფინალო გაქცევა ”400 დარტყმაში” და ამის პარალელურად, პატარა ბიჭუნა, მფრინავ ველოსიპედზე, თავის საუკეთესო მეგობარ უცხოპლანეტელთან ერთად, გიგანტური, კაშკაშა მთვარის ფონზე.

 

 

 

 

1 2 3