”დაკარგული კიდობნის მაძიებლები”-დან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, როდესაც თითქმის შეუძლებელი ჩანდა დოქტორი ჯონსის სიდიადეს რაიმე მისწვდომოდა, სპილბერგმა E.T. გადაიღო. ფილმი პატარა ბავშვზე და მასზე პატარა უცხოპლანეტელზე, რომელსაც დედამიწაზე მარტო დარჩენილს მხოლოდ სახლში დაბრუნება სურს, არის ეტალონი საბავშვო და ზოგადად მხატვრული კინოსი. ფილმი რომელიც გრძნობების და ემოციების ზებუნებრივ შემოწოლას და ბედნიერების ცრემლებს იწვევს არის მიღწეული იმით, რომ სპილბერგს არ დაუკარგავს ბავშვური წარმოსახვის და მასთან თამაშის უნარი.

მას შემდეგ რაც გაუჩინა საუკეთესო მეგობარი ყველა ბავშვს, საფუძველი ჩაუყარა ”ფროდაქთ ფლეისმენთს” კინოში და მთელი კინოსაზოგადოების ყურადღება მიიპყრო, იქცა მეფე მიდასად და ყველა პროექტს რომელსაც ხელს კიდებდა ოქროდ (ასეულობით მილიონ დოლარად) გარდაქმნიდა.  სპილბერგის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია უგემრიელესი შიგთავსი ულამაზეს შეფუთვაში მიიტანოს აუდიტორიამდე, გადაიღოს კომერციული ფილმი ისე, რომ არ დაივიწყოს დრამატურგია, ის, რომ კინემატოგრაფი გასართობ საშუალებასთან ერთად ხელოვნებაა, არ დაკარგოს რეჟისორული ხედვა და ყოველთვის ზრუნავდეს მაყურებელზე.

როდესაც ინდიანას მეორე, თავბრუდამხვევი თავგადასავალი აჩუქა სამყაროს, ცოტახნით შინაგანი ბავშვი უკანა პლანზე გადაწია და ”მეწამული ფერი” გადაიღო – 30-ანი წლების ამერიკაში აფროამერიკელების ცხოვრება და უდიდესი დრამა დაგვიხატა, რომელსაც იმავე კალიბრის ”მზის იმპერია” მოჰყვა – ბავშვის თვალით დანახული მეორე მსოფლიო ომი და თვითგადარჩენისთვის. ორი მძიმეწონიანი დრამის შემდეგ საკუთარ შინაგან ბავშვს კომპენსაციის სახით სრული თავისუფლება მისცა და ჯერ ინდის გენიალური მესამე ნაწილი შექმნა, სადაც მხიარულებას მის წინამორბედთაგან განსხვავებით ორჯერ უმატა, შემდეგ კი ”ჰუკი”, სადაც გაზრდილი პიტერ პენი დააბრუნა ნევერლენდში და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა საკუთარ ჯადოქრობაში. ორი წლის მერე, 1993 წელს ორი შედევრი ერთად გადაიღო – იდეალური გასართობი კარუსელი ”იურული პარკი” და მეტად პერსონალური ”შინდლერის სია”. ამ უკანასკნელისთვის მეექვსედ ნომინირებულმა, როგორც იქნა დიდი ხნის დამსახურებული ”ოსკარი” აიღო და გულახდილად განაცხადა, რომ კარგა ხანია ელოდა ამ მომენტს. ეს მომენტი კიდევ ერთხელ 99 წელს განმეორდა, როდესაც წლის საუკეთესო რეჟისორის წოდება ფილმისთვის ”რიგითი რაიანის გადასარჩენად” მიიღო.

 

1 2 3