ბიჭი დადიოდა დაცარიელებულ სახლში და ხელით სინჯავდა სიცარიელეს. მერე კი, როცა ყველა ნამუშევარი სახლში ბრუნდებოდა, უსინათლო თავისი ხელით მიუჩენდა ხოლმე ადგილს. ბიჭი ხელიგულს უსვამდა ქანდაკებებს და გრძნობდა ცივ, გლუვ ზედაპირს, გრძნობდა საგნების რელიეფს, ქალის სხეულს, საკუთარ გამოსახულებას, ცხენის ტორსს, ფაფარს. როდესაც ომი დაიწყო, მათ სახლში ყუმბარა შეაგდეს და ყველაფერი ნამსხვრევებად იქცა. მერე ამ სახლიდან საერთოდ გადავიდნენ და სხვაგან შეაფარეს თავი. მამამ ხალისი დაკარგა და აღარ მუშაობდა, შინიდან გადიოდა, რის ვაი- ვაგლახით თიხა მოჰქონდა, მაგრამ აღარ მუშაობდა. ასეთი სასოწარკვეთილი მამა ბიჭს არ ახსოვდა. მხოლოდ შორეული ბავშვობა აგონდებოდა, როცა თვითონ ავად გახდა და მამას მისი გადარჩენის იმედი თითქმის აღარ ჰქონდა. მაშინ მამა ბიჭს სასთუმალთან ეჯდა, ხმას არ იღებდა, დუმდა. ბიჭმა სთხოვა ტალღებთან მებრძოლი მენავე გამოეძერწა და მამამ სურვილი შეუსრულა. მუშობის დროს ისინი საუბრობდნენ, ქანდაკება კი თანდათან იძენდა ფორმას. ბიჭი დეტალების დამუშავებასაც ჰკარნახობდა და მამა ყოველ დეტალს მისი კარნახით ქმნიდა. მერე თვითონ ბიჭმა დაიწყო ძერწვა და თანდათან მომჯობინდა კიდეც. ყვლაფერს აქანდაკებდა – ადამიანებს, ცხოველებს, საგნებს. ყოველივე ეს მის წარმოდგენაში არსებობდა და უკვე ქანდაკებადქცეული ძალიან უცნაურ ფორმას იღებდა. საბოლოოდ მამის ჩარევით იქმნებოდა კომპოზიცია – სხვადასხვა არსებებისა თუ საგნების ურთიერთკავშირი. მამა დიდხანს იჯდა უსინათლოს ნამუშევრებთან და ჩაფიქრებული ათვალიერებდა მათ. მერე ცდილობდა ალაგ-ალაგ ჩაესწორებინა, რეალობის გათვალისწინებით მეტი სიცოცხლე შეეტანა მკვდარ მასალაში. ასე აუბა მხარი ბიჭმა მამას. მერე უკვე თვითონ ბიჭი მიდიოდა ტბის სიახლოვეს და თიხნარი მიწა მოჰქონდა. ამასობაში ომიც დაიწყო. ამან, რა თქმა უნდა, მათი ცხოვრება შეაფერხა, ერთ საშინელ დღეს კი საერთოდ გაანადგურა. სახლის აფეთქების შემდეგ არცერთი ნამუშევარი არ გადარჩა, მერე კი მამაც დაიკარგა და დატოვა დიდი სიცარიელე, ტყვიების ზუზუნით, გოდებით, კვნესით, ყრუ ღამეებით სავსე სიცარიელე. და ბიჭს უკვე სახლი აღარ ჰქონდა, მისი ერთადერთი სახლეული მამა იყო. ამიტომაც დაიწყო მამის ძიება ამ უსიერ სამყაროში. ყოველივე ეს უსინათლომ მომიყვა და ამის შემდეგ ის მხოლოდ ერთხელ ვნახე“.

 

*** *** ***

დუქანში სიარული ჩვევად მექცა. ისე ვერ ჩავუვლიდი იქაურობას, კარი რომ არ შემეღო. ნოემბერი იყო. ჩავუარე და კარი შევაღე კიდეც. საღამო ხანი იყო, ხალხი უკვე კარგა ბლომად მოგროვილიყო. დარბაზში სიგარეტის გაუვალი ბოლი იდგა და ხალხის ხორხოცს ყურთასმენა მიჰქონდა. რა თქმა უნდა, თვალი კუთხის პატარა მაგიდისკენ გამექცა და ნიკოც, როგორც ყოველთვის, იქ იყო. შორიდანვე მომესალმა.მეც უკითხავად მივუჯექი, ერთი ბოთლი ღვინო და ცოტა საჭმელი შვუკვეთე. ნიკომ ახლადშევსებული ფურცლები გადმომცა და ხანმოკლე საუბრის შემდეგ კითხვას შევუდექი: „უსინათლო კარგა ხანს აღარ გამოჩენილა. მე ვიცოდი, რომ მამის პოვნის იმედი მას თითქმის

გადაეწურა, ამიტომ თავის ვინაობასაც აღარ მალავდა. უნებლიეთ გავიფიქრე, ალბათ აფხაზებმა მოკლეს-მეთქი. ამის გაფიქრება იყო და გამოჩნდა კიდეც. სოხუმის მიდამოებს მოშორებულები ვიყავით უკვე. საქმე ცუდად მიდიოდა. ჩვენც ნელ-ნელა უკან ვიხევდით. ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ უსინათლო სამხედრო ბანაკში შევაჩნიე, ჩაფიქრებული იჯდა თავისი განუყრელი დაძონძილი ლაბადითა და ხის ჯოხით. კიდევ ერთხელ გამოველაპარაკე. ისეთი გრძნობა მაქვს, ომი მალე დამთავრდებაო, მითხრა. თუ გავასწრებთ, თორემ ისე ცოცხალი არავინ დარჩებაო. შენ-მეთქი? – ვკითხე. „მე იქ უნდა ვიყო, სადაც მამაჩემი არისო. სად არის მამაშენი-მეთქი? არ ვიციო, ან მიწაზეა, ან ზემოთო, – ცისკენ აიშვირა ხელი. „რა იცი, იქნებ ცოცხალია-მეთქი, – არაო, ცოცხალი რომ ყოფილიყო, აქამდე ვიპოვნიდიო. სად ეძებდი-მეთქი, – ყველგანო, თითქმის მთელი ფრონტის ხაზი მოვიარეო, მკვდარიაო, ცოცხალი რომ ყოფილიყო, თვითონ მომძებნიდაო. კარგად ლაპარაკობდა. ჩანდა, უკვე თავის საქმე გაესრულებინა. მე ვუთხარი, შენ ისე ლაპარაკობ, ეტყობა, შენი საქმე უკვე გაასრულე-მეთქი. კიო, გავასრულეო, მითხრა. მერე ვკითხე, ახლა რას აპირებ-მეთქი. არაფერსო, მითხრა, როგორც ყველა, მეც იქ უნდა წავიდე, სადაც მამაჩემი არისო. აქამდე არ იცოდნენ ჩემი ვინაობა, ახლა კი უკვე იციან და ალბათ მომკლავენ კიდეცო. ეს იყო და ეს. ამის მერე უსინათლო აღარ მინახავს. როგორც ადრე ვთქვი, ბლინდაჟები ამ ომში არ იყო. უკან- უკან ვიხევდით და ცარიელ შენობებში ვჩერდებოდით. ზოგჯერ ღამესაც იქ ვათევდით. ეს უკანდახევის მომენტი ყველაზე უფრო ძნელი იყო. იარაღისა და ტყვია-წამლის უქონლობის გამო მუდმივი ხიფათის წინაშე ვიდექით. ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ რამდენიმე კაცი დაზვერვაზე გავედით. ჭაობიანი მინდვრები იყო და ლელქაშებში ფრთხილად მივტოპავდით. იმ ადგილებში ისეთი ჭაობები იცის, ფეხი თუ ჩაგიცდა, ბოლომდე დაგძირავს. ერთ მინდორზე შედარებით დიდხანს გავჩერდი, მივათვალ- მოვათვალიერე და შევამჩნიე, გუბურებში გვამები ტივტივებდა. დრო მქონდა, გუბურები ჩამოვიარე და ერთ-ერთში ლაბადიანი გვამი შევნიშნე. გულმა რეჩხი მიყო, მაშინვე მივხვდი, ეს უსინათლო მამისმაძიებელი იქნება-მეთქი და არც შევმცდარვარ. წყალში პირაღმა იწვა, გაყინული ღია თვალებით ცას მისჩერებოდა. იქ ეგულებოდა მამამისი, იმიტომაც იყურებოდა ცაში.
ამის მერე სულ ასე მესიზმრება, პირაღმა მწოლი, სამუდამოდ გარინდული და ცას მიციებული მზერით“.

 

 

 

 

 

1 2 3 4