*** *** ***

ომი დამთავრებული იყო. ამიტომ ვიდეო-რგოლები რედაქციაში სადღაც მიყარეს.

ინფორმაციებს ველოდი, საქმე არაფერი მქონდა, ძველი ნივთები გამოვჩხრიკე და დისკებს მივაგენი. ჩემთვის ვფიქრობდი, ნუთუ ამდენ ვიდეო-რგოლში ერთზე მაინც არ იქნება უსინათლო მამისმაძიებელი -მეთქი. ოთახში გამოვიკეტე, გვიანობამდე ვიქექებოდი დისკებში, უამრავი ვიდეო-რგოლი გავსინჯე და ჩემთვის საგულისხმო ვერაფერი მოვიძიე. ემირი შემოვიდა, ჭაჭა, ძეხვეული და შავი პური შემოიტანა. ჭაჭას ვურტყამდი და თან ვიდეო-რგოლებს ვატრიალებდი. ემირიც მხარს მიბამდა და თან ინფორმაციებს კითხულობდა. და აი, როგორც იქნა, ძალიან უცნაურ სიუჟეტს მივაგენი! სოხუმის დაცემა ახლოვდება, პატარა გემი სანაპიროს მიადგა, განწირული ადამიანები ნაჩქარევად ადიან კიბეზე. გემი უკვე გაიძეძგა და თითქოს გვერდზე გადაიხარა, ვიღაცებს დარჩენა ემუქრებათ, სასოწარკვეთით ებღაუჭებიან კიბეს და სწორედ ამ დროს კიბის სიახლოვეს მდგარი გრძელლაბადიანი და ჯოხიანი კაცი უკან იხევს, თითქოს სხვებს უთმობს გზას, ჯოხს ისე ასავსავებს, რომ ეტყობა, უსინათლოა, გზა უსინათლოს ეკუთვნის. გულისამაჩუყებელი ფრაგმენტია. დრო იწურება, მაგრამ უსინათლო უკან იხევს, უსინათლო რჩება, სხვები კი გემზე ადიან. გემი რის ვაი- ვაგლახით მიაპობს ტალღებს. გემს ძაღლი ედევნება, ზღვაში ხტება და მიცურავს, უსინათლო კი ნაპირზე რჩება, რადგან მამას დაეძებს, მან მამა უნდა მოძებნოს.

 

 

*** *** ***

მეორე დღესვე მივაკითხე კაფე-ბარს. კაფე-ბარი ეწერა, თორემ ისე ერთი ჩვეულებრივი „ზაბეგალოვკა“ იყო. საღამოთი სანთლებს ანთებდნენ და შეგეძლო გვიანობამდე ყოფილიყავი, სანამ გადაჭედილი მეტროს შესასვლელი ჩაიკეტებოდა. ნიკო ვნახე და ჩემი ნაპოვნი ვიდეო-რგოლის ამბავი მოვუყევი. არ გაჰკვირვებია. უსინათლოზე მითხრა, სად იყო წამსვლელი, მამის უპოვნელად ნაბიჯსაც არ გადადგამდაო. ეს ამოთქვა და სავსე ჭიქა დაცალა, მერე ისეთი სახე მიიღო, მივხვდი, რაღაცის გაზიარებას აპირებდა. ეტყობა, გულზე მოხვდა ჩემი ნათქვამი და თავისთავზე იმის თქმა დააპირა, რასაც აქამდე ვერ ამბობდა. ცოლს ადრევე გაჰყროდა და ის და მამამისი ერთად ცხოვრობდნენ ჩიტაძეზე ერთ დიდ ოთახში. ამ ოთახში მოდიოდნენ მასთან მისი უბნელები და მეგობრები, თვითონ თუ არ იყო სახლში, ბიჭებს მამა უწევდა მოკრძალებულ მასპინძლობას. თვითონაც არაერთხელ შესწრებია ბიჭებთან მოსაუბრე მამას. მისი პატარა ბიჭიც იქვე თამაშობდა. ეს ნიკოს სახლეულობა იყო და რომ არა ომი, ვერ წარმოიდგენდა მათგან შორს ყოფნას. არადა, ძალიან შორს მოუწია წასვლა, ძალიან შორს, არა მანძილის გამო, არამედ იმიტომ, რომ ამ სასტიკი ომიდან შინ დაბრუნება თითქმის შეუძლებელი ეჩვენებოდა. მაგრამ დაბრუნდა, ოღონდ მამა აღარ დახვდა შინ და მას აქეთ მისი ცხოვრებაც მამის ძიებად გადაიქცა.
მერე დაამატა: როგორც მითხრეს, მამაჩემს აქ უყვარდა სიარული, მეც ამიტომ დავდივარ აქო. ეტყობა, უჩემოდ შინ გული არ უჩერდებოდა, შემოვიდოდა, ერთ ბოთლ ღვინოს დაიდგამდა, თან წაიხემსებდა, იჯდა მერე საათობით ზუსტად ამ ადგილას და მიდამოს გაჰყურებდაო. წასვლის წინ ბიჭებს დავუბარე, ნუ მიატოვებთ-მეთქი. ხანდახან შინ თუ არ იყო, აქ იყო, დუქანში. მერე აქვე მოაკითხავდნენ და მშრალად არც აქ გამოდიოდნენ. თურმე ამბობდა, ეგ ისეთი ომია, ნიკო ან დაბრუნდება, ან ვერაო. ჩუმად,

უხმაუროდ წასულა იმქვეყნად, ბიჭებს უნახავთ, წესი აუგიათ და ვერაზე დაუსაფლავებიათ დედაჩემის გვერდითო, ამბობდა ნიკო.

 

 

*** *** ***

„მეგაპოლისის“ რედქციაში ინფორმაციებს ელოდნენ. ემირი სასტიკ გუნებაზე იყო, თვალები ამოღამებოდა, წუხელ თვალი არ მომიხუჭავსო, ბრდღვინავდა ნახევრადმძინარე. მე სასწარაფოდ გადავავლე თვალი ინფორმაციებს, მივასწორ- მოვასწორე და მერე ვიდეო-ოთახში ჩავიკეტე. იქნებ უსინათლოზე კიდევ რამე ვნახო- მეთქი, ვიფიქრე. საღამომდე ვერაფერს წავაწყდი, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და ძებნა განვაგრძე. და ვნახე ვიდეო-რგოლი, სადაც ბიჭები ისევ ფანდურზე მღერიან:
„დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს, გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს“… მღერიან, როგორც ყოველთვის გაღიმებულები; რამდენიმე მღერის, დანარჩენები კი ჩუმად არიან, ზოგი თითქოს უდარდელად იღიმება, ზოგს კი მძიმე და გაქვავებული გამოხედვა აქვს. ნიკო აქ არ არის, სამაგიეროდ ბიჭებს შორის ვიპოვე ცარიელთვალებიანი, უაზრო გამომეტყველების ადამიანი. ეს უსინათლოა. გამოსახულება გავადიდე და ჩემს ვარაუდში დავრწმუნდი. ის სრულიად გაურკვეველი მიმართულებით იყურება, მუქი ლაბადა აცვია, რომლის კალთაც გვერდით აქვს გამოჩრილი. ის, რა თქმა უნდა, არ მღერის. უმეტყველო სახეზე რაღაც ღიმილის მსგავსი აქვს გადაფენილი. თვითონ თითქმის არ იძვრის, გახევებულია, მხოლოდ თავს აბრუნებს ოდნავ აქეთ-იქით. ჩემთვის ვფიქრობ, რადგან ქართველებთან ერთად არის, მათივე თანაზიარია, ნუთუ შეიძლება, რომ ამხელა ომში მამის გარდა არაფერი არ
აინტერესებდეს-მეთქი. აკი მორყეულ გემზე ასვლას აპირებდა, ბოლოს კი აღარ ავიდა. იმ გემზე ხომ სოხუმელი ქართველები იყვნენ? ის არ ამხელს თავის ვინაობას, რადგან უნდა მამის მკვლელს მიაგნოს-მეთქი – აი, ამას ვფიქრობდი, როცა კინოობიექტივი გამოვრთე.

 

*** *** ***

სიზმრები ამერია, უფრო სწორად, სიზმრებში ადამიანები ამერია. დამესიზმრა ემირი, რომელსაც გრძელი ლაბადა ეცვა, ხელში ჯოხი ეჭირა და უმწეოდ ასავსავებდა. ჩვენი რედაქციის ოთახის კარი შემოაღო, შემოვიდა და მეკითხება: „ ინფორმაციები მოვიდა?“
– „კი, მოვიდა“, – ვპასუხობ და ფურცლებს ვაწვდი. ვაკვირდები, თვალები ცარიელი აქვს, შიგ დღის სინათლე ირეკლება, თვალის კაკლები არ უჩანს. „დამისხი“ – მეუბნება ემირი. ვუსხამ, გადაკრავს და მიდის. „სად მიდიხარ?“, „მამას ვეძებ“, – მპასუხობს ემირი და მირაცრაცებს, თან ჯოხს აკაკუნებს. „მაშ, ყველა ადამიანი მამისმაძიებელი ყოფილა“, – ვფიქრობ და უეცრად მეღვიძება.

 

*** *** ***

მძიმედ გავცივდი, სიცხე მომცა. ვიწექი, თითქმის ვაბოდებდი. ღამღამობით ჩვენება მქონდა – ვხედავდი, აფხაზეთიდან დევნილები როგორ მიიწევდნენ უღელტეხილისკენ, ვხედავდი, როგორ ადიოდნენ ამ საშინელ გოლგოთაზე ბავშვები, ქალები, მოხუცები. ზოგი ეცემოდა და ვეღარ დგებოდა. ავდარი, თოვლი, ქარი… ადამიანები ადიან აღმართზე, იქცევიან და დგებიან, იქცევიან და დგებიან. ვიღაცას საფლავი გაუთხარეს. თხრიან საფლავს და მარხავენ. ვიღაცას მოშივდა. ახლადგათხრილ საფლავთანვე ჩამოჯდება და ჭამს. „მცივა“, – ამბობს ბავშვი. მოხუცი ქალი გულში იკრავს და ათბობს. დედა არ არის, დედა არ ჩანს. ზემოდან თუ დახედავ, დაინახავ, როგორ მიიკლაკნება უღელტეხილისკენ დევნილების გრძელი რიგი.

 

*** *** ***

უბანში რამდენიმე ბიჭი დაბრუნდა, სხვები კი არ ჩანდნენ. ვინც დაიღუპა, იმათი სახელები ყველამ იცოდა. ზოგიერთებზე ისიც იცოდნენ, როგორ და სად დაიღუპა. ჩამოსულთაგან უმეტესნი სახლში იყვნენ გამოკეტილები და გარეთ არ გამოდიოდნენ. უბანი ისეთივე ცარიელი იყო, როგორიც ომის დროს. ვიღაც-ვიღაცები დაიკარგნენ კიდეც. ომი აქვე მოხდა, თბილისზე კი ჩრდილი ჩამოწვა, მუქი და გაცრეცილი ჩრდილი. ამ ჩრდილქვეშ გვიანი შემოდგომის მზე გამოსჭვიოდა. მერე დაუბერა ქარმა და ხმელი ფოთლები გააფრიალა. ეს უკვე სევდა იყო, სევდა, რომელიც მარადიულ არყოფნას დაემსგავსა.

ნიკოს ჩანაწერებიდან

„წვიმდა. მთელმა ბატალიონმა დამწვარი სკოლის შენობას შევაფარეთ თავი. უსინათლოც აქ იყო. გამოველაპარაკე. თავისი თეთრი თვალებით მიყურებდა და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, როგორც ყოველთვის, რომ მხედავდა. მამისმაძიებელობაზე ლაპარაკობდა. მისი მშობლები ადრევე გაყრილიყვნენ. მამა სხვა ქალაქში ცხოვრობდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში გაქცეულა მამის მოსაძებნად და უპოვნია კიდეც. კითხვა- კითხვით მიუგნია. მამას გაჰკვირვებია, როგორ მომაგნოო, ხელი ჩაუვლია უსინათლოსთვის და აღარც გაუშვია. მეორე დღეს დედას ძმებთან ერთად ქვეყანა შეუძრავს და, რომ ვეღარ უნახავს, ისევ მამას მისდგომია. მამა მოქანდაკე იყო. ზღვის სიახლოვეს, პატარა ტბასთან თიხნარ მიწას აგროვებდა, ბიჭთან ერთად ურიკით მიჰქონდა, ერთ ადგილას ყრიდა ეზოში და იქვე მუშაობდა. უსინათლო ბიჭი ყოველთვის გვერდით ეჯდა. ბიჭმა ყოველთვის იცოდა, რას ძერწავდა თიხისგან მამა. მამა სანაპიროს, ტალღებს და ზღვის ცხოველებს ძერწავდა. ბიჭი ცდილობდა წარმოედგინა სანაპირო, ზღვა და ზღვის ცხოველები. მას ქვეყნიერება მამის ნამუშევრების მეშვეობით ჰქონდა წარმოდგენილი. სახლი სავსე იყო მამის ნამუშევრებით. ზოგჯერ მამა სხვადასხვა გამოფენაზე აგზავნიდა თავის ნამუშევრებს და სახლი ცარიელდებოდა.

 

 

 

 

1 2 3 4