„ კიდევ ცოტაც და მიხილავთ, რადგან მე მამასთან მივალ“.
იოანე, 16. 16

 

ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ოცდამეცხრამეტეში. ჰე, ეს როდის იყო. „კაი ბიჭის“ სახელი ჰქონდა. მაღალი, თხელი, გამხდარი. ნერვიული სახის ნაკვთები უთრთოდა, როცა ლაპარაკობდა. ისე ვერანაირ უცნაურობას ვერ შეატყობდი. მხოლოდ ლაპარაკობდა, საკმაოდ ბევრს ლაპარაკობდა, მერე მოულოდნელად ჩერდებოდა და, თუ შენც სიტყვას ჩაურთავდი, გისმენდა. ამ მოსმენის დროს სახე ირონიული და ცინიკური უხდებოდა, ვითომდა, კი, შენც კარგ რამეს ამბობ, ოღონდ მთლად მასე არ არისო. ეგ იყო და ეგ.
ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ოცდამეცხრამეტეში, სოლოლაკში. თვითონაც სადღაც იქვე ცხოვრობდა, მე მგონი, ჩიტაძის ქუჩაზე და იქიდან თავქვე ეშვებოდა, მერე ინგოროყვაზე გამოდიოდა და ჩემი ფანჯრების წინ ჩაივლიდა. მახსოვს, ერთხელ წვიმაში მიაბიჯებდა, ისე მიარღვევდა შუბლით მაისის წვიმის თქეშს, თითქოს ჩვეულებრივი დარი იდგა და ასე უნდა ევლო ბოლომდე. არა, რა თქმა უნდა, იყო რაღაც უცნაური მის თავდაჭერაში, მაგრამ მაინც ისეთი არაფერი. მიდიოდა და მოდიოდა. ზოგჯერ პირისპირ შემეჩეხებოდა ხოლმე და მაშინ კი გავისაუბრებდით, ანდა სულაც გულგრილად ავუქცევდით გვერდს ერთმანეთს.
ჩემს სკოლაში ღიააივნიანი დერეფნები იყო და ზედა სართულიდან ვხედავდი მოაჯირზე იდაყვდაყრდნობილსა და ჩაფიქრებულს. ჩაფიქრება იცოდა, ოღონდ სულ ასე ჩაფიქრებული არ იყო, ზოგჯერ მოძრაობდა და საკმაოდ სწრაფადაც.
ერთხელ, თეთრ მარმარილოს კიბეზე რომ ჩავდიოდი და უკვე სკოლის შენობიდან გასვლას ვაპირებდი, გვერდით ჩამიქროლა და გასასვლელისკენ ტყვიასავით გავარდა. ვიღაცას მისდევდა. მერე ქუჩიდან შუადღის სიწყნარეში ხმები გაისმა და მაშინვე გაიფანტა. როცა გავედი, გარეთ უკვე აღარავინ იყო.
ბევრჯერ დამინახავს, სკოლის ეზოში ფეხბურთს როგორ თამაშობდა. მოხდენილად ინაცვლებდა ადგილს, მერე მოწყვეტით მიიწევდა წინ, მეკარესთან პირისპირ გადიოდა და ფეხის წვერით აწეულ ბურთს მსუბუქად ათავსებდა კარში.
ერთხელ ღია აივანზე გამავალ ბნელ დერეფანში გადავაწყდი – კაზაროვს ეჩხუბებოდა. კაზაროვი ხომ ჩხუბობდა და ჩხუბობდა. უნაკლო ტექნიკა ჰქონდა, მაგრამ მაშინ ამანაც არ დაუდო ტოლი. რამდენიმე ხანს ურტყეს ერთმანეთს, მერე კი დაშორდნენ და უხმუროდ წავიდ-წამოვიდნენ.
რამდენჯერმე პირველ სართულზე ბიბლიოთეკაშიც შევეფეთე. მახსოვს, რომელიღაც წიგნს ეძებდა და ერთმანეთზე შეწყობილი წიგნების მთელი გორა გადმოანგრია. ბოლოს სიღრმიდან გამოაძვრინა ერთი მტვრიანი წიგნი, გულმოდგინედ გაწმინდა და წაიღო და მაინც, ყველაზე მეტად ის წვიმიანი დღე მახსენდება, როცა
ინგოროყვაზე ჩვენი ბინის ფანჯრების წინ ჩაივლიდა. ალბათ იმიტომ მაკვირვებდა ამ

ბიჭის წვიმაში სიარული, რომ საერთოდ ყველაფერი მიკვირდა მისი – ფეხბურთის თამაში, ჩაფიქრება, წიგნების ჩხრეკა და სხვაც ბევრი რამ. სხვათაშორის, ისიც ძალიან გამიკვირდა, როცა მოგვიანებით აფხაზეთის ომში უბნიდან წასული ბიჭები ჩამოთვალეს და ისიც ახსენეს.
არ ვიცი, რა იწვევდა ამ გაკვირვებას, არ მიფიქრია ამაზე, თუმცა რომ მეფიქრა, ალბათ მაინც ვერაფერს მივხვდებოდი. არ ჰგავდა იმ კაცს, რომელიც ომში წავიდოდა, ასე ნაუცბათევად დაადებდა თავს და წავიდოდა. სხვებიც არ იყვნენ ასეთები, მაგრამ მათი ხომ ისედაც არასდროს არაფერი გამკვირვებია.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემი ფანჯრების წინ აღარ გამოჩენილა. ეტყობა, ახლა უკვე სხვა გზებით დადიოდა. წვიმდა, მაგრამ ის აღარ ჩანდა. ქუჩა ცარიელი იყო. ინგოროყვაზე ერთ ეზოში შევდიოდი, სადაც ძველი ნაცნობები იყრიდნენ თავს და მათგან გავიგე, რომ აფხაზეთში წასულიყო. „ნიკო ქარცივაძე, ზემოუბნელი, ეგეც წავიდა“, – ამბობდა გურგენა – „ მერე კიდევ ვინა? აი, ისა, ზულუსა, პირი რომ ჰქონდა ამოკერილი, ეგეც“. ყველას ჩამოთვლა ძნელი იყო, ამიტომ ბოლოს ყოველთვის ერთნაირად ამთავრებდა: „ კაროჩე, მთელი უბანი გაიკრიფა“. „ნიკო“ -სწორედ ეს იყო ჩემი სკოლელი და ის მართლაც აღარ ჩანდა უბანში. თუმცა მანამდეც დიდხანს აღარ დამინახავს. სადღაც სწავლობდა და ქალაქის სხვა მონაკვეთში უხდებოდა ყოფნა.
აფხაზეთსა და ომზე როცა არის ლაპარაკი, ყოველთვის სუბტროპიკული მცენარეულობა ეჩვენებათ და ეს ყველაფერი მართლა იყო – მაგნოლიებსა და ევკალიპტებში მიყრილ-მოყრილი გვამები, ეგზოტიკური ხეების ძირში გათხრილი
საფლავები, სისხლიანი ზღვა, აფეთქებული თვითმფრინავები და დამწვარ-დაღრეკილი ცხედრები, ასევე სანაშენედან გაქცეული სახადშეყრილი მაიმუნები, რომლებიც ნახევარ ქალაქს მოედვნენ და მერე მთელ ზღვისპირეთში გაიფანტნენ. ნაშუაღამევს მანათობელი ტყვიების კორიანტელი მაგნოლიებზე შემომჯდარი მაიმუნების შეშინებულ თვალებში ირეკლებოდა და მერე წკაპუნით ცვიოდა სისხლიან ზღვაში. იქ, შორს გასული მებადურები თევზებსაც აწყდებოდნენ და გვამებსაც. დაჭერილ თევზებს ნავის ძირას ყრიდნენ, გვამებს კი გულგრილად უქცევდნენ გვერდს. სუბტროპიკული სასაფლაოს თავზე წითლად ამოდიოდა მზე და ანათებდა სისხლიან ზღვას, სისხლიან სანაპიროს, სისხლიანი სოხუმის ქუჩებს და მიმდებარე ჭალებს, სადაც ყვავები იყვნენ ჩაბუდებული. ყვავები ადამიანებს ესხმოდნენ თავს და ამიტომ კალაშნიკოვის ტყვიით გაგლეჯილები თითქმის ყოველ ნაბიჯზე ეყარნენ. საიდანღაც ეგზოტიკური ცხოველებიც გაჩნდნენ – ავაზა და ლეოპარდი. ისინი ამაყად დააბიჯებდნენ სოხუმის ქუჩებში; ძალიან ლამაზები იყვნენ და ავტომატიანები მათ დასახოცად ვერ
იმეტებდნენ, მერე კი მაინც აქციეს სამიზნედ და ორივე მოულოდნელად გაქრა. მზე კი ამოდიოდა,წითლად ამოდიოდა, წითლადვე იღვრებოდა ზღვაში. ეს სისხლი იყო, სისხლიანი მზე, სისხლიანი ზღვა, სისხლიანი ქუჩები, სისხლიანი ტყე-ჭალები.

 

 

*** *** ***

იმ წლებში ჟურნალისტად ვმუშაობდი გაზეთ „მეგაპოლისში“ და საინფორმაციო ბლოკს ვაწყობდი. მასალა საქინფორმიდან მოდიოდა, ამობეჭდილ ფურცლებს ხშირად ვიდეო-რგოლებიც ახლდა: რომელიღაც ვიდეო-რგოლზე მომღერალი ქართველი
ჯარისკაცები იყვნენ აღბეჭდილები. ერთი ბიჭი ფანდურზე უკრავდა და მღეროდა, სხვებიც ირგვლივ იყვნენ შემოკრებილები – ზოგი მღეროდა, ზოგი უბრალოდ იღიმებოდა, ზოგს კი მძიმე და გაქვავებული სახე ჰქონდა. მათ უკვე ეწვნიათ ომის სისასტიკე და გაურკვევლობის ბლანტი ნისლი ედგათ თვალებში. ეს ალბათ სიკვდილის შიში იყო, რადგან უკვე არაერთი ნაუცბათევად გაყინული მზერა ენახათ. ამ ბიჭებიდან ბევრი აღარც იქნებოდა ცოცხალი. აქ ხომ ორი კვირის წინ გამოგზავნილი ვიდეო- რგოლები ეყარა, ბრძოლები კი ყოველდღე გრძელდებოდა. ამ ვიდეო-რგოლებს თვითონ ჟურნალისტები აგზავნიდნენ ფრონტის წინა ხაზიდან. და აი, აქ ვნახე პირველად ნიკოს სილუეტი. უცნაურია, მაგრამ ეს ბიჭი პროფილით შევიცანი. ოდნავ კეხიანი, ბრტყელი, შემოწერილი ცხვირი ჰქონდა. ცხვირი მაღალ შუბლს ერწყმოდა და ზემოდან გადმოშვებულ ხვეულ თმას უერთდებოდა. ჯერ ეჭვი შემეპარა, მერე კი სხვა ვიდეო-რგოლზეც რომ შევნიშნე, ერთმანეთს შევადარე და დავრწმუნდი, რომ არ ვცდებოდი. ამ მეორე ვიდეო-რგოლზე თვალში მომხვდა ნიკოს სახეზე გამკრთალი ჩვეული ირონია თუ ცინიზმი. მე მგონი, ცინიკური გამომეტყველება მას ყველაზე რთულ და საჭოჭმანო სიტუაციებში გადაურბენდა ხოლმე სახეზე. ეს ან ბრძოლისწინა ვიდეო იყო ან ბრძოლის მერმინდელი. გამოსახულება გავადიდე და უცნაური შთაბეჭდილება აღმეძრა: ნიკოს თვალებში მანამდე არარსებული ნაღველი გამოკრთოდა. ძალიან მიკვირდა, რომ ამ უამრავ ვიდეო-რგოლებში ნიკოს გამოსახულებას გადავაწყდი, მაგრამ კიდევ უფრო გამაკვირვა ჩემი საქმიანობის ფერისცვალებამ, რომელსაც თანდათან ღრმად შევყევი და ამ კაცის სახეში სხვადასხვა ნიშნები აღმოვაჩინე. ჩემს საქმიანობად ვიდეო-რგოლებზე ნაცნობი სახეების ამოცნობა და ამოკითხვა დამებედა. ნიკოს გარდა სხვა უბნელებსაც მივაგენი. მათ სახეებსაც წამიერი ელდა გადაჰკრავდა და მერე ამ ელდის ნასახი რჩებოდა მათსავე თვალებში. კარგად ჩანდა, რომ ისინი იმ სივრცეში იმყოფებოდნენ, სადაც სხვებისთვის გაუგებარი და აუხსნელი რამ ხდებოდა. ისინი დუმდნენ ან მღეროდნენ, გაქვავებული სახეები ჰქონდათ ან გაღიმებული, მაგრამ სიკვდილზე ფიქრი ყველა სახეს ირიბად სერავდა. ეს ნიშანი, ჩემი აზრით, ვიდეო- რგოლებზე უფრო ნაკლებად, ფოტოებზე კი უფრო თვალნათლივ იყო აღბეჭდილი. ამ ვიდეო-რგოლებიდან მეც მეტწილად ფოტოასლებს ვიღებდი არამხოლოდ
„მაგაპოლისისთვის“ არამედ სხვა გაზეთებისთვისაც. გადაგზავნა-გადმოგზავნისთვის დრო აღარ რჩებოდა და სურათების პრესაში განაწილება მე დამაკისრეს.
საღამოობით რედაქციის ერთ ოთახში მეოთხე სართულზე ვიყრიდით თავს – ფოტოგამნაწილებელი და მსუქანი სტილისტი ემირი, უბრად ვისხედით და პაწია სირჩებით მწარე ჭაჭას ვურტყამდით. მოსაღამოვდებოდა და ეზოში სტამბის დანადგარების რახრახი წყდებოდა. სტამბიდან გამოსული მუშები ჯგროდ
მიემართებოდნენ სასადილოსკენ. იქ წყალწყალა ღვინოს სვამდნენ და ტაფაზე შემწვარ შიგნეულს აყოლებდნენ. ხრაკის სუნი სამზარეულოდან ჩვენამდე აღწევდა. ზოგჯერ მოგვიანებით მე და ემირიც შევდიოდით ცარიელ სასადილოში და მერე შინ ვბრუნდებოდით, ბნელ ღამეში ვიფანტებოდით.

 

 

 

1 2 3 4