*** *** ***
ომი დამთავრდა და ნიკო ჩამოვიდა. სანაპიროზე ერთ პატარა სახაშეში თუ კაფე- ბარში მოვკარი თვალი. მარტო იჯდა, ჩუმად. ჩემდა გასაკვირად წინ ფურცლები ეწყო. დროდადრო რაღაცას წერდა, მერე კი თავაწეული დარბაზს ზვერავდა. ისევე, როგორც ადრე, ახლაც გაკვირვებული დავრჩი. ამ კაფე-ბარში მაშინდელი უსინათლობის დროს საღამოთი სანთლებს ანთებდნენ. მე და ჩემი ერთი თანამეინახე იქ ხშირად შევდიოდით და თითქმის ყოველი შესვლისას ვხედავდი, როგორ იჯდა კუთხეში ეს ჩემს ცხოვრებაში თავიდანვე შემოჭრილი კაცი და რაღაცას წერდა. მგონი, მე ვერ მცნობდა. სიმართლე რომ ვთქვა, ისე ვიყავი მაშინდელი ყოველდღიურობით გაბეზრებული და დათრგუნული, რომ ამ უცნაურობასაც იოლად შევეგუე. გაკვირვების უნარი თითქმის დაკარგული მქონდა და ამიტომაც ვერაფერს ვამჩნევდი. ვისხედით მე და ჩემი ძმაკაცი ჯანო, ვბაასობდით, ვსვამდით და სიგარეტს ვეწეოდით, დრო კი შეუმჩნევლად გადიოდა. დარბაზი თანდათან ივსებოდა ნაცნობი და უცნობი სახეებით. სანთლები ბჟუტავდა, ნიკო თვალთახედვიდან ქრებოდა და ზოგჯერ ზარხოშმორეული ისე გამოვდიოდი დარბაზიდან, რომ მისი არსებობა აღარც კი მახსოვდა. ქუჩებში ბნელოდა, გადასასვლელებზე შუქ-ნიშნების პარპალი უაზრობისა და უმისამართობის გრძნობას მიღვიძებდა. პროსპექტზე ჯანოს ვეთხოვებოდი და მეტროსკენ მივემართებოდი. მერე ესკალატორით მეტროში ჩავდიოდი და ვქრებოდი.
ერთხელ მე და ჯანო გვიანობამდე შევყევით ლაპარაკს. გარეთ თოვდა. პატარა დარბაზი თანდათან გაივსო, მერე კი სავსებით შეუმჩნევლად გადაიჭედა. შუა ლაპარაკში ვიყავით, რომ ნიკო გამახსენდა, უნებლიეთ კუთხისკენ გავაპარე თვალი და ნაცნობი სახე მეცა თვალში. შეზარხოშებულ, ამღვრეულ სიფათებს შორის გაქვავებულმა, ფერწასულმა სახემ გაიელვა. მარტო არ იყო, წინ ვიღაც ეჯდა, ისიც ისეთივე გაქვავებული, უხმო და ფერწასული. დროდადრო თუ დასცდებოდათ სიტყვა. ღვინოსაც უხმოდ სვამდნენ, თითქმის ხმელად და უსიტყვოდ. ხანგამოშვებით ნიკო თავს დახრიდა და ერთად მოგროვილ ფურცლებზე რაღაცას ინიშნავდა თუ წერდა.
გამახსენდა ის დღეები, როცა ვიდეო-რგოლებს ვუშვებდი და ადამიანების სახეებზე დაფარულის ამოკითხვას ვცდილობდი. მახსოვს, მაშინ შევნიშნე ნიკოს
გამომეტყველებაში ადრინდელი დამცინაობის სხივი, რომელიც თანდათან ნაღველში გალღვა და გაუჩინარდა. ახლა მის სახეზე აღარც დამცინაობა იყო და აღარც ნაღველი, – განურჩევლობა უფრო ეთქმოდა იმას, რასაც მთელი მისი არსება გადმოსცემდა. იღიმებოდა კიდეც, ზოგჯერ ხმამაღლა წამოიწყებდა კიდეც ლაპარაკს და ჩემს მაგიდამდე აღწევდა მისი ხმა, მაგრამ ეს ყველაფერი მალე ქრებოდა, უეცრადვე
იფანტებოდა საერთო ხორხოცში. მერე როგორღაც ისე მოხდა, რომ ჩემი და ნიკოს გზები არა მხოლოდ მიუახლოვდა და დაშორდა ერთმანეთს, არამედ გადაიკვეთა კიდეც. გულახდილად რომ ვთქვა, ამის არც სურვილი მქონია და არც განზრახვა, მაგრამ მაინც ასე მოხდა. კარგა გვარიანად ვიყავი შეღვინებული, ავდექი და მივაჭერი ნიკოს მაგიდას. ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად და ჩემი თავი წარვუდგინე, მაგრამ წარბიც არ შეუხრია, ისე მანიშნა, დაჯექიო. მე შემრცხვა, აქამდე მეგონა, რომ ვერ მამჩნევდა და
მცნობდა კიდეც, უბრალოდ მაინც უფრო უცნობებს მიმაკუთვნებდა, ვიდრე ნაცნობებს და ოდნავადაც არ უცდია ეს გაემჟღავნებინა. განურჩევლობა და გულგრილობა უკვე ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი, ჩემდამიც გულგრილი იყო, მაგრამ მარტო ყოფნას მაინც ჩემი თანხლება არჩია და ამიტომაც მითხრა, დაჯექიო. „საბუტილნიკი“ არც იმას ახლდა და არც მე, ამიტომ სუფრები შევაერთეთ და ნელა შევყევით ლაპარაკს.
პირისპირ მჯდომს თვალში მომხვდა ნიკოს დალაქავებული და გახუნებული
ტანსაცმელი. წვერიც არათანაბრად ჰქონდა გაპარსული, სახის კანზე კი არაჯანსაღი ფერი გადაჰკრავდა, ნაკვთები ძველებურად უთრთოდა, მის გამომეტყველებაში სიცოცხლის ნიშანწყალი აშკარად გამქრალიყო. ეტყობა, მარტო ცხოვრობდა, მისი სამოსიც და სახეც მარტოობით იყო გაჟღენთილი. ვიდეო-რგოლებზე აღბეჭდილი ნიკოს გამოსახულება წარსულს ჩაბარდა. ის ახლა სულ სხვა იყო -რეალური და ფერმკრთალი.
– კანტუზია გადავიტანე – თქვა მშვიდად.
მშვიდად ლაპარაკობდა, მაგრამ ამ სიმშვიდეს რაღაცნაირი სიმძიმე ახლდა, ამავე დროს იგრძნობოდა, რომ ლაპარაკი უნდოდა, მაგრამ უმძიმდა.
ერთ მწერალს უთქვამს, მახსოვრობა დილეგივით არის, გატყვევებს და აღარსად გიშვებსო. ასე იყო ნიკოც. მისი გონება თითქოს მახსოვრობაში აღბეჭდილ ოთხკედელში იყო ჩაკეტილი და იქიდან ვეღარ გამოეღწია. საუბარი სკოლასა და უბანზე ჩამოვუგდე, მაგრამ არ ამყვა, აინუნშიაც არ ჩააგდო. იმხელა პაუზებს აკეთებდა, რომ ვიფიქრე, ჩემი თანხლება არ სიამოვნებს-მეთქი და წამოდგომა დავაპირე, მაგრამ დარჩიო, მანიშნა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა და არც შევმცდარვარ. ცოტა ღვინო შევუკვეთე. უსაქმობა მაწერინებს და ვწერო, ხელით მიმანიშნა გაყვითლებულ ფურცლებზე. ბოთლი ედგა, წრუპავდა და წერდა. ხმა არ გამიღია. მაგრამ ეტყობა სახეზე გაურკვეველი იერი დამედო და ამიტომ მითხრა, ომის ამბებია, ვერ ვივიწყებ და ფურცლებზე გადამაქვსო. მაინც რაზე წერ-მეთქი, – ვკითხე, – არაფერზე, ერთი ამბავი ამეკვიატა და იმაზე ვწერო. ხმადაბლა და პაუზებით ჰყვებოდა ერთი უსინათლო კაცის ამბავს. იმ კაცს მამა დაჰკარგვოდა, შინიდან გასულიყო, აღარ დაბრუნებულიყო და ეს კი ეძებდა, ეძებდა დღისით და ღამით, ქარსა და წვიმაში, ეძებდა და ეძებდა. გრძელი ლაბადა ეცვა და ხელში ხის ჯოხი ეჭირა, ჯოხით გზას იგნებდა. „პერესტრელკების“ დროს ჯოხს ზემოთ აიშვერდა,ვითომდა, მოვდივარ და
ტყვია არ მომახვედროთო, ვინ უყურებდა იმ საცოდავს, ვინ აგდებდა აინუნში, მაგრამ მაინც მოჩვენებად იქცა, თურმე ომის თუ ჯოჯოხეთის სიმბოლოდ მოევლინა იმ ადგილ- სანახებს, სადაც ყველაზე სასტიკ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. თვალები უსინათლოს თეთრი და ცარიელი ჰქონდა, ის იყურებოდა ყველგან და არსად, და მაინც, ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, თითქოს ყველაფერს ხედავდა. უსინათლო თავისი გრძელი ლაბადითა და ჯოხით ყველგან იყო, ყველგან შეიძლებოდა მისთვის მოგეკრა თვალი- ქუჩებში, პლანტაციების ტევრში, პლაჟზე, ზღვაში გასულ მეთევზეთა ნავებზე, მებრძოლთა გარნიზონებსა თუ გახვრეტილი ყუთებივით დაცარიელებულ სახლებში. არავინ იცოდა, ის აფხაზი იყო თუ ქართველი, სომეხი თუ ბერძენი, თურქი თუ რუსი, მხოლოდ ერთი რამ იცოდნენ: უსინათლო ეძებდა მამას, მოხუც მამას, რომელიც სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა. ომმა დააკარგვინა მამა დ ომისადმი ზიზღი ამოძრავებდა. ის დადიოდა სწრაფად, მოკლე ნაბიჯებს დგამდა და ჯოხით მიწას
სინჯავდა, ასევე სინჯავდა მოკლულ ფრინველს, ნადირის ლეშსა თუ ადამიანის გვამს. გვამი საგულდაგულოდ უნდა გაესინჯა, უნდა ამოეცნო, ვინ იყო და ვისი ტყვიით იყო მოკლული, როგორც კი დარწმუნდებოდა, რომ ცხედარი მამისა არ იყო, დაუყოვნებლივ განაგრძობდა გზას, გაივლიდა მინდვრებს, გადადიოდა ხიდებზე, გადასერავდა ჭალებს, განადგურებულ სანაშენე მეურნეობებსა და სახნავ-სათესებს. ამასობაში ტყვიების ზუზუნიც მოეწეოდა, მაგრამ ნირს არ იხდენდა, იმავე ნაბიჯით მიაბიჯებდა გაურკვეველი მიმართულებით. ხშირად მებრძოლებსაც ეკითხებოდა რუსულად, ჩემი მოხუცი მამა ხომ არ გინახავთო და შესახედაობას აუწერდა.
თოვდა. უზარმაზარ, დათოვლილ მინდორზე უსინათლო მიაბიჯებდა და თავისი გრძელი ლაბადის კალთებს მიაფრიალებდა. დროდადრო ჩერდებოდა, თოვლში მიწას სინჯავდა და მერე გზას განაგრძობდა. მინდვრად დიდი ყვავები დაფრინავდნენ და ხანგამოშვებით თოვლზე სხდებოდნენ. ქარი უბერავდა, დაბლობებში უკვე ქარბუქი ქროდა. ნიკო უყურებდა სწრაფად მოსიარულე უსინათლოს და რაღაც აფიქრებდა. ცოტა ხანში ორმხრივი სროლა უნდა ამტყდარიყო, მამისმაძიებელი კი შუა მინდორს მიჰკვალავდა, მიდიოდა მოკლე-მოკლე ნაბიჯებით, როგორც საფრთხობელა და აფრთხობდა ყვავებს. თოვლი, ყვავები, ვეება თეთრი მინდორი და მოსიარულე საფრთხობელა… შორს ზღვის მწვანე ზოლი მოჩანდა და უმზეო დასალიერი. უსინათლოც იქით მიდიოდა, ჰორიზონტისკენ, იქ ეგულებოდა ყველაფრის მიღმა გასული მამამისი. შუა მინდორს იყო გაცდენილი, სროლა რომ ატყდა. ქარბუქში წუოდა ტყვიები. უსინათლო კი თავაწეული მიდიოდა, არ გაჩერებულა, არ დაცემულა, არც დამხობილა, მიდიოდა და მიდიოდა…
ნიკომ პაუზა გააკეთა. ჭიქა ასწია და მოსვა. ომის დამთავრებამდე კიდევ ბევრჯერ ვნახეო, ამოღერღა. ყველა იცნობდა და არავინ არ ესროდაო. რამდენჯერმე კი ამოიღეს მიზანში, მაგრამ თურმე აღარ უსვრიათ, ეცოდებოდათ. ყველა მებრძოლი ვიღაცას თუ რაღაცას ეძებდა, ამიტომაც თანაუგრძნობდნენ ალბათ ამ მამისმაძიებელ საფრთხობელას.
ნიკომ მომაწოდა თავისი ჩანაწერები და ჩუმად ვკითხულობდი: „არსად იყო ბლინდაჟები, დაცარიელებულ შენობებში შევდიოდით, იქ ვაფარებდით თავს და იქიდანვე ვისროდით. ნაშუადღევს აგუძერასთან ტყვიების წვიმა წამოვიდა. მერე
ტყვიამფრქვევიდან ისროდნენ. დრომ გაიარა და სიწყნარე ჩამოდგა, ოღონდ ისეთი, დაძაბულობა რომ იგრძნობა და გამაყრუებელი ბათქი მოჰყვება. მაგრამ არა! ბათქი არ ისმოდა. შორიახლოს უსინათლო გამოჩნდა. ორი ჩეჩენი „ბოევიკი“ მოსდევდა, ხელისკვრით მოჰყავდათ, „სადაური ხარ, ვინა ხარო“, ეკითხებოდნენ, ის კი ხმას არ იღებდა – მომდურავი სახითა და ცარიელი თვალებით უმზერდა, მერე კი უთხრა:
„უსინათლო ვარ, უსინათლო, მამას ვეძებ, მამაჩემი დაიკარგა.“ ხელი არ უხლიათ, გაუშვეს.