მეგობარს

მეგობარს
მე და ჩემს მეგობარს ერთმანეთი მოგვიკვდა,
არადა ჯერ ძალიან ახალგაზრდები ვართ,
ჯერ კიდევ ვკითხულობთ ერთმანეთის ლექსებს,
დავდივართ დემონსტრაციებზე,
ვყნოსავთ გარეუბნის შენობებს,
და ერთდროულად ვუჩინარდებით მეტროს გვირაბში,
როგორც ასანთის ღერები, ღამის ქალაქში,
მაგრამ ვგრძნობთ მომხდარ ცვლილებას,
და მდუმარედ ვიწყებთ ერთმანეთის გლოვას,
იქნებ კითხვები დაგვესვა,
გვესაუბრა გამომწვევ მიზეზებზე,
გამოსავლის გზები აღმოგვეჩინა.

როგორ ვატარო,დარჩენილი ცხოვრება მისი მსუბუქი სხეული,
რაზე ვესაუბრო,
ხსოვნის რომელ უფსკრულში გადავისროლო,
როგორ დავივიწყო,
როგორ არ მექცეს მისი გლოვა ჩვევად,
როგორ გავუშვა შუა ზღვაში,
როგორ გავათავისუფლო ჩემი სიყვარულისგან,
სად დავკრძალო მოგონებათა გრძელი ჯაჭვი,
ისე, რომ არსად აღარ წამომედოს ფეხებში,
არცერთმა ქუჩამ აღარ გამახსენოს მისი თავი,
როგორ გავხდე გულგრილი,
როგორ მოვიქცე, როცა სადმე გადამეყრება,
არადა, ჯერ ძალიან ახალგზარდები ვართ იმისთვის,
რომ მდუმარედ ვიგლოვოთ ერთმანეთი,
და გავავლოთ საზღვრები,
ადამიანებს,
ლექსებს და
მოგონებებს შორის.

 

 

 

1 2 3 4 5 6