მორიგი

 

ესეც მორიგი იმედგაცრუება.
დიდხანს ელოდი, ანკესით ხელში,
მაგრამ მდინარეს, თვალი არ შეუვლია,
ისე ჩაგიქროლა, ყოველ ჯერზე,
თავის გზას დაადგა,
და რაც ქონდა საიმედოდ ჩამალა ფსკერზე,
გაიყოლა შენი საუკეთესო მოგონებები.
მეგობრები.
ლექსები.
გაიყოლა საყვარელი ქალის სურნელი,
რომელიც ზაფხულის ქალაქში,
ერთადერთი იყო, რაც მისგან დაგრჩა,
ესეც ალბათ შემთხვევით მოხდა, ფიქრობ,
რადგან ჩქარობდა,
ერთი სული ქონდა თავი დაეღწია შენი სიყვარულისთვის,
ის წინდახული ქალია,
იცის როგორი საშიშია ფესვების გადგმა სხვის სხეულში,
მან დაინახა როგორ ჩაეჭედა თქვენი ფიქრები ერთმანეთს,
როგორ იფეთქა სიხარულმა მზის ჰორიზონტზე,
როგორ ინათა ვარსკვლავებიან ცაზე თქვენმა თვალებმა,
რას გრძნობდი, როცა უკანასკნელად გეძინა მასთან
როგორი იყო თქვენი სიზმრები
გქონდა რაიმე წინათგრძნობა
რას ეტყოდი ახლა, როცა ნელ-ნელა გაგიარა,
სიყვარულის გამაბრუებელმა ტკივილებმა
როგორ იცხოვრებ მომავალში
გჯერა რომ რომელიმე სინათლის წელიწადში
ისევ შეეჯახებიან თქვენი ნაწილები ერთმანეთს
და თუ ასეა, რომელი ნაწილი იქნება ეს
ან სად მოხდება,
იქნებ ჩრდილოეთის ციალის დროს
ან სამხრეთ პოლუსზე
ან უფრო მეტიც
გალაქტიკის უსასრულო მოძრაობაში
რა არის მარადიული
რაც საკუთარ თავთან გაკავშირებს
სად უჩინარდებიან მდინარეები
რომლებმაც თვალი აგვარიდეს
დაადგნენ გრძელ გზას და გაიყოლეს ჩვენი საუკეთესო
მოგონებები
მეგობრები
ლექსები
???????

ესეც მორიგი იმედგაცრუება.
ერთადერთი რაც მათგან დაგრჩა.

 

 

1 2 3 4 5 6