***

რისთვის ამზადებ საკუთარ სხეულს ყოველდღიურად?
დილის სუსხიდან შეღამებამდე მას ეკუთვნი,
მისი პირადი საკუთრება ხარ,
როგორც რამდენიმე კვადრატული მიწა გარეუბანში,
რომელშიც ადრე ალუბლის ბაღი ყვაოდა,
და შენც გაგჩეხეს,
გადაგავიწყდა, ვინ იყავი,
რა გიყვარდა, რა სურვილები გქონდა,
ღიმილი – ტანზე შემხმარი ფოთლები,
ისე შეგეზარდა, ვერ იშორებ,
და მერე ამაზე ისტერიულად გეცინება,
გინდა თავი შეიკავო, უხერხულია,
მომხმარებელი შენგან აქტის აღსრულებას ელოდება,
კამერები თვალგაფართოებულები დაგყურებენ,
მაგრამ შენ უკვე ვეღარაფერი გაგაჩუმებს,
კედლებიდან ბათქაში იწყებს ჩამოცვენას,
ონკანები სკდება,
წყალში ტივტივებს კაპიტალიზმის ღვთაებრივი ნაშიერი,
სხეული გენრევა,
როგორც ავარიული შენობის საძირკველი,
და მთელს ქალაქში, ექოსავით დაძრწის შენი შემაძრწუნებელი სიცილის ხმა,
უბედური შემთხვევა და წუთიერი დუმილი დარჩება შენგან,
რაზე იფიქრებ, როცა გლოვის დღეებს მოგიწყობენ?
რისი თქმა გენდომება?
ვინ მოგისმენს?
როგორ აისახება შენი შემთხვევა კომპანიის გაყიდვებზე?
ვინ მოიხსენიებს შენს სახელს დილის ლოცვებში?
შენ ხომ არაფერი შეგიწირავს უბნის მთავარი კომერციული დაწესებულებისთვის,
რისთვის ამზადებდი საკუთარ სხეულს ყოველდღიურად?.
რა გსურდა?
რა გეგმები გქონდა?
ვინ გელოდებოდა სახლის კართან?
რაზე ფიქრობდი იმ დღეს?
როგორი იყო შენი კანის ფერი?
წუთიერი დუმილი და უბედური შემთხვევა – ხმელი ტოტების ტყე,
მიწას გული ერევა.
გული ერევა მიწას.
მიწა ხმელ ტოტებზე სტატისტიკის კვალს შლის.

 

1 2 3 4 5 6