სახლი

 

ეს სახლი მძულს –

მძულს მისი ბარბაცი  მორყეულ საძირკველზე,

ნესტის სუნი,

დაბალი ჭერი,

ბნელი ოთახები.

მაგრამ ყოველ აგვისტოს ვაკითხავ,

მარიამობას,

და ერთი კვირით ვრჩები მასში.

მიყვარდა,

ვიდრე  ზურგი და თვალები

ჩამოეშლებოდა,

ვიდრე დერეფნის ვიწრო, გრძელ ტახტზე მამაჩემი მოუკვდებოდა.

იმ ღამის მერე

ოცდაათი წელია უძრავად დგას დერეფანში

ტახტი – კუბო,

ახდიდა  ბებიაჩემი თავს, ამოაძვრენდა ჭანჭურის ტყემალს,

კუბოდან ამოღებული საჭმლის გემო იცი როგორია?

თქვენ მეკითხებოდით –

რატომ მძულს ჩემი სახლი.

 

1 2 3 4