* * *

როცა მოკლე კაბები აღარ მომიხდება,

როცა განიერ ტანსაცმელს ვიყიდი,

რომელიც აღარასოდეს გადაკვეთს თეძოს, მკერდის, წელის ხაზს,

როცა საფეთქლებთან შუბლი შემიმაღლდება,

და თმის ცვენა დაუსრულებელ შემოდგომას,

ჭაღარა – გრძელ ზამთრებს დაემსგავსება,

როცა თვალის ბუდეები ამომიტრიალდება,

და შიგ მოფართხალე ჩიტების ჟივჟივი შეწყდება,

როცა ხმის სიმებზე ჟანგის მარჯნები გამომაყრის,

და დამავიწყდება ღიმილს რა ჯადოში ვაზავებდი,

როცა ცაში ვეღარ ავწევ ხელებს კაბის გასახდელად,

მაშინ

დამჭკნარ მკლავებს ყვავილებივით ჩავილაგებ გვერდებში და გარდავიცვლები.

 

 

1 2 3 4