პეტრე-პავლობა –  მოციქულების მარხვა, მეთევზეების მარხვა

 

ყოველთვის

როცა პეტრე-პავლობის  მარხვა იწყება

მე ისინი მახსენდებიან –

რეზო და გივი,

ორი ლოთი,

ორი მეთევზე

წყლის ჯადოქარი,

წვიმისა და ქარიშხალის დამყუდებელი,

მტკვრის თავდაღმა მადინებელი,

ორი მეთევზე,

ორი ლოთი –

მამაჩემის ძმობილები,

ერთადერთი მომგონებლები.

მარტო ამათ არ დაუშრათ თვალში ცრემლი,

არ  დაელიათ მოსაყოლი,

ჯიბეში – ხურდა

და კანფეტი

ჩემთვის  და ჩემი ორი ძმისათვის…

ფიჭვის სუნიან ნავში ჩამსხდრებს

მუხლებზე ქალის კაბებივით უფენიათ ბადეები,

ხელისგულებს  ოდნავ ახებენ,

ვიდრე ფეხზე წამოდგებიან

და  

წყლის შუაგულს თოფებივით

დაუმიზნებენ

ვიდრე  გაშლიან ჩუმი შრიალით  

და ფრთებივით მოიქნევენ.

 

 

1 2 3 4