კაპელდინერი 

ადრე თუ გვიან, დამიჯერე, სიტყვაზე მენდე,
წამოიჩოქებს გაჭირვების აქლემი კართან…
ასე იქნება სახვალიოდ, ასეა დღემდე,
გუშინაც ასე ჩამოეშვა წითელი ფარდა
და მერე კვამლით ამოივსო მთელი ფოიე,
მთელი ფოიე ამოივსო მერე ყაყანით,
იყო ერთგვარი ქაოსი და ეიფორია,
ფეხზე ძლივს იდგა ერთი კაპელდინერთაგანი,
მოხუცი კაცი… ოცდაათი წელი თეატრში
დგას ასე დინჯად, მომლოდინედ, ხანდახან უბრად,
რიგსა და სექტორს ერთი ხელის მოსმით შეარჩევს,
იქვე, გულწრფელად გაუღიმებს თეატრის სტუმრებს,
მიხურავს კარს და სანამ მოვა რიგით პირველი
ანტრაქტი, მანამ რეკვიზიტორს ესაუბრება,
თუ მარტო არის, განა რაა გასაკვირველი,
ამ დროს თავისთვის წაიმღერებს: ეს ალუბლები
რამ დამავავიწყოს… ლადო უყვარს, ასათიანი,
დგას ასე დინჯად, უასანთოდ, ხელში-ასტრათი,
ნეტავ გამოჩნდეს კაცი, ვინმე, ასანთიანი,
რომ სიგარეტზე მოუკიდოს, სანამ ანტრაქტის
ზარი დარეკავს და ფოიეს გაავსებს კვამლი,
გაავსებს კვამლი და ყაყანი მომცრო ფოიეს,
ეს იყო გუშინ, არის დღეს და იქნება ხვალე,
ხალხი, ქაოსი, ხმაური და ეიფორია.
ადრე თუ გვიან, დამიჯერე, სიტყვაზე მენდე,
წამოიჩოქებს გაჭირვების აქლემი კართან,
ასე იქნება სახვალიოდ, ასეა დღემდე,
გუშინაც ასე ჩამოეშვა წითელი ფარდა…

 

 

1 2 3 4 5 6