* * * 

ქუჩა. სიცივე. საღამო. მარტი.
სარკმლიდან ისმის ედიტ პიაფის
Milord და მოსჩანს ღვინის აღმართი,
არც ისე მოკლე, მე კი იაფად
მინდა გამოვძვრე ისე, რომ დავთვრე,
თან წავიხემსო, მაგრამ გროშებად,
ან მიათვალოს ნისიის დავთრებს,
ბარის მფლობელმა-წითელქოშებამ,
რომელსაც უკვე წლებია ვიცნობ,
რომელიც უკვე მიცნობს წლებია,
ჩვენი ნახვისას იფიქრებთ, ვინძლო
ძმადნაფიცები ეგებებიან
ერთი-მეორეს, ასი წლის შემდეგ,
არ დაგჭირდებათ დიდი მისნობა…
ვიცნობ სუყველას ქვეშევრდომს, ზემდეგს,
რაც მთავარია, თავად მიცნობენ.
ვჯდები, ვუკვეთავ ჯერ ჭიქა აბსენტს,
მიმტანსაც მოაქვს მცირედი ხემსით,
არა მგონია დათრობა ამცდეს,
ძაღლის ნაკბენზეც ექიმმა ნემსი
რაც გამიკეთა, მას მერე თითქმის
ხუთი ან ექვი თვეა გასული,
პირველი ყლუპიც ისეა თითქოს,
პირველად ვსვამდე, ვითომ ზრდასრული,
ახლაღა გავხდი და თქვეს მშობლებმა:
დღეიდან ცოტას თუ დალევ, კარგი,
სასმელი ვერ კლავს დარდს და პრობლემებს,
ბევრის დალევა არაფერს გარგებს,
სასმელს თან ახლავს ხმაური, ჩხუბი,
ერთობ უმიზნო აყალ-მაყალი…
სასმელმა იცის სითხელე უბის,
სასმელმა იცის წნევა-მაღალი,
უკვე მესამე ჭიქაზე ვხვდები,
ორად ვუყურებ კედლის გობელენს,
ვიცი, მშობელი არასდროს ცდება,
მაგრამ არასდროს გვესმის მშობლების,
არა მგონია, დათრობა ამცდეს,
Milord და მოსჩანს ღვინის აღმართი
და ვუსმენ პიაფს, ვუკვეთავ აბსენტს,
ქუჩა. სიცივე. საღამო. მარტი…

 

 

 

1 2 3 4 5 6